ბრძანება N 3375

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.02.2024
№ დოკუმენტი 3375
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3375

19 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ ------)

(მის.: --------)

2022 წლის 16, 30 აგვისტოს, 2023 წლის 20 აპრილის და 2024 წლის 11 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ -------ს (ს/ნ -----) 2022 წლის 16 აგვისტოს №73844/1/2022, №128367 (რეგ. №148919/21), 30 აგვისტოს №129294 (რეგ. №157450/21), 2023 წლის 20 აპრილის №80455/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №081-122 საგადასახადო მოთხოვნასთან და 2024 წლის 11 იანვრის №86695/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 დეკემბრის №081-314 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. ამასთან, განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული საბოლოო სმფ-ების ნაშთი და ფასნამატი გავრცელებულია მთლიან შეძენაზე. გარდა ამისა, ფასნამატი გავრცელებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზეც.

ამასთან, 2024 წლის 11 იანვარს წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6368 და 29 აპრილის №10916 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ი/მ -------ს (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 13 ივლისის №18417 ბრძანება და ამავე თარიღის №081-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 297 365 ლარი, მათ შორის, გადასახადი 185 133 ლარი, ჯარიმა 86 130 ლარი, საურავი 26 101 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ -------ს (ს/ნ ------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 9 იანვრის №20175/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 9 იანვრის №20175/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეორადი საბურავების რეალიზატორების აუდირებული მონაცემები. კერძოდ, გამოკვლეულ იქნა რამდენიმე კომპანიის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოძიებულ იქნა მეორადი საბურავების სარეალიზაციო მონაცემები. აღნიშნული მონაცემების შესწავლისა და დამუშავების შედეგად გაანგარიშდა მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასები საცალო მიწოდებისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა დასკვნა გადაანგარიშების შესახებ, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას (საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი აუდირებული საშუალო (საცალო) სარეალიზაციო ფასმა მეორად საბურავზე შეადგინა 61 ლარი).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების საგადასახადო შემოწმება, რა დროსაც გამოვლენილია განსხვავებული ფასნამატები. მათ შორის, მომჩივნის მიმართ გავრცელებულ ფასნამატთან შედარებით ნაკლები.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა მეორადი საბურავების შეძენა რეალიზაცია, როგორც საცალო ასევე საბითუმო. საბურავების იმპორტი ხორციელდება -------დან. შეძენის დოკუმენტებში (ინვოისები) საბურავები ასახულია რაოდენობრივად, შესაბამისად არაა განსაზღვრული საბურავების ზომები და ხარისხები. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არაა წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და სასაქონლო მატერიალური მარაგების მოძრაობის ცხრილები. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საბურავების ფაქტობრივი ნაშთების ინვენტარიზაცია, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა საბურავების რაოდენობრივი ნაშთი.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით და დასაბეგრი შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების მიერ მეწარმის საბურავების საცალო სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფაქტობრივად არსებული საბურავების სარეალიზაციო ფასების საფუძველზე, შედეგად საშუალო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 41 ლარი დღგ-ის გარეშე (ფასნამატის კუთხით აღნიშნული ფასები მერყეობს 100%-ის ფარგლებში). გარდა ამისა: 1) შემოწმებამ შეისწავლა ის სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც გამოწერილია ფ/პ --------ს მიერ „საცალო“ რეალიზაციაზე მცირე რაოდენობით (აღნიშნული ანალიზით საცარო სარეალიზაციო ფასმა შეადგინა 66 ლარი). 2) შესწავლილია სხვა ანალოგიური საქმიანობის მქონე პირების ფასნამატები და საბურავების საშუალო სარეალიზაციო ფასები, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი სარეალიზაციო ფასები აღემატება ინვენტარიზაციის მასალებში დაფიქსირებულ ფასებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ გამოვლენილი რეალიზებული საბურავების რაოდენობის და ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი სარეალიზაციო ფასი - 41 ლარის საშუალებით გაანგარიშებულ იქნა მეწარმის დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისად გაიზარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 ივნისის №13552 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 30 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 32 094 ლარი, მათ შორის, გადასახადი 21 419 ლარი და ჯარიმა 10 674 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 13 დეკემბრის №081-314 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეორადი საბურავების რეალიზატორების აუდირებული მონაცემები, კერძოდ გამოკვლეულია რამოდენიმე კომპანიის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოძიებულია მეორადი საბურავების სარეალიზაციო მონაცემები. აღნიშნული მონაცემების შესწავლისა და დამუშავების შედეგად გაანგარიშდა მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასები საცალო მიწოდებისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა დასკვნა გადაანგარიშების შესახებ, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას. (საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი აუდირებული საშუალო (საცალო) სარეალიზაციო ფასმა მეორად საბურავზე შეადგინა 61 ლარი).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მეორადი საბურავების ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე პირველ ეტაპზე ხდება იმპორტირებული საქონლიდან რეალიზება - საშუალო ხარისხის დაბალი სარეალიზაციო ფასიანი მეორადი საბურავების, საქონლის ნაშთად კი რჩება უკვე უკეთესი ხარისხის და შესაბამისად მაღალ ფასიანი საქონელი. ინვენტარიზაციის შედეგად დაფიქსირებული მაღალი ფასნამატის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც ზუსტად ამით არის განპირობებული. ამასთან, არასამართლიანია ინვენტარიზაციის ფასნამატის (ფასის) გავრცელება წინა საანგარიშო პერიოდებზეც, ვინაიდან არ იძლევა რეალურ სურათს, იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ 2022 წლის დასაწყისში, როდესაც ინვენტარიზაცია ჩატარდა მკვეთრად იყო უკვე გაზრდილი საქართველოში ყველა საქონელსა, თუ მომსახურებაზე ფასები, რამაც შესაბამისად იძულებული გახადა გაეზარდა სარეალიზაციო ფასები მეორად საბურავებზეც საშუალოდ 20%-30%-ით იმის გამოც, რომ გაიზარდა თავად -------ში მეორადი საბურავების ფასები, ასევე გაიზარდა სატრანსპორტო გადაზიდვის ხარჯებიც. გარდა ამისა, დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 43%-ს და უფრო რეალური იქნება თუკი გავრცელდება დოკუმენტური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასი, რომელიც შეადგენს 30,32 ლარს (ერთეული საქონლის სარეალიზაციო ფასები მერყეობს 20 ლარიდან 309 ლარის ჩათვლით), ნაცვლად ინვენტარიზაციით დადგენილი 41 ლარისა. მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლის გაანგარიშებისას რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე (რაოდენობაზე) გაავრცელოს დოკუმენტური ფასნამატი (ფასი), ნაცვლად ინვენტარიზაციის ფასნამატისა (ფასისა) და გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით გაასწოროს ტექნიკური შეცდომები.

 2024 წლის 11 იანვარს წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საწყისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი იყო 0 ერთეული, სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად იმპორტირებული მეორადი საბურავების რაოდენობამ შეადგინა 25 696 ცალი საბურავი, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 7 886 ერთეული საბურავი, 2022 წლის 18 მარტის მდგომარეობით კი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილმა საბოლოო ნაშთმა რაოდენობრივად შეადგინა 7 436 ცალი საბურავი. აქედან გამომდინარე რეალიზებულმა პროდუქციის რაოდენობამ შესამოწმებელ პერიოდში შეადგინა 18 260 ცალი საბურავი, საიდანაც სასაქონლო ზედნადებებით გაყიდულია 7 886 ცალი მეორადი საბურავი (დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან გაყიდვებში აღემატება 43%-ს). ამრიგად, ერთეულის საშუალო თვითღირებულება არის 26 ლარი, დოკუმენტური საშუალო სარეალიზაციო ფასი 30,32 ლარი (ანუ საშუალო დოკუმენტური ფასნამატია 17%). დოკუმენტური რეალიზაციის ხვედრითი წილია 43%. აუდიტორს საშუალო სარეალიზაციო ფასი მიყენებული აქვს 72 ლარი ანუ გავრცელებული ფასნამატია 176%, რაც რეალობას არ შეესაბამება. შესაბამისად, უნდა მოხდეს დოკუმენტური ფასნამატის (ან ერთეულის საშუალო ფასის) გავრცელება ან, უკიდურეს შემთხვევაში, აუდირებული 30%-იანი ფასნამატის გავრცელება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------- (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს. ამასთან, განმარტავს, რომ არ არის გათვალისწინებული საბოლოო სმფ-ების ნაშთი და ფასნამატი გავრცელებულია მთლიან შეძენაზე. გარდა ამისა, ფასნამატი გავრცელებულია დოკუმენტურ რეალიზაციაზეც.

ამასთან, 2024 წლის 11 იანვარს წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მეორადი საბურავების რეალიზატორების აუდირებული მონაცემები, კერძოდ გამოკვლეულია რამოდენიმე კომპანიის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მოძიებულია მეორადი საბურავების სარეალიზაციო მონაცემები. აღნიშნული მონაცემების შესწავლისა და დამუშავების შედეგად გაანგარიშდა მეორადი საბურავების სარეალიზაციო ფასები საცალო მიწოდებისას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ აუდირებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა დასკვნა გადაანგარიშების შესახებ, რომლის საფუძველზეც დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას. (საგადასახადო შემოწმების მიერ გამოვლენილი აუდირებული საშუალო (საცალო) სარეალიზაციო ფასმა მეორად საბურავზე შეადგინა 61 ლარი).

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს ამავე დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით, კერძოდ, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ გადამხდელებთან დადგენილი ფასნამატით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა"), 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"),158(1), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").