„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 254
2019 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი (დანართი №1).
2. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი (დანართი №2).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
დანართი №1
საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
2. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, საბაჟო სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების, მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის, აგრეთვე საბაჟო სამართალდარღვევაზე დავის შემთხვევაში დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანმდევ პროცედურებს.
3. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით (დანართი №1-01) ან საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №372 - ვებგვერდი, 06.12.2019წ.
მუხლი 2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი
1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს (შემდგომში – ოქმი) ადგენს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი.
2. ოქმს აქვს ინდივიდუალური ნომერი და შესაძლებელია შედგეს წერილობითი (რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას) ან ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.
3. წერილობითი ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საბაჟო ორგანოს, ხოლო მეორე ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ელექტრონული ფორმით ოქმი დგება ერთ ეგზემპლარად და ბარდება/ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს.
4. სამართალდამრღვევი პირისათვის ოქმის ჩაბარება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს. დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და გაგზავნა სამართალდამრღვევი პირისათვის. ამასთან, დასაშვებია ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმის ამობეჭდვა და ჩაბარება სამართალდამრღვევი პირისათვის, თუ იგი ესწრება მის შედგენას.
5. თუ სამართალდამრღვევი პირი ესწრება ოქმის შედგენას, მას დაუყოვნებლივ წარედგინება ოქმი გასაცნობად. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას.
6. როდესაც სამართალდამრღვევი პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
7. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა.
8. ოქმში აღნიშნება:
ა) ოქმის დასახელება;
ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;
გ) ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი;
დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ე) საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი;
ვ) შეფარდებული საბაჟო სანქციის სახე და ოდენობა.
9. საბაჟო სანქციის შეფარდების საკითხის გადაწყვეტისას, ოქმის შემდგენელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის/საბაჟო ღირებულების/სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის მიზნით.
10. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენელი პირი (გარდა ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმისა), სამართალდამრღვევი ან მისი წარმომადგენელი (თუ ისინი ესწრებიან ოქმის შედგენას), აგრეთვე მოწმეები მათი არსებობის შემთხვევაში. ელექტრონული ფორმით შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ელექტრონული ხელმოწერით, რომელიც არის მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე.
11. წერილობითი ოქმი ივსება მუქი ფერის ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის ფორმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და ჩამოიწერება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
12. საბაჟო ორგანო საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 3. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვა
1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმე განიხილება და პირს საბაჟო სანქცია შეეფარდება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.
2. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პირს საბაჟო სანქცია შეეფარდება შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
3. საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე და 168-ე მუხლების შენიშვნებითა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირს საბაჟო სანქცია შეეფარდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსათვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გამოცემული საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 19 მაისის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 22.05.2023წ.
მუხლი 4. საბაჟო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების პროცედურები
1. თუ საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება, რომლითაც პირს საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა, ან საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პირი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა შესაბამისი საბაჟო სანქციისაგან, პირი უფლებამოსილია, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით განცხადებით მიმართოს საბაჟო ორგანოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთოდეს დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
2.საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებას.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საბაჟო ორგანო ადგენს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დასრულებულია თუ არა განკარგვის პროცედურები და იმ შემთხვევაში, თუ:
ა) საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე დასრულებულია განკარგვის პროცედურები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/346 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს ამ პროცედურების შეჩერების ან შედეგების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ უბრუნდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო ორგანოს წერილობითი მიმართვით წარდგენილი საბაჟო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბრძანების შესაბამისად, საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დასრულებული განკარგვის პროცედურები, პირს უბრუნდება ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №205 - ვებგვერდი, 31.08.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 19 მაისის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 22.05.2023წ.
მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას და აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა დაუძლეველ ძალად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე პერიოდში შემოყვანილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3- ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისაგან, თუ იგი 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტში მის დეკლარირებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა).
2.უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებით შექმნილი საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი და, თანმხლები დოკუმენტების შესაბამისად, უკრაინის დანიშნულებით გადასაადგილებელი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი, რომელიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება (სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვა) განხორციელებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში ან/და ექსპორტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებულია 2022 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე პერიოდში და პირი უზრუნველყოფს აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დეკლარირებული ექსპორტის პროცედურის ან რეექსპორტის დასრულებას ან სხვა საბაჟო პროცედურაში მოქცევას 2022 წლის 1 სექტემბრამდე.
საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხებების გათვალისწინებით, რაც, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, ექსპორტის/ტრანზიტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქონლისა და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგში“ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენას/გამოცხადებას, 2023 წლის 20 იანვრამდე თავისუფლდება აღნიშნული საქონლის წარდგენისა და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 17 მარტის ბრძანება №78 - ვებგვერდი, 18.03.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 13.05.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №191 - ვებგვერდი, 20.08.2020წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 25 თებერვლის ბრძანება №39 - ვებგვერდი, 26.02.2021წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 5 აპრილის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №382 - ვებგვერდი, 22.11.2022წ.
დანართი №1-01
შემოსავლების სამსახური
---------------------------------------
(საბაჟო ორგანოს დასახელება)
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი
სერია. . . . . №000000
1, ______________________________________________ 2, _____________________________________
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო) (ოქმის შედგენის ადგილი)
3, _____________________________________________________________________________________
(ოქმის შემდგენელი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი)
3, _____________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________
(საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი)
_______________________________________________________________________________________
5. სამართალდამრღვევი პირი: ______________________________________________________________
(სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი)
6. შეფარდებული საბაჟო სანქცია: ___________________________________________________________
(საბაჟო სანქციის სახე ან/და ოდენობა)
7. ოქმის შემდგენელი პირი :________________________________________________________________
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
8. სამართალდამრღვევი პირი: ______________ _______________________________________________
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
9. მოწმე: ______________ _____________________________________
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
10. ჩავიბარე ოქმი: ____________________________________________
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა)
11. შენიშვნები და განმარტებები:__________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ოქმი სამართალდამრღვევ პირს წარედგინება როგორც „საგადასახადო მოთხოვნა“, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში
_____________________________________________________________________________________
(მისამართი)
დამკვეთი:
დამამზადებელი:
სფს-ს რეგისტრაციის №
დანართი №2
საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი
მუხლი 1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა
1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.
2. უზრუნველყოფის ღონისძიება ხორციელდება სამართალდარღვევის საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
3. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ:
ა) სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები;
ბ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტის საფუძველზე სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირები;
გ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე და 168-ე მუხლების შენიშვნებითა და 173-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირები.
4. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას.
5. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №372 - ვებგვერდი, 06.12.2019წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 19 მაისის ბრძანება №167 - ვებგვერდი, 22.05.2023წ.
მუხლი 2. უზრუნველყოფის ღონისძიება
1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:
ა) სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა;
ბ) უზრუნველყოფის ღონისძიების მიქცევა სამართალდამრღვევი პირის კუთვნილ, მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ქონებაზე;
გ) გარანტიის მიღება.
2. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გათვალისწინებით, შეცვალოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სხვა ღონისძიებით ან დამატებით გამოიყენოს ახალი უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სამართალდამრღვევ პირს.
მუხლი 3. სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა
1. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება არის სამართალდამრღვევი პირის ქონება ან/და სამართალდარღვევის ობიექტი.
2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას ოქმის შედგენის გზით ახორციელებენ:
ა) სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირები, რომლებსაც შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საბაჟო ორგანოს უფროსი ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებათა აღსასრულებლად.
3. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევისას უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოვალეა წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები (საბაჟო ორგანოს უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა).
4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა წარმოებს დამსწრეთა (მოწმეთა) და იმ პირის თანდასწრებით, რომლის მიმართაც წარმოებს ჩამორთმევა. ჩამოსართმევი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება წარედგინება დამსწრეებს და სხვა იქ მყოფ პირებს და აღინიშნება ჩამორთმევის ოქმში ან მასზე თანდართულ ჩამონათვალში მათი დასახელების, რაოდენობის, მოცულობისა და განსაკუთრებული ნიშნების აღნიშვნით.
5. ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაილუქოს ჩამორთმევის ადგილზე ან/და განხორციელდეს მათი ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დალუქვა შემდგომში ჩამორთმევის მიზნით დაუშვებელია.
6. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის დრო და ადგილი; ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის და აგრეთვე ოქმის შედგენისას დამსწრე პირების დასახელება; ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დასახელება მისი სახეობისა (საიდენტიფიკაციო მარკირების, ნომრის) და რაოდენობის ჩვენებით; გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებები; საწყობის ან იმ პირის დასახელება, ვისაც საქონელი გადაეცა შესანახად და აგრეთვე ის, რომ საქონლის შემნახველს განემარტა მისი მოვალეობანი საქონლის შენახვისათვის და პასუხისმგებლობა შესანახად გადაცემული ქონების გაფლანგვის, გასხვისებისა და გადამალვისათვის. საქონლის ჩამორთმევის ოქმს ხელს აწერენ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ქონების შემნახველი და მის შედგენაზე დამსწრე სხვა პირები.
7. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ჩაჰბარდება სამართალდამრღვევ პირს, ვისაც ჩამოერთვა საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ოქმის მეორე ეგზემპლარი თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას.
8. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად უკვე ჩამორთმეულია სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად, სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა ხორციელდება აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ გადაწყვეტილების გაფორმებით.
9. ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხდება საწყობში, ხოლო დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია შესანახად სხვა პირისათვის მიბარება. სხვა პირთან შენახვისას იგი იღებს გასამრჯელოს დადგენილი წესის შესაბამისად. გარდა ამისა, შემნახველს აუნაზღაურდება საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯები. სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განუმარტოს შემნახველს, რომ შესანახად გადაცემული პროდუქციის გაფლანგვის, გასხვისების ან გადამალვის შემთხვევაში მას დაეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხორციელდება სანამ:
ა) სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას, ან
ბ) მის მიმართ გამოყენებულ იქნება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ან
გ) ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, უზრუნველყოფის ღონიძიების სახით, სამართალდამრღვევი პირის მიერ წარმოდგენილი იქნება გარანტია, ან
დ) საქმის განხილვის შედეგების მიხედვით:
დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას მოახდენენ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან დაუბრუნებენ საქონლის მფლობელს;
დ.ბ) სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში მოახდენენ რეალიზაციას.
მუხლი 4. უზრუნველყოფის ღონისძიების მიქცევა სამართალდამრღვევი პირის კუთვნილ სხვა ქონებაზე
1. იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად სხვა ღონისძიების გამოყენება შეუძლებელია და არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულებას, შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის კუთვნილი, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და შესანახად გადაცემა ხორციელდება ოქმის შედგენით, ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
3. თუ არსებობს სამართალდამრღვევი პირის მიერ სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის სახით საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტია ან აღნიშნულ პირს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტად გადახდილი იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების თანხა, შესაძლებელია საბაჟო სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნეს აღნიშნული თანხების უკან დაბრუნების პროცედურების შეჩერება.
4, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერება განხორციელდება სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებითა და საგადასახადო ორგანოებისათვის, აგრეთვე საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფულადი დეპოზიტის შენახვის განმახორციელებელი პირებისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნით.
მუხლი 5. გარანტიის მიღება
1. სამართალდამრღვევი პირის თხოვნით, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებების ნაცვლად შესაძლებელია სამართალდამრღვევი პირის მიერ სხვა გარანტიის (თავდებობა, საბანკო გარანტიის, დაზღვევის პოლისის ან სახელმწიფო ხაზინაში დეპოზიტის შეტანის თაობაზე ცნობის) წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული საბაჟო სანქციის მაქსიმალური ოდენობით.
3. გარანტიის წარდგენის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს ეძლევა შესაბამისი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაფორმების ან/და გადაადგილების უფლება.
4. სამართალდარღვევისთვის შეფარდებული საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გარანტიის წარდგენა არ იწვევს სამართალდამრღვევი პირის გათავისუფლებას სხვა ვალდებულებისგან
ან/და შესაბამისი გარანტიების წარდგენის ვალდებულებისაგან.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე