გადაწყვეტილება №18541/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18541/2/2022
11 ივლისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 27.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18541/2/2022).
დავის საგანი:
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №006-145 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32128 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 56 453.84 ლარი
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
2022 წლის 7 ოქტომბერს შპს „------------“-ის მიერ №------------ საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საქონლის შემოტანამდე დეკლარირებულ იქნა 175 539.66 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (---------- ნახევარფაბრიკატი). ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი 2022 წლის 13 ოქტომბერს №------------ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „-------------“ გავლით, სადაც დეკლარაციის დამუშავების გარეშე დარეგისტრირდა №--------------აღრიცხვის მოწმობა და შემდგომი კონტროლის განხორციელების მიზნით საქონელი გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „------------“-ის დანიშნულებით.
შპს „-----------“-ის წარმომადგენლის 2022 წლის 18 ოქტომბრის №-------------- განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „-------------“-ისა გამოცხადდა ------------- მდებარე „შპს ------------“ საწყობში, სადაც განხორციელდა იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის განკარგვა. 2022 წლის 19 ოქტომბერს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „--------------“-ის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, 2022 წლის 19 ოქტომბრის №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 31 597.14 ლარის ოდენობით. ამასთან, 2022 წლის 19 ნოემბერს გამოიცა №EL11116/26 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ 31 597.14 ლარი და საურავი 94.8 ლარი საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქმის გარემოებათა დამატებითი შესწავლისას დადგინდა, რომ ვინაიდან შპს „------------“-ის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად ფაქტობრივად განთავსებული საქონელი ვერ იქნა იდენტიფიცირებული №------------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელთან, არ იქნა გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი. შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 10 ნოემბრის №28252 ბრძანებით შპს „--------------“-ის მიმართ 2022 წლის 19 ოქტომბერს შედგენილ №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფაში („შეფარდებული საბაჟო სანქცია“) მითითებული ჯარიმის თანხა 31 597.14 ლარი შეიცვალა 56 453.84 ლარით, ხოლო იმავე დღეს გამოცემული №EL11116/26 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული დღგ-ის თანხა 31 597.14 ლარი შეიცვალა 35 388.84 ლარით, საურავის თანხა 94,8 ლარი შეიცვალა 169.36 ლარით. ამასთან, დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახადი 21 065 ლარი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 21.12.2022 წლის №32128 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს და თვლის, რომ სანქციის დარიცხვა მოხდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შემდეგი გარემოებების გამო:
2022 წლის 7 ოქტომბრის №------------- საქონლის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, წინასწარ დეკლარირებული იქნა იმპორტირებული ტვირთი,-----------გაყინული ხორცი. ტვირთი შემოტანილ იქნა ---------- ------------, გადამზიდავი კომპანია შპს „,------------“ მიერ. ტვირთმა საქართველოს საბაჟო საზღვარი გადმოკვეთა ----------- საბაჟო გამშვები პუნქტიდან და ექსპედიტორმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლისგან მიიღო კონსულტაცია, რომ ტვირთის გაფორმება უნდა მომხდარიყო -----------, რის გამოც გაფორმების პროცედურების გავლის გარეშე, ტვირთი ჩამოვიდა -----------. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, ---------------,არ არის საქართველოს მოქალაქე და არ საუბრობს ქართულ ენაზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის განმარტება მის მიერ აღქმული იქნა იმგვარად, რომ ტვირთი უნდა მიეტანა არა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, არამედ კომპანიის საწყობში, სატრანსპორტო დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე, ქ.------------ ტრანსპორტირება დასრულდა 2022 წლის 13 ოქტომბერს, გვიან ღამით, კომპანიის საწყობში. გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლმა მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და თავისი ქმედების შესახებ არ აცნობა არც გადამზიდ კომპანიას და არც შპს „------------“-ის წარმომადგენლებს, საწყობში არ იმყოფებოდა არავინ, ვისაც შეიძლებოდა გაერკვია გაიარა თუ არა საბაჟო პროცედურები იმპორტირებულმა ტვირთმა. საწყობში დასაქმებული პერსონალისათვის კი ცალსახად იყო ცნობილი, რომ საწყობში შემოსული ტვირთის მიმართ საბაჟო პროცედურები უკვე დასრულებულია და შესაძლებელია ტვირთის განკარგვა, აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ წინასწარ დეკლარირებული ტვირთი, საბაჟო პროცედურების გავლის გარეშე, ჩამოიტვირთა კომპანია „------------“ საწყობში მდებარე ქ. --------------.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-11 ნაწილზე, აღნიშნავს, რომ 2022 წლის 19 ოქტომბრის №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მოცემულ შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები მოქმედებდნენ შეცდომის პირობებში, რამდენადაც მათთვის ცნობილი არ იყო, რომ განკარგული ტვირთის მიმართ საბაჟო პროცედურები განხორციელებული არ იყო. მით უმეტეს, რომ ტვირთი წინასწარ იყო დეკლარირებული და დეკლარაციაში მითითებული საქონლის რაოდენობა, იმპორტის გადასახდელები და დღგ-ის თანხა ემთხვევა საგადასახადო მოთხოვნაში მითითებულ თანხებს. კომპანიას არც დაუშვია იმპორტირებული საქონლის უკანონოდ განკარგვა, უფრო მეტიც, 2022 წლის 18 ოქტომბერს კომპანიის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 7 ოქტომბრის №-------------- საქონლის წინასწარი საბაჟო დეკლარაციით გათვალისწინებული ტვირთი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოიცალა, იგი განთავსებულია საწყობში, მისამართზე ქ. --------------. სწორედ აღნიშნული განცხადებით გახდა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტისათვის, რომ ტვირთი განკარგულია და საბაჟო სამართალდარღვევის №EL187622 ოქმი შედგა 2022 წლის 19 ოქტომბერს. აღსანიშნავია ისიც, რომ 18 ოქტომბერს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი საწყობში იმყოფებოდა შემოწმებაზე, სადაც დადასტურდა, რომ პალეტის ნომრით, წონით და რაოდენობით საწყობში არსებული ტვირთი შესაბამისობაში იყო შეფუთვის ფურცელთან და ინვოისთან.
მომჩივანი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიმართ 2022 წლის 19 ოქტომბრის №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ 2022 წლის 7 ოქტომბრის №------------ საქონლის საბაჟო დეკლარაციისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის, ასევე, კომპანიის 2022 წლის 18 ოქტომბრის განცხადების შესწავლის შემთხვევაში დგინდებოდა, რომ კომპანია მოქმედებდა საპატიო შეცდომის პირობებში, რაც საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო სანქციისაგან განთავისუფლების საფუძველია.
მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №006- 145 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №32128 ბრძანების ბათილად ცნობას და კომპანიის გათავისუფლებას დაკისრებული სანქციისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, საქონელი ტრანსპორტირებული იქნა ----------ში მდებარე საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე 2022 წლის 19 ოქტომბერს შედგა №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთან, ვინაიდან საქონლის დათვალიერების შედეგად ფაქტობრივად განთავსებული საქონელი ვერ იქნა იდენტიფიცირებული №----------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელთან, არ იქნა გათვალისწინებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2022 წლის 10 ნოემბრის №28252 ბრძანებით 2022 წლის 19 ოქტომბერს შედგენილ №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მე-6 გრაფაში („შეფარდებული საბაჟო სანქცია“) შეტანილი იქნა შესწორება და ჯარიმის თანხა ნაცვლად 31 597.14 ლარისა მიეთითა 56 453.84 ლარი, 2022 წლის 10 ნოემბრის №28252 ბრძანების საფუძველზე ასევე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №006-145 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებაზე დამატებით აღნიშნა, რომ ასაჩივრებს მხოლოდ გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებულ ჯარიმას.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებზე, რამაც გამოიწვია გადასახადის გადამხდელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და შესაბამისად სანქციის შეფარდება, ამასთან დამატებით აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, საბჭო მიიჩნევს, რომ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონშესაბამისად.
საბჭო მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენისათვის საბაჟო კოდექსის 172-ე
მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32128 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №EL187622 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად გადასახადის გადამხდელს შეეფარდოს გაფრთხილება;
4. გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №006-145 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
4. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის წარმომადგენლის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონისა, გამოცხადდა სხვა მისამართზე,საწყობში,სადაც განხორციელდა იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის განკარგვა.
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მომჩივანის საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საქონლის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.ამასთან იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ და საურავი.
გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 21.12.2022 წლის №32128 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
70(1,2);73(1);163(1,15);172(1);
“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტი