ბრძანება N 19985

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2023
№ დოკუმენტი 19985
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19985

14 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 7 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ---------) 2023 წლის 7 ივლისის №82153/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №006-242 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადით დამატებით დაბეგვრას დაექვემდებარა არაპირდაპირი მეთოდით დაანგარიშებული სალაროს ნაშთი, სავარაუდო შემოსავლებს აუდიტორის მოსაზრებით დაემატა შემოსავლები, რომლებიც საწარმოს რეალურად არ მიუღია. ითხოვს სალაროს ნაშთის გადაანგარიშებას და შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №28349 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 5 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 9 ივნისის №12928 ბრძანება და ამავე თარიღის №006-242 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 227 074 ლარი, მათ შორის, გადასახადი 139 652 ლარი, ჯარიმა 69 826 ლარი, საურავი 17 596 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს, როგორც გათავისუფლებული, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. გადამხდელს შემოწმების მიმდინარეობისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოუდგენლობისთვის განესაზღვა ჯარიმა ამავე კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად და აღნიშნულზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საწარმოს მიერ შემოწმებისთვის დამატებით შემოწმების მსვლელობისას წარმოდგენილ იქნა საბანკო ამონაწერები, ბრუნვითი უწყისი ექსელის ფორმატით და დებიტორულ/კრედიტორულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაცია, ხოლო აღნიშნული ინფორმაციით სრულად ვერ დგინდებოდა ცალკეული ოპერაციები და საბუღალტრო გატარებები, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების ანალიზის საფუძველზე საწარმოს განესაზღრა შემოსავლის/ხარჯის ოდენობა, დებიტორ/კრედიტორებისა და ფულადი საშუალების ნაშთი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოს უნდა ჰქონოდა ფულადი საშუალების ნაშთი 558 608 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის დოკუმენტური მტკიცებულება/აღრიცხვა შემოწმებისთვის წარმოდგენილი არ არის. ამასთან, არ დგინდება აღნიშნული ფულადი საშუალებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. გადასახადის გადამხდელს შემოწმებით განსაზღვრული ფულადი საშუალების ნაშთი 558 608 ლარის ოდენობით განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად შეამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერებით, ბრუნვითი უწყისი ექსელის ფორმატით და დებიტორულ/კრედიტორულ ვალდებულებებთან დაკავშირებული ინფორმაციით სრულად ვერ დგინდებოდა ცალკეული ოპერაციები და საბუღალტრო გატარებები, შესაბამისად სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს, როგორც გათავისუფლებული, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით. საგამოძიებო ორგანოს მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერების და ბრუნვითი უწყისების ანალიზის საფუძველზე საწარმოს განესაზღრა შემოსავლის/ხარჯის ოდენობა, დებიტორ/კრედიტორებისა და ფულადი საშუალების ნაშთი, რომელიც გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა ჰქონოდა 558 608 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის სალაროში არსებობის დოკუმენტური მტკიცებულება/აღრიცხვა შემოწმებისთვის წარდგენილი არ არის და არ დგინდება აღნიშნული ფულადი საშუალებების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას.

ითხოვს სალაროს ნაშთის გადაანგარიშებას და შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს, როგორც გათავისუფლებული, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ხოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ფორმით.შემოწმებით განსაზღვრული ფულადი საშუალების ნაშთი განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე/დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(3);61(3);73(5);101(1);154(1ა);