გადაწყვეტილება №20296/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20296/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20296/2/2023

12 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --------- (ს/ნ ------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ს 18.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20296/2/2023).

 

დავის საგანი:

იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის N002-51 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14727 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 51 726,02 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 26 450

ჯარიმა - 13 325

საურავი - 11 951,02

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 10 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა იმპორტირებული საკვები პროდუქტების საცალო და საბითუმო რეალიზაციას. 2022 წლის იანვრიდან ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა. კომპანიას განხორციელებული აქვს საკვები პროდუქტების (ლობიო, ქიშმიში, ჩირი და სხვა) იმპორტი -----იდან და ------იდან. საწარმოს დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა (მიღებული შემოსავალი) შეადგენს 979 460 ლარს, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების შედეგად სხვაობა არ გამოვლინდა.

შემოწმებით შესწავლილია საწარმოს საბაჟო დეკლარაციები, ინვოისები, ასევე საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისი“ და საბანკო ამონაწერები. საწარმოს მიერ იმპორტირებულ საქონელზე თანხის გადახდა ხორციელდებოდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილია წერილობითი განმარტება არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის სრულად გადახდის ნამდვილობის თაობაზე, წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით იმპორტირებულ საქონელზე 451 038 ლარი გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით.

საწარმოს წარმომადგენლის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ერთ კომპანიასთან (შპს -------) გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი, ხოლო რამდენიმე კომპანიასთან მხოლოდ გაფორმებული შედარების აქტი, რომელიც არ არის დადასტურებული, ასევე საწარმოს უფლებამოსილ პირს არ წარმოუდგენია საბაჟო დეკლარაცია, რითაც დასტურდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გატანა.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მიხედვით, საწარმოს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, რომელზეც არ არის წარმოდგენილი გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი (423 211 *75% = 317 408 ლარი), ხოლო სხვაობა 105 803 (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №8514 ბრძანება და ამავე თარიღის №002-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14727 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელიც არარეზიდენტი მომწოდებლების დავალიანების დაფარვას დაადასტურებდა, საწარმოს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობის შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

იმპორტირებულ საქონელზე კომპანიას აქვს გადახდილი თანხა როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით. მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტები ხელმოწერილი და სველი ბეჭდით დამოწმებული შედარების აქტები. შემოწმების მხრიდან მოთხოვნილი იყო აპოსტილით დამოწმებული შედარების აქტები, იმის გამო, რომ კომპანიები იმყოფებიან ისეთ ადგილმდებარეობაზე ვერ ახერხებენ მათთვის აპოსტილით დამოწმებულ შედარების აქტებს, მათთვის გაურკვეველია ის ფაქტი, რომ შედარების აქტი აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიულად აპოსტილით, რადგან მიაჩნია, რომ შედარების აქტი არის დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ინვენტარული გათვლების სიზუსტისა და საფუძვლიანობის გასაფორმებლად მყიდველებისა და მომწოდებლების შორის. აქტში წარმოდგენილია ორ კომპანიას შორის ურთიერთანგარიშსწორებები მიწოდებული საქონლის, მომსახურებისა და გადახდების შესახებ. შედარება შეიძლება მოხდეს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში და ითვლება ყველასთვის ოფიციალურ დოკუმენტად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 8.08.2023 წლის №79009-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირს მიეცა შესაბამისი ვადა მტკიცებულების სახით წარმოედგინა შესაბამისი წესით გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტები, რომლის წარმოდგენაც არ მომხდარა, ასევე აღსანიშნავია, რომ არც საჩივარს ახლავს შესაბამისი წესით გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტები. შესაბამისად, საწარმოს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი იმ თანხებზე, რომელზეც არ არის წარმოდგენილი გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი, თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობა შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

მომჩივნის განმარტებით, მათთვის გაურკვეველია ის ფაქტი, რომ შედარების აქტი აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით, რადგან შედარების აქტი არის დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ინვენტარული გათვლების სიზუსტისა და საფუძვლიანობის გასაფორმებლად მყიდველებისა და მომწოდებლების შორის.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობა, საბჭოს მიაჩნია, რომ დაუმოწმებელი დოკუმენტების საგადასახადო ორგანოს მიერ გაუთვალისწინებლობა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75%-ის ანაზღაურებულად, ხოლო სხვაობის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე და 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მიხედვით, საწარმოს მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, რომელზეც არ არის წარმოდგენილი გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტი (423 211 *75% = 317 408 ლარი), ხოლო სხვაობა 105 803 (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) შესაბამისი საანგარიშო პერიოდებისთვის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმები.

სადავო საკითხზე შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს უფლებამოსილი პირს მიეცა შესაბამისი ვადა მტკიცებულების სახით წარმოედგინა შესაბამისი წესით გაფორმებული და დადასტურებული შედარების აქტები, რომლის წარმოდგენაც არ მომხდარა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №8514 ბრძანება და ამავე თარიღის №002-51 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №14727 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტურობა, საბჭოს მიაჩნია, რომ დაუმოწმებელი დოკუმენტების საგადასახადო ორგანოს მიერ გაუთვალისწინებლობა მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 81(1); 105(2); 154(1 „ა“); 275;

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ ;