გადაწყვეტილება №24534/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24534/2/2024
20 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 26.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24534/2/2024).
დავის საგანი:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ნოემბრის №006-473 საგადასახადო მოთხოვნა; 2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №26329 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 277 076,13 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 907 605
ჯარიმა - 269 798
საურავი - 99 673,13
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული შემოსავლების დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 8 ნოემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2024 წლის 8 ნოემბრის №23878 ბრძანება და №006-473 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 დეკემბრის №26329 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტმა სასამართლოს შუამდგომლობით დამატებით გამოითხოვა და შეისწავლა საბანკო დაწესებულებებიდან გადამხდელის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-9 ნაწილების, მე-100, 102-ე მუხლების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს 2021-2022-2023 წლებში დაუდგინა მიღებული შემოსავლები, რომლებიც ჩაირთო ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 61- ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც შემოწმების აქტიდან ირკვევა, შემმოწმებელმა გადასახადების დარიცხვის მიზნით შეისწავლა მხოლოდ საბანკო ამონაწერები და ჩარიცხული თანხები, მათი დანიშნულების შესწავლის გარეშე მიიჩნია საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის ობიექტად.
მომჩივანს მიაჩნია რომ შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მიდგომა არ არის მართლზომიერი, გამომდინარე იქიდან რომ ფიზიკურ პირს შესაძლოა ჰქონდეს ამ შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები ან/და ეს შემოსავლები სრულად არ ეკუთვნოდეს მას და იგი წარმოადგენდეს მხოლოდ თანხის გამტარს, გარკვეული საკომისიო თანხის მიღების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე შემმოწმებელი ვალდებული იყო გადასახადის გადამხდელისგან ან/და მეორე მხარისგან შესწავლის მიზნით გამოეთხოვა დამატებითი დოკუმენტები, რაც მათი მხრიდან არ მომხდარა.
ითხოვს დაევალოს შემმოწმებელს მოახდინოს აღნიშნული საკითხების დამატებით შესწავლა და გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა
არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2025 წლის №5598-21-14 წერილი სადაც მითითებულია შემდეგი:
საბანკო ამონაწერების მონაცემების შესწავლა/ანალიზით დადგინდა, რომ ფ.პ ------- მიღებული აქვს ფულადი სახსრები სხვადასხვა ფიზიკური პირებისგან, აღნიშნული თანხები გადარიცხულია საზღვარგარეთ, ძირითადად აშშ-ში საქონლის შესაძენად (ავტომობილი ფერარი, ძირითადად არ არის მითითებული საქონლის დასახელება და არც ინვოისი არ არის წარმოდგენილი), თუმცა არანაირი საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა არ ფიქსირდება. საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების მიხედვით საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს 2021-2022-2023 წლებში დაუდგინდა მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხები ჩართული იქნა ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისი პერიოდების მიხედვით დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განხორციელებულ დარიცხვას, მაგრამ არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ნოემბრის №006-473 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა 269 798 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 99 673,13 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული ჯარიმა და საურავის თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
2. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აუდიტის დეპარტამენტმა სასამართლოს შუამდგომლობით დამატებით გამოითხოვა და შეისწავლა საბანკო დაწესებულებებიდან გადამხდელის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს 2021-2022-2023 წლებში დაუდგინა მიღებული შემოსავლები, რომლებიც ჩაირთო ერთობლივ შემოსავალში და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი; ასევე, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 102; 105; 269(9)