გადაწყვეტილება №23822/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23822/2/2024
15 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -----ე (ს/ნ ------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ეს 30.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23822/2/2024).
დავის საგანი:
1. უძრავ ნაშთად დაკვალიფიცირებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. გადამხდელის მიერ განხორციელებული გადახდების (გადარიცხვების) ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ გადახდად მიჩნევა და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №052-12 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.08.2024 წლის №18569 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 139 554,09 ლარი.
მათ შორის: ,გადასახადი - 80 570
დღგ - 12 493
მიწა-არასასოფლო - (-1047)
საშემოსავლო გადასახადი - 69 051
ქონების გადასახადი - 73
ჯარიმა - 45 155
საურავი - 13 829,09
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მასალების მოპოვება, შეძენა და რეალიზაცია.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 28 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №16192 ბრძანება და №052-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.08.2024 წლის №18569 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. უძრავ ნაშთად დაკვალიფიცირებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
მომჩივანი თავისი საქმიანობის ფარგლებში შემოსავლების მიღებას და ხარჯების გაწევას ახორციელებს, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, საანგარიშო თვეების მიხედვით განისაზღვრა 1430 (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) და 1110 (ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში) ანგარიშებზე არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. კომპანიას უფიქსირდება საკასო ხარჯი და საკასო შემოსავალი.
თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის (თვე) გაანგარიშდა გონივრული ნაშთი. გონივრულ ნაშთად მიჩნეულ იქნა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო ხარჯს 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად.
საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დგინდება ზემოაღნიშნული სხვაობების საწარმოში არსებობა ან/და მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების მიერ უძრავ ნაშთად დაკვალიფიცირებული თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფულის ნაშთის შემთხვევაში პარტნიორთან იყო ზეპირი შეთანხმება 124 000 კუბი ბალასტის შესყიდვასთან დაკავშირებით, რისთვისაც გადახდილია წინასწარ თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე ზეპირი მოსმენისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით საანგარიშო თვეების მიხედვით განისაზღვრა 1430 (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ) და 1110 (ნაღდი ფული ეროვნულ ვალუტაში) ანგარიშებზე არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. შემოწმების მიერ შედგენილი გაერთიანებული იქნა აღნიშნული ანგარიშების ბარათები. შემოწმებისათვის არსებული ინფორმაცია გაანალიზდა "სალაროში ნაღდი ფულის შესახებ" მეთოდურ მითითებაზე დაყრდნობით. საზოგადოებას უფიქსირდება საკასო ხარჯი და საკასო შემოსავალი. თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის (თვე) გაანგარიშდა გონივრული ნაშთი, გონივრულ ნაშთად მიიჩნევა ამავე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. საგადასახადო შემოწმებით შესწავლილი მასალებით ვერ დგინდება ზემოაღნიშნული სხვაობების საწარმოში არსებობა ან მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის გამომდინარე აქედან შემოწმების მიერ უძრავ ნაშთად დაკვალიფიცირებული თანხა განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე ----------ზე (ს/ნ -------), გაცემულ ხელფასად.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც მის პოზიციას გაამყარებდა, შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. გადამხდელის მიერ განხორციელებული გადახდების (გადარიცხვების) ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი გადახდად მიჩნევა და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით და საბანკო ამონაწერებით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გადარიცხვები და საბანკო ბარათით გადახდები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და რომლებიც დოკუმენტურად ვერ დასტურდება (მარკეტები; აფთიაქები; რესტორნები და ა.შ.). კომპანიის მიერ განხორციელებული აღნიშნული საბანკო გადახდები განხილულ იქნა დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებად. შემოწმებით შესაბამის საანგარიშო თვეებში აღნიშნული თანხები განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
აფთიაქებში, სასურსათო მაღაზიებში და სწრაფი კვების ობიექტებში გადახდილ თანხებთან დაკავშირებით მომჩივანი აცხადებს, რომ მათი საქმიანობა არის ქვიშა ხრეშის გადამუშავება რელაცია ეგრეთ წოდებული (დრაბილკა) რომელიც მდებარეობს ---ის რაიონის სოფელი ---ის ხიდის მიმდებარედ, დრაბილკა არის დაუსახლებელ ადგილზე.
დაახლოებით 2 კილომეტრის რადიუსში არ არის არანაირი საკვები სასურსათო და სააფთიაქო ქსელი, შესაბამისად ადამიანები რომლებიც იქ მუშაობენ და ღამე რჩებიან ესაჭიროებათ როგორც კვება ასევე მედიკამენტები. ორგანიზაციის მიზანი იყო რომ ნათლად ჩანდეს თუ რა ხარჯებს წევს და შესაბამისად ახორციელებდა ბარათით გადახდებს. ითხოვს ამ ნაწილში 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად იმოქმედოს შემმოწმებელმა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით, კერძოდ, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 2, 21 და 22 მუხლების შესაბამისად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანს უფიქსირდება გადარიცხვები და საბანკო ბარათით გადახდები რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და რომლებიც დოკუმენტალურად ვერ დასტურდება (მარკეტები, აფთიაქები, რესტორნები, კაფეები და ა.შ).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადარიცხვებით ხდებოდა ე.წ „დრაბილკაზე“ მომუშავე პირთა საკვებით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული არგუმენტი არალოგიკურია, ვინაიდან უცნობია კონკრეტულად რა რაოდენობის და დასახელების საქონლის, მომსახურების შეძენა ხდებოდა. აღნიშნულ გადახდებს აქვს სისტემატური ხასიათი, ზოგჯერ ერთ დღეში რამდენიმე გადახდა გვხვდება სხვადასხვა ობიექტში. გადახდები ზოგჯერ განხორციელებულია ქ. თბილისში მაგ. ჰიპერმარკეტი ----; მარკეტი -- (---) და ა.შ.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც მის პოზიციას გაამყარებდა, შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილეს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებული გადარიცხვები და საბანკო ბარათით გადახდების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
3. ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ანაზღაურებული აქვს გაწეული მომსახურების ღირებულება ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმეებად. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ფიზიკურ ფირებზე გადარიცხული თანხების ნაწილში ეს თანხები გახლავთ ერთჯერადი შესყიდვის საფასური, ნაწილი კი შესყიდულია გარკვეული სარემონტო საშუალებები (---------ი) ხოლო დანარჩენი მომჩივნისთვის როგორც ცნობილი იყო წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ მეწარმეები და შესაბამისად გადაურიცხეს მომსახურების თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის 2, 21 და 22 მუხლების შესაბამისად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოებას საბანკო გადარიცხვებით ანაზღაურებული აქვს გაწეული მომსახურების ღირებულება ფიზიკურ პირებისათვის, რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არიან. აღნიშნული საბანკო გადარიცხვების დანიშნულებებში მითითებულია შემდეგი მონაცემები: ტრაქტორით მომსახურების საფასური; მომსახურების საფასური; ტრაქტორის იჯარა. შესაბამისად, მომჩივანი ვალდებული იყო აღნიშნული განაცემები დაებეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც მის პოზიციას გაამყარებდა, შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
4. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №052-12 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა - 45 155 ლარის ოდენობით და დაეკისრა საურავი - 13 829,09 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ, მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 291-ე მუხლზე, 272-ე მუხლზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ჯარიმა საურავის ნაწილში ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციისგან გათავისუფლებას. რადგან წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს ყოველთვიურად იხდის კუთვნილ გადასახადებს. ითხოვს, დაკორექტირდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები და გაუქმდეს ჯარიმა საურავის ნაწილში დარიცხული თანხები. დამატებით აღნიშნულია, რომ შპს -----ს დამფუძნებელი და დირექტორს შვილი იმყოფება რიგში გულის გადანერგვასთან დაკავშირებით, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. უძრავ ნაშთად დაკვალიფიცირებული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. გადამხდელის მიერ განხორციელებული გადახდების (გადარიცხვების) ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ გადახდად მიჩნევა და კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
3. ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა;
4. საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16192 ბრძანება და №052-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №18569 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ამასთან,საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“); 269(7); 275( 2.21. 22); 291;