ბრძანება N 8476
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8476
19.04.2023
შპს „---“-ის (ს/ნ --)
(მის.: ---) 2022 წლის 30 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ --) №75833/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 სექტემბრის №021-93 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდით დაბეგვრა თავის მხრივ გულისხმობს დაბეგვრას არსებული სასაქონლო ზედნადებების გამოყენებით რეალიზაციისას დაფიქსირებული უმაღლესი ფასიდან, იგი ყოველთვის იწვევს მნიშვნელოვან ცდომილებას არსებულ რეალურ მდგომარეობასა და არარსებულს შორის. შესაბამისად, აღნიშნული დარიცხვის მეთოდის გამოყენებამ, გადამხდელის შემთხვევაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დარიცხულ გადასახადზე. აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სფეროში პროდუქციის ფასი ხშირად იცვლება, არ არის მდგრადი და ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ ერთიდაიგივე პროდუქტის ფასი იყოს მუდმივად სტაბილური. მაგალითისათვის ერთიდაიგივე პროდუქტის ფასი 1 (ერთი) კვირის შუალედში შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ღირებულების და მათ შორის სხვაობა ზოგჯერ შეიძლება იყოს მაგალითისთვის 50% (შესაძლებელია გაცილებით მეტი), მეტი ან ნაკლები. ასევე, მხედველობაში არ იქნა მიღებული საცალო გაყიდვები, რომლებიც ხშირად თვითღირებულებაზე დაბალია. ვინაიდან აღნიშნული პროდუქცია არის მალფუჭებადი შესაბამისად დიდი ოდენობის ზარალის თავიდან აცილების მიზნით ხდებოდა ღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქციის რეალიზება, რომლის საერთო რაოდენობაც მასშტაბურია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 სექტემბრის №23162 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--“-ის (ს/ნ --) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 30 მარტიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 30 სექტემბრის №25096 ბრძანება და ამავე თარიღის №021-93 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 9 694 776 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 241 293 ლარი, ჯარიმა 3 119 845 ლარი, საურავი 333 638 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს მალფუჭებადი საქონლის (ხილ-ბოსტნეული) იმპორტი, ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 6 497 191 ლარს (დღგ-ის გარეშე). შემოწმების მიმდინარეობისას დაკავშირება მოხერხდა მხოლოდ საწარმოს მინდობილ პირთან, რომლის განმარტებით, იგი უზრუნველყოფდა მხოლოდ ლიბერთი ბანკიდან თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვის ოპერაციებს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულად აღრიცხვის შესახებ. შემოწმების შედეგად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შედეგად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში, თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. აღნიშნულის შედეგად, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში შემოწმებით დადგენილი საქონლის რეალიზაციიდან მიღებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად განისაზღვრა 18 926 107 ლარის ოდენობით (დღგ-ის გარეშე). შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 12 428 916 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს ასევე დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლინდა შემოსავალი 16 000 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული. შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია.
შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის მიხედვით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ამავე კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო 2023 წლის 23 მარტს 11:40 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადების მოთხოვნის თაობაზე.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.
აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დგინდება, რომ შემოწმების მიმდინარეობისას დაკავშირება მოხერხდა მხოლოდ საწარმოს მინდობილ პირთან, რომლის განმარტებით, იგი უზრუნველყოფდა მხოლოდ ლიბერთი ბანკიდან თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვის ოპერაციებს და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულად აღრიცხვის შესახებ. შემოწმების შედეგად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამო შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შემოწმებით თითოეულ თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების მიხედვით გაანგარიშებული იქნა, საქონლის სახეობების მიხედვით დოკუმენტების გარეშე თვის ბოლოს არსებული საქონლის ნაშთის რაოდენობა, რომელიც ჩაითვალა იმავე თვეში რეალიზებულად (მომდევნო თვეში შეძენილი და რეალიზებული საქონლის რაოდენობების გათვალისწინებით) კონკრეტული თვის დოკუმენტური საშუალო შეწონილი სარეალიზაციო ფასით. შედეგად, დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. აგრეთვე, დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გაეგზავნა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტის წერილის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. გადამხდელმა აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგინა წერილში მითითებულ ვადაში, რაზეც დაჯარიმდა. გადამხდელის არგუმენტზე, რომ სარეალიზაციო საქონელი მალფუჭებადი იყო რის გამოც საქონლის რეალიზაცია ხდებოდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასში, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადამხდელს არ წარმოუდგენია შემოწმებისას და არ ახლავს წარმოდგენილ საჩივარს. რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, რომ გამოყენებულია დაფიქსირებული უმაღლესი ფასი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან შემოწმებით დგინდება, რომ სარეალიზაციო ფასი გაანგარიშებულია კონკრეტული თვის დოკუმენტურად დადასტურებული საშუალო შეწონილი მეთოდით. აგრეთვე, გადამხდელს მალფუჭებადი საქონლის ჩამოსაწერად არც ერთხელ არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ --) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა დოკუმენტების გარეშე რეალიზებული საქონლისგან მიღებული შემოსავალი, რომელსაც დაემატა დოკუმენტებით დადგენილი შემოსავალი შედეგად დადგენილი სხვაობა 12 428 916 ლარი (დღგ-ის გარეშე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად დამატებით დაიბეგრა დღგ-ით.
შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლინდა შემოსავალი 16 000 000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული. შემოწმებით დამატებით დადგენილი მიღებული შემოსავლის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს უფლებამოსილ პირს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია.
შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის მიხედვით, დამატებით დადგენილი შემოსავალი ამავე კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 306 (2,); 136 (3); 49(1); 61 (3); 73 (4,5,9); 101 (1);154; 43 (3); 159; 163; 164.