გადაწყვეტილება №18235/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.02.2023
№ დოკუმენტი 18235/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18235/2/2022

9.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-------“ -ის 18.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18235/2/2022).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.08.2022 წლის №CB1371093 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 9.11.2022 წლის №28060 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 20 133,75 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 8.08.2022 წელს შემოსავლების სამსახურში დაარეგისტრირა განცხადება ID:„-------“ „ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“ თაობაზე, სადაც მითითებული იყო, რომ განადგურებას ექვემდებარებოდა 58 996,64 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №სმფ-3734/1 ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ ადგილზე გასვლით მოახდინა ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება რა დროსაც გაირკვა, რომ საგადასახადო ორგანოსათვის მიწოდებული იქნა არასწორი ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე (გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დანართი №24-ში მითითებულ საქონელთან შედარებით ფაქტიური აღრიცხვისას გამოვლენილი იქნა დანაკლისი 20 133,75 ლარის ოდენობით).

აღნიშნულზე მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.08.2022 წლის №CB1371093 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 20 133,75 ლარის ოდენობით.

საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.11.2022 წლის №28060 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-7 ნაწილებზე, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 33-ე მუხლის პირველ პუნქტზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ამავე კოდექსის 279-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

8.08.2022 წელს №„-------“ განცხადებით კომპანიამ ელექტრონული წესით მიმართა შემოსავლების სამსახურის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის მიზნით, რომელიც განთავსებული იყო მისამართზე ქ. „-------“ . ატვირთულ განცხადებაზე თანდართულ ფაილში (ჩამოსაწერი ფასეულობების ჩამონათვალი/ოდენობები/ღირებულებები) შედგენისას/გადაკოპირებისას დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, კერძოდ სამუშაო ვერსიიდან დაკოპირებისას სახელების გადმოტანა მოხდა „MD ნაღები 20% 200 გრ. ემბორგიდან“ (289 ატვირთულ განცხადებაში), ხოლო რაოდენობების გადმოტანა მოხდა 1 სვეტის ზევიდან (თანდართული შედარების ექსელი, სადაც თვალსაჩინოდ ჩანს ზემოაღნიშნული), რამაც ჯამურ ღირებულებაში გამოიწვია უზუსტობა, შედეგად შემოსავლების სამსახურის მიერ დადასტურებული იქნა მექანიკური შეცდომის შედეგად არასწორად წარდგენილი №„-------“ განცხადება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ.

აღნიშნული უზუსტობა როგორც სს „-------“ -ის , ასევე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის მიერ აღმოჩენილ იქნა მაშინ, როცა ისინი ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად გამოცხადდნენ ჩამოწერის დოკუმენტის დასადასტურებლად, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად არსებული ნაშთი არ დაემთხვა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ განცხადებას. თუმცა კომპანიას არ მიეცა შესაძლებლობა გაესწორებინა ზემოაღნიშნული მექანიკური უსწორობა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 36-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, გამომდინარე ზემოაღნიშნულისა სს „-------“ -ის მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელი იყო აღნიშნული მოქმედების გასწორება, თუ არ მიეცემოდათ ხარვეზის გამოსწორებისთვის საჭირო ვადა.

კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რაც დასტურდება როგორც ყოველდღიური კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებით და ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული შემოწმების შედეგებით.

არსებული უსწორობა გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომის შედეგად, კერძოდ არასწორად იქნა დაკოპირებული ინფორმაცია ასატვირთ განაცხადში.

მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლზე, საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ დაჯარიმებული კომპანია არ არის ორიენტირებული სამართალდარღვევის ჩადენაზე და სხვა შემთხვევაში პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, იცავს ყველა კანონს და ამ შემთხვევაშიც მექანიკური შეცდომის შედეგად მოხდა აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენა, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება კარგავს თავის დატვირთვას, რადგან კომპანიის თვითმიზანი ნამდვილად არ იყო რაიმე სახის ინფორმაციის დამალვა შემოსავლების სამსახურისთვის ან/და არასწორად შედგენილი დოკუმენტაციის წარდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალიწინებით ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 9.11.2022 წლის №28060 ბრძანება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება/ბრძანება, რომლითაც გათავისუფლდება მექანიკური შეცდომის შედეგად გამოწვეული სამართალდარღვევისთვის 12.08.2022 წლის №CB1371093 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციის გადახდისგან და შეეცვლება ზემოაღნიშნული სანქცია გაფრთხილებით. კომპანია წარმოადგენს გადასახადის კეთილსინდისიერ გადამხდელს. უფრო მეტიც თუ გადავხედავთ კომპანიის მიერ გადახდილი გადასახადების ოდენობას, აღნიშნული მექანიკური შეცდომის შედეგად არსებული დანაკლისი არ წარმოადენს იმ ოდენობას, რის გამოც კომპანიის მიერ გამიზნულად იქნებოდა წარდგენილი არასწორი ინფორმაცია ან ამით რაიმე სახის მატერიალურ სარგებელს მიიღებდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.

საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე – იწვევს პირის დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ სმფ-ის ჩამოწერა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის არსებული სმფ-ის მარაგების ნაშთის ღირებულების შემცირებით, მხოლოდ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში (დანართი №24) მითითებული,საგადასახადო ორგანოს მიერ ფაქტობრივად აღწერილი და განადგურებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია და სადავო არ არის, რომ შემოსავლების სამსახურის 9.08.2022 წლის №სმფ-3734/1 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დანართ №24-ში მითითებულ საქონელთან შედარებით ფაქტიური აღრიცხვისას გამოვლენილი იქნა დანაკლისი 20 133,75 ლარის ოდენობით.

მომჩივანი ჩადენილ სამართალდარღვევას უკავშირებს განცხადებაზე თანდართულ ფაილში (ჩამოსაწერი ფასეულობების ჩამონათვალი/ოდენობები/ღირებულებები) შედგენისას/გადაკოპირებისას დაშვებულ მექანიკური შეცდომას და აღნიშნავს, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რაც დასტურდება როგორც ყოველდღიური კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებით, ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული შემოწმების შედეგებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თაობაზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის.

ამასთან, მხარეთა არგუმენტაცია და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია მომჩივნის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს შეფარდებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.