ბრძანება N 25867
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25867
19 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------ (ს/ნ -----)
(მის.: --------)
2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა ი/მ ------ს (ს/ნ ----) №83020/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №081-136 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიიჩნევს, რომ შემოწმებას ჰქონდა საფუძველი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების, თუმცა ის შემოწმების აქტის შედეგებს მაინც არ ეთანხმება და ითხოვს, მიეცეს საშუალება დამატებით წარადგინოს პროდუქციის კალკულაციები და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. აცხადებს, რომ გარკვეული პრობლემების გამო საგადასახადო შემოწმების პერიოდში შემმოწმებელთან კომუნიკაცია ფაქტობრივად ვერ შედგა. ამიტომ მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს ზუსტი ინფორმაცია პროდუქციის კალკულაციებთან, ფასნამატთან, სხვადასხვა ხარჯებთან დაკავშირებით არ მიუღიათ. თვლის, რომ განხორციელებული დარიცხვა არასწორია. აცხადებს, რომ მოახდინა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის პირველადი დოკუმენტების, კალკულაციების, ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების ხელახლა დამუშავება, რის მიხედვითაც ვლინდება, რომ შემმოწმებლების მიერ დარიცხულ თანხებსა და გადამხდელის მიერ გადამოწმებულ მონაცემებს შორის რიგი სხვაობებია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 თებერვლის №2585 და 28 ივნისის №15118 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ -------ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის 2023 წლის 13 თებერვლის ჩათვლით პერიოდი, ხოლო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 14 ივლისის №17132 ბრძანება და ამავე თარიღის №081-136 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 274 850 ლარი, მათ შორის, გადასახადი 156 915 ლარი, ჯარიმა 78 458 ლარი, საურავი 39 477 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ი/მ ------ს საქმიანობას წარმოადგენს კერძების (ლობიანი, ხაჭაპური, ღვეზელი და მისთანები) წარმოება. საკვები პროდუქტების შეძენები განხორციელებული აქვს ადგილობრივ ბაზარზე. მეწარმე საქონლის საცალოდ რეალიზაციას ახორციელებს იჯარით აღებული ფართებიდან. გადამხდელს, ასევე, უფიქსირდება შეძენილი და რეალიზებული სხვადასხვა უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი (წვენები, გაზიანი სასმელები, წყალი, ლუდი და სხვა). შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები (საბანკო ამონაწერები, წარმოების კალკულაციები და ახსნაგანმარტება). გადამხდელს წარმოება და რეალიზებული პროდუქცია არ აქვს აღრიცხული არანაირი ფორმით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რითაც დადგენილ იქნა სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და რეალიზებული საქონლის ფასები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რადგან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციების, სარეალიზაციო ფასების და გაანგარიშებული ფასნამატის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. მთლიან შემოსავალში გათვალისწინებულ იქნა წარმოებული და რეალიზებული მზა კერძების თანხებს დამატებული უალკოჰოლო სასმელების რეალიზაციის თანხები, ასევე, დამატებულ იქნა ლუდის რეალიზაციით მიღებული თანხები და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
შემოწმებამ ი/მ ------ს არაპირდაპირი მეთოდით, წლების მიხედვით დაუთვალა ერთობლივი შემოსავლები, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე შეიცვალა შესამოწმებელ პერიოდებში სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. თითოეულ წელს შემოწმების მიერ, ასევე, გაზრდილ იქნა გამოსაქვითი თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დარჩა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავლები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, მე-100 და 105-ე მუხლების მიხედვით მეწარმეს დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება, ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დასაბეგრი ობიექტის სწორად განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, შემოწმების მიერ დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილი წარმოებული საქონლის დასახელებები, მისი კალკულაციები და სარეალიზაციო ფასები. ასევე, ინფორმაცია წლის განმავლობაში რეალიზებული კერძების საშუალო რაოდენობის შესახებ. შედეგად დადგენილ იქნა წარმოების შედეგად მიღებული შემოსავლები (ზედნადებებით და შესყიდვის აქტებით მიღებული საქონლის რაოდენობებს გამოაკლდა წლის ბოლოს თითოეული საქონლის ნაშთი წლების მიხედვით, რითაც განისაზღვრა წარმოებაში გამოყენებული საქონლის რაოდენობა და აღნიშნული საქონლით განხორციელდა კერძების წარმოება, გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციების მიხედვით). გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შემოსავლები მიღებული ჰქონდა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციით. შემოწმების პროცესში მეწარმესთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა, რომლის შედეგადაც დადგენილ იქნა ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ფასნამატი. აღნიშნული ფასნამატი გავრცელებულ იქნა ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების რპთ-ზე და განისაზღვრა აღნიშნული საქონლის რეალიზაციით მისაღები შემოსავლები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გამოანგარიშდა გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, ასევე, ერთობლივი შემოსავალი. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს კერძების (ლობიანი, ხაჭაპური, ღვეზელი და მისთანები) წარმოება. საკვები პროდუქტების შეძენები განხორციელებული აქვს ადგილობრივ ბაზარზე. მეწარმე საქონლის საცალოდ რეალიზაციას ახორციელებს იჯარით აღებული ფართებიდან. გადამხდელს, ასევე, უფიქსირდება შეძენილი და რეალიზებული სხვადასხვა უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი (წვენები, გაზიანი სასმელები, წყალი, ლუდი და სხვა). შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები (საბანკო ამონაწერები, წარმოების კალკულაციები და ახსნაგანმარტება). გადამხდელს წარმოება და რეალიზებული პროდუქცია არ აქვს აღრიცხული არანაირი ფორმით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა საკონტროლო შესყიდვა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რითაც დადგენილ იქნა სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და რეალიზებული საქონლის ფასები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, რადგან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული კალკულაციების, სარეალიზაციო ფასების და გაანგარიშებული ფასნამატის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
შემოწმებამ მომჩივანს არაპირდაპირი მეთოდით, წლების მიხედვით დაუთვალა ერთობლივი შემოსავლები, რომელიც აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ წლიურ საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებულ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე შეიცვალა შესამოწმებელ პერიოდებში სმფ-ების საწყისი და საბოლოო ნაშთები. თითოეულ წელს შემოწმების მიერ, ასევე, გაზრდილ იქნა გამოსაქვითი თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დარჩა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავლები. მეწარმეს დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 61(3), 73(5"ა"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 79("ა"), 80(1), 100(1), 102(1"ა"), 105(1)(2), 106(1"ა"), 43(4).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა").