გადაწყვეტილება №22713/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 10.07.2024
№ დოკუმენტი 22713/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 22713/2/2024

10 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22713/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №041-102 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5200 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 853 392 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 472 693

დღგ - 231 749

საშემოსავლო გადასახადი - 231 501

ქონების გადასახადი - 9 443

ჯარიმა - 286 030

საურავი - 94 669

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა. საწარმო საქმიანობს ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, ასევე შედარებით ნაკლები პროცენტული წილით ახორციელებს კერძო დაკვეთებსაც.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №26411 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 15 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №33294 ბრძანება და №041-102 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 853 392 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 მარტის №5200 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არაზუსტად აქვს გარკვეულ თვეებში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში გამორჩენილი აქვს დაბეგვრიდან შესრულებული სამუშაოების აქტების (მიღება-ჩაბარებების) მიხედვით განსაზღვრული ღირებულება ცალკეულ დამკვეთებთან. ასევე, რიგ შემთხვევებში გამორჩენილი აქვს მიღებული ავანსის დაბეგვრა. შემოწმებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვები და საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 158-ე, 159-ე, 1601 , 163-ე, 164-ე, 43-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მიერ წარდგენილი გადასახადების დარიცხვის გაანგარიშების ფაილის მიხედვით ვერ დგინდება საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული თანხები როგორ არის ფორმირებული. კერძოდ, რომელი რეალიზაცია/შესრულებები და რომელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანდა მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ჩაითვალა დღგ-ით დამატებით დასაბეგრ ოპერაციებად.

რიგ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციები გაანგარიშებაში მოხვედრილია გაორმაგებით (დუბლირებულად), რადგანაც ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით წინმსწრებად დაბეგრილი რეალიზაცია/მიწოდებები დამატებით არის ასახული დასაბეგრ ოპერაციებში ე.წ. ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.

შემოწმების მხრიდან უნდა იქნეს წარმოდგენილი გაანგარიშების დეტალური ფაილი და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან ერთად უნდა მოხდეს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების იდენტიფიცირება/შედარება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა უნდა დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოახდინოს დასაბეგრი ბაზის შესწავლა/გაანგარიშება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5200 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“-„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №33084-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არაზუსტად აქვს გარკვეულ თვეებში დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში გამორჩენილი აქვს დაბეგვრიდან შესრულებული სამუშაოების აქტების (მიღება/ჩაბარებების) მიხედვით განსაზღვრული ღირებულება ცალკეულ დამკვეთებთან. ასევე, რიგ შემთხვევებში გამორჩენილი აქვს მიღებული ავანსის

დაბეგვრა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვები და მომჩივანს დაერიცხა დღგ.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემოწმების პროცესში კომუნიკაცია ჰქონდა გადასახადის გადამხდელთან და ურთიერთშეთანხმებით მივიდნენ მოცემულ შედეგამდე.

ამასთან, მომჩივანს არც შემოსავლების სამსახურში და არც დავების განხილვის საბჭოში არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

კომპანია სამუშაოების შესრულებისას აქტიურად იყენებს ფიზიკური პირების მომსახურებას. შემოწმების შედეგად იკვეთება, რომ გარკვეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული აღნიშნულ პირებზე განაცემები, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გამოანგარიშებისას, ასევე სახელფასო განაცემების ოდენობაც. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასები და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლის მიერ წარდგენილი გადასახადების დარიცხვის გაანგარიშების ფაილის მიხედვით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე მიკუთვნებულია ისეთი სახის განაცემები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას (მაგ., ინდივიდუალურ მეწარმეებზე (მ.შ. მცირე მეწარმეებზე) განაცემები, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები და სხვა).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა უნდა დაავალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოახდინოს დასაბეგრი ბაზის შესწავლა/გაანგარიშება გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ კომპანია სამუშაოების შესრულებისას აქტიურად იყენებს ფიზიკური პირების მომსახურებას. შემოწმების შედეგად იკვეთება, რომ გარკვეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელს არასრულად აქვს დეკლარირებული აღნიშნულ პირებზე განაცემები, გადახდის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გამოანგარიშებისას, ასევე სახელფასო განაცემების ოდენობაც. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ რიგ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაზე მიკუთვნებულია ისეთი სახის განაცემები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის მიხედვით არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას (მაგ., ინდივიდუალურ მეწარმეებზე (მ.შ. მცირე მეწარმეებზე) განაცემები, საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები და სხვა). აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მოახდინოს დასაბეგრი ბაზის შესწავლა/გაანგარიშება საწარმოს წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ერთიდაიგივე თანხები დაბეგრილია ორჯერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5200 ბრძანება;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

4. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა. საწარმო საქმიანობს ძირითადად სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, ასევე შედარებით ნაკლები პროცენტული წილით ახორციელებს კერძო დაკვეთებსაც. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმოს არაზუსტად აქვს გარკვეულ თვეებში დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გამორჩენილი აქვს დაბეგვრიდან შესრულებული სამუშაოების აქტების (მიღება-ჩაბარებების) მიხედვით განსაზღვრული ღირებულება ცალკეულ დამკვეთებთან. ასევე, რიგ შემთხვევებში გამორჩენილი აქვს მიღებული ავანსის დაბეგვრა. შემოწმებით დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დასაბეგრი ბრუნვები და საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მეორე სადაო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 161(1);158(1);159(1);163(1,2);164(1);101(1);154(1);