ბრძანება N 22184
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 22184
13 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა ი/მ ------------ (ს/ნ ----------) №82797/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №040-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება შპს ,,--------“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების გძრელვადიან კონტრაქტად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მომსახურებაზე ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 12 დეკემბერს, ხოლო 15 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე მოხდა სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე საქონლის მხოლოდ შეძენა. არ ეთანხმება 2020 წლის დეკემბერში შეძენილი საქონლის გაწეულ დანახარჯად აღიარებას და შესაბამისად დაბეგვრას. მიუთითებს, რომ 2020 წელს სამუშოები არ განხორციელებულა. შესაბამისად, არც საქონლის გახარჯვა მომხდარა. ითხოვს შემოწმებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის ოდენობას. აცხადებს, რომ საცხოვრებელი სახლი შეძენილი აქვს 2019 წელს 30 000 აშშ დოლარად, რომლის რეალიზაციაც მოახდინა 2022 წელს 96 000 აშშ დოლარად, როდესაც ფასების მაღალი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნავს, რომ რეალიზაციის ღირებულების გავრცელება წინა წლებზე არ არის მართებული, რადგან აღნიშნული ბინა იყო გასარემონტებელი და ზოგადად ბინის ფასებიც გაცილებით დაბალი იყო. ითხოვს ქონების გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7392 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---------- (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვროს 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 3 ივლისის №15643 ბრძანება და 5 ივლისის №040-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 57 564 ლარი, მათ შორის, გადასახადი 31 193 ლარი, ჯარიმა 15 247 ლარი, საურავი 11 124 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. მეწარმეს 2020 წლის 1 აპრილიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. 2020 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელსა და შპს "--------" (ს/ნ --------) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს შპს "---------" სამშენებლო სასტუმრო კომპლექსის კონდიცირების, გაგრილებისა და გათბობის სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის და 144-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულება შემოწმების მიერ განხილულ იქნა გრძელვადიან კონტრაქტად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90- ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 200 280 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 305 354 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თვეებში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა შეადგინა 3 პროცენტი. შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ 2019 და 2020 წლების საგადასახადო პერიოდებში გადამხდელის დასაბეგრი შემოსავლის 25% აღემატება 100 000 ლარს, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, 2020 და 2021 წლებში გადამხდელს დეკლარირებული აქვს ქონების გადასახადი ისეთ მიწაზე, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1 “ ქვეპუნქტის მიხედვით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან. შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა 2020-2021 წლებში ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციით დარიცხული თანხა 269 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად,1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელსა და შპს "---------" (ს/ნ ---------) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს შპს ""----------- სამშენებლო სასტუმრო კომპლექსის კონდიცირების, გაგრილებისა და გათბობის სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება. აღნიშნული ხელშეკრულება შემოწმების მიერ განხილულ იქნა გრძელვადიან კონტრაქტად. შედეგად, გადამხდელის დასაბეგრი შემოსავალი 2020 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 200 280 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის დეკემბრის თვეში გაიზარდა 305 354 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თვეებში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა შეადგინა 3 პროცენტი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლი შეძენილი აქვს 2019 წელს 30 000 აშშ დოლარად, რომლის რეალიზაციაც (გარემონტების შემდგომ) მოახდინა 2022 წელს 96 000 აშშ დოლარად, როდესაც ფასების მაღალი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნავს, რომ რეალიზაციის ღირებულების გავრცელება წინა წლებზე არ არის მართებული, რადგან აღნიშნული ბინა იყო გასარემონტებელი და ზოგადად ბინის ფასებიც შესაბამის წლებში გაცილებით დაბალი იყო. ითხოვს ქონების გადასახადის შემცირებას.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------------ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შპს-სთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების გრძელვადიან კონტრაქტად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მეწარმეს 2020 წლის 1 აპრილიდან მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. 2020 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელსა და შპს-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს შპს -ს სამშენებლო სასტუმრო კომპლექსის კონდიცირების, გაგრილებისა და გათბობის სისტემის სრული ინსტალაცია, გაშვება და ჩაბარება, შემდგომში - მომსახურება. აღნიშნული ხელშეკრულება შემოწმების მიერ განხილულ იქნა გრძელვადიან კონტრაქტად.გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
2. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ 2019 და 2020 წლების საგადასახადო პერიოდებში გადამხდელის დასაბეგრი შემოსავლის 25% აღემატება 100 000 ლარს, რის მიხედვითაც დაუდგინდა 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
გადაწყვეტილება
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);8(10);144;80(1);100(3);102(1ა);90(1);93(11);201(1):202(5);96;