გადაწყვეტილება №19887/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19887/2/2023
14 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს "-------" -ის 5.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19887/2/2023).
დავის საგანი:
თხევადი გაზის დანაკლისის დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №081-292 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11353 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 935,58 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 238
დღგ - 242
მოგების გადასახადი - 1 110
ქონების გადასახადი - (- 114)
ჯარიმა - 586
საურავი - 111,58
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა დეკლარირებული თხევადი გაზის დანაკლისი, დანაკლისი დაბეგრილი იყო მხოლოდ დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადითაც. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №081-292 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 23.05.2023 წლის №11353 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მე-7 ნაწილზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული თხევადი გაზის დანაკლისი. დანაკლისი დაბეგრილი იყო მხოლოდ დღგ-ით. შესაბამისად, საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მასალებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ არის გამოკვლეული და არასწორია. აქტში დარიცხვის საფუძვლად მითითებულია, რომ კომპანიის მიერ დანაკლისი დაბეგრილია დღგ-ით, ხოლო აღნიშნული დანაკლისი არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით, რის გამოც შემოწმების შედეგად განისაზღვრა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 983 მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის 10.07.2019 წლის №22970 ბრძანებაზე (დანართი №4) და აღნიშნავს, რომ „ცალკეულ საქონელზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებით განსაზღვრულია თხევად აირზე ბუნებრივი დანაკარგის ნორმა შენახვისას წონიდან %-ში 1,10-ის ოდენობით.
ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს რომ გამოეკვლია სადავო საკითხი და აღნიშნულთან დაკავშირებით ემსჯელა კანონმდებლობითა და შემოსავლების სამსახურის უფროსის 10.07.2019 წლის №22970 ბრძანების საფუძველზე, კომპანიის მიერ დღგ-ში დანაკლისის სახით დაბეგრილი თანხებიც ექვემდებარებოდა შემცირებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოდ, დაუსაბუთებლად და სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული, დარიცხული თანხები უნდა გაუქმდეს სრულად და აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები უნდა შემცირდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 2022 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა ასახული თხევადი გაზის დანაკლისი, დანაკლისი დაბეგრილი იყო მხოლოდ დღგ-ით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ დანაკლისი განსაზღვრული და ასახული იყო გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. სადავო შემთხვევაში არ დასტურდება მომჩივნის მიერ მითითებული დანაკარგების აღრიცხვის ან/და გათვალისწინების შესაბამის საფუძვლებთან დაკავშირებული გარემოებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას და აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მოგების გადასახადის დეკლარაციაში არ ჰქონდა დეკლარირებული თხევადი გაზის დანაკლისი, დანაკლისი დაბეგრილი იყო მხოლოდ დღგ-ით.აღნიშნული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადითაც. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
8(11),97,983,275