გადაწყვეტილება №18775/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18775/2/2023
16.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------------- 3.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18775/2/2023).
დავის საგანი:
სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №ELC18759 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32969 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 1000 ლარი.
ფაქტების აღწერა
სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევისთვის საბაჟო დეპარტამენტის 28.11.2022 წლის №ELC18759 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.12.2022 წლის №32969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის
საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 7.02.2023 წლის №9803-21-04 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32969 ბრძანებას მომჩივანი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 11.01.2023 წელს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 31.01.2023 წელი, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 3.02.2023 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივანმა სატელეფონო კომუნიკაციისას განმარტა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეულია მომჩივნის მიერ ქართული ენის არცოდნით. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ენა არის ქართული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ადმინისტრაციული წარმოების ენა ქართულია. აქედან გამომდინარე, საბჭოს არა აქვს უფლება საქართველოში ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტები ან/და სხვა სახის ურთიერთობება ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელმწიფო ენაზე ეჭვქვეშ დააყენოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომჩივანმა არ იცის სახელმწიფო ენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 27.12.2022 წლის №32969 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადაო საკითხიი:
სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევა.
ფაქტობრივი გარემოება
სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების (დეკლარირების) ვადის დარღვევისთვის მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული - ჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადის დარღვევით.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. მომჩივანმა განმარტა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეულია ქართული ენის არცოდნით.
გადაწყვეტილება
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ენა არის ქართული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო და ადმინისტრაციული წარმოების ენა ქართულია. აქედან გამომდინარე, საბჭოს არა აქვს უფლება საქართველოში ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური დოკუმენტები ან/და სხვა სახის ურთიერთობება ადმინისტრაციულ ორგანოებთან სახელმწიფო ენაზე ეჭვქვეშ დააყენოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მომჩივანმა არ იცის სახელმწიფო ენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება გახდეს დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი. ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(10), 301 (ე), 304 (1), 305 (1).
საქართველოს საბაჟო კოდექსი 165