ბრძანება N 4382
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4382
07.03.2023
შპს „------“-ის (ს/ნ "------" )
(მის.: "------" )
2022 წლის 3 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №11) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ) 2022 წლის 3 ნოემბრის №199777/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №061-2 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საფუძველზე გაანგარიშებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და განმარტავს, რომ კომპანიის მიერ სასაქონლო მარაგების შეძენის დოკუმენტაციის და საქონლის სარელიზაციო ფასების საფუძველზე საგადასახადო შემოწმებას შეეძლო სწორად გაეანგარიშებინა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, შესაძლებელი იყო საკონტროლო შესყიდვის ჩატარება, რომლითაც დადგინდებოდა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აცხადებს, რომ ფასნამატი უნდა გაანგარიშებულიყო საქონლის ჯგუფების მიხედვით.
2. არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს და განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმებამ არასწორად გაიანგარიშა ფასნამატი, საშემოსავლო გადასახადიც გაანგარიშებულია არასწორად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 მარტის №6341 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „ ------“-ის (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 6 ოქტომბრის №25509 ბრძანება და ამავე თარიღის №061-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 388 124 ლარი, მათ შორის, გადასახადი 212 571 ლარი, ჯარიმა 105 665 ლარი, საურავი 69 888 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
„1. შპს „-----“-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა შერეული საქონლით, კერძოდ, გადასახადს გადამხდელს ქ. "-----" ქუჩაზე იჯარით აქვს აღებული მაღაზია, სადაც ყიდის ძირითადად საზღვაო აქსესუარებს, საკანცელარიო ნივთებს და სხვა შერეულ საქონელს. კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში ძირითადად უფიქსირდება ჩათვლის ზედმეტობა დარიცხულ დღგ-ზე. პირს შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი აქვს 649 ლარი, უკან კი დაბრუნებული აქვს 63 378 ლარი. დღეის მდგომარეობით გადამხდელი აღარ ახორციელებს ეკონომიურ საქმიანობას, ხოლო ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო შემოწმების პროცესში დაჯარიმებულ იქნა ორჯერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 14 კატეგორიად და გავრცელებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ 26%-ის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საგადასახადო შემოწმებით, ასევე განხორციელდა ფულის ნაშთის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხას გამოაკლდა გადამხდელის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და საბანკო პროცენტები, რის შედეგადაც გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამისი თვეების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო გადამხდელის მონაწილეობით, რის შესახებაც გადამხდელს ეცნობა საჩივარში მითითებულ ნომერზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა სხდომაზე. ასევე, არ იქნა წარმოდგენილი განცხადება განხილვის გადადების თაობაზე.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში უფიქსირდება ჩათვლის ზედმეტობა დარიცხულ დღგ-ზე და ასევე, შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია 9-ჯერ მომსახურებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტების მიერ. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელი მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო დაჯარიმდა 2-ჯერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაცია და ასევე, სასამართლოს შუამდგომლობის გზით მოპოვებული საბანკო ამონაწერები. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 14 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე გავრცელებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 26%. ამასთან, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო შემოწმებასთან, წარმოადგინა მხოლოდ განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტი/მტკიცებულება. ასევე, მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი ასევე არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და აცხადებს, რომ ფასნამატი უნდა გაანგარიშებულიყო საქონლის ჯგუფების მიხედვით.
2. არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1.მომჩივანის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა შერეული საქონლით.კომპანია არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო დღგ-ის დეკლარაციებში ძირითადად უფიქსირდება ჩათვლის ზედმეტობა დარიცხულ დღგ-ზე.დღეის მდგომარეობით გადამხდელი აღარ ახორციელებს ეკონომიურ საქმიანობას, ხოლო ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო შემოწმების პროცესში დაჯარიმებულ იქნა ორჯერ.
შესწავლის შედეგად, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები დაიყო 14 კატეგორიად და გავრცელებულ იქნა გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი საშუალოდ 26%-ის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა.
2.განხორციელდა ფულის ნაშთის გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული თანხას გამოაკლდა გადამხდელის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები და საბანკო პროცენტები, რის შედეგადაც გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. აღნიშნული ფულის ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან შესაბამისი თვეების პროპორციულად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),159,160,163,164,168,171.