ბრძანება N 12200

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12200
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12200

04 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის: -------, -------)

2026 წლის 28 აპრილის და 5 მაისის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 7 და 28 მაისს გამართულ სხდომებზე (ოქმი №37 და №44) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №102037/1/2026 და №102185/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 24 მარტის №125-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას. განმარტავს, რომ საწარმო 2021 წლის 1 სექტემბრიდან ფუნქციონირებდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით, რომელიც მიენიჭა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებით. დანართი 6 ნათლად განმარტავს საქმიანობის სახეს: „ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია“. ევროკავშირის კომისიის რეგულაცია N213/2008 CPV განსაზღრავს შესყიდვების კლასიფიკაციას, შესაბამისად ყველა შესყიდვას ახლავს CPV-ს შესაბამისი კოდი. შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იქნა ყველა ხელშეკრულება, სადაც ნათლად იყო განსაზღვრული „შესყიდვის საგანი“ და ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის CPV კოდი - 50100000. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ საწარმო თავისი საქმიანობით არ გასულა ფიქსირებული გადასახადის სტატუსიდან, აუდიტორმა არ მიიღო მხედველობაში არცერთი ნორმატიული აქტი და საწარმო დღგ-ის გადამხდელად დაარეგისტრირა იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ შეცდომით იქნა სასაქონლო ზედნადებები ატვირთული rs.ge-ზე.

ახალი შემოწმების დროს აუდიტორთან განხილული იქნა ყველა ხელშეკრულება და წინა შემოწმების შედეგები, მაგრამ ახალმა შემოწმებამ გაიზიარა წინა აუდიტის მიდგომა. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული რეგულაციების უგულვებელყოფით გაერთიანდა მომსახურების და სათადარიგო ნაწილების ღირებულება და ჩაითვალა დასაბეგრ ბრუნვად.

ანალოგიური მიდგომა განხორციელდა წლიურ საშემოსავლო გადასახადზე. საწარმოს ფიქსირებული გადასახადის სტატუსით განსაზღვრული საქმიანობის გარდა არ განუხორციელებია არცერთი საქმიანობა და შესაბამისად მას არ ეკუთვნოდა წლიური დეკლარაციის წარდგენა. ასევე არ იყო ვალდებული ეწარმოებინა ბუღალტერია და ეზრუნა პირველად დოკუმენტებზე. რაც შეეხება 2021 წლიდან სავალდებულო წესით დღგ-ის გადამხდელად იძულებით დარეგისტრირებას, ეს მიდგომა გასაჩივრებულია.

გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით, აუდიტორს სიტყვიერად აუხსნეს, რომ მანქანებს ემსახურებოდა გადასახადის გადამხდელის შვილი, რომლის დაბეგვრის შესახებ დეკლარაციები წარდგენილია საგადასახადო ორგანოში.

ხელშეკრულების ღირებულებად, ანუ მიწოდებული მომსახურების საფასურის ჯამური თანხა შეადგენს სულ 232 468 ლარს, საიდანაც საწარმოს გააჩნია კომუნალური, საწვავის და სხვადასხვა ხარჯები.

ასევე, სახელწიფო შესყიდვების კანონი ხელშეკრულების ღირებულებაში მხოლოდ 10%-იან ცვლილებას ითვალისწინებს, რაც ასევე დამატებით შეთანხმების ოქმებით ფორმდება და თან ახლავს ყველა ხელშეკრულებას. ამდენად, სათადარიგო ნაწილების ღირებულება არანაირად არ წარმოადგენს მეწარმის შემოსავალს. თუ სათადარიგო ნაწილებს საქონლის შესყიდვად განიხილავდა დამკვეთი, ხელშეკრულებას აუცილებლად დაემატებოდა ახალი CPV კოდი, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების სამსახური არ აღიარებდა აღნიშნულს დოკუმენტს. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22480 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი აგვისტოდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 19 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 24 მარტს გამოსცა №6263 ბრძანება და №125-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 354 090 ლარი, მათ შორის, გადასახადი 189 093 ლარი, ჯარიმა 94 547 ლარი და საურავი 70 450 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● ი/მ ------- (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2011 წლის 11 მარტს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 24 დეკემბერი. ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი -------. გადასახადის გადამხდელი საქონლის (ავტო ნაწილები) შეძენას ახორციელებს, ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით (შეძენილი საქონლის დიდი ნაწილზე დოკუმენტი არ ფიქსირდება). საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან და წარმოადგინა ახსნა-განმარტება ძირითადი საქმიანობის, საქონლის ნაშთის, დღგ-ის ჩასათვლელი თახნების არ მიღებასთან დაკაშირებით; საბანკო ამონაწერები და ტენდერების ფარგლებში გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის სააღრიცხვო ცხრილი. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და არ წარადგენდა დღგ-ის დეკლარაციებს. გადამხდელს აღნიშნული სტატუსი გაუუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის აქტის საფუძველზე (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95.1 მუხლის და 95.6 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის გათვალისწინებით) რადგან გადამხდელი დამატებით ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ წარმოადგენდა ფიქსირებული გადასახადის საქმიანობის საგანს და დაუდგინდა დღგ-ის სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 9 818 ლარს, რომლის მიღებაზეც მეწარმემ განაცხადა უარი, რაზეც წერილობითი ფორმით მოგვმართა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (გადამხდელი არ ეთანხმება წინა შემოწმების ფარგლებში დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვას და გასაჩივრებული აქვს სასამართლოში).

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის/საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები/მიღება-ჩაბარების აქტების) ანალიზის მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელს დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მინიჭებული აქვს 2023 წლის 24 დეკემბერს, თუმცა აღნიშნული პერიოდიდან არ აქვს დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები წარდგენილი, შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით, დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

● იმის გათვალისწინებით რომ გადამხდელს გაუუქმდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, ვალდებული იყო შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები, რომლებიც დასტურდება დოკუმენტურად, კერძოდ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით, სატენდერო დოკუმენტაციის (ხელშეკრულებებით მიღება-ჩაბარების აქტებით) მიხედვით აესახა შესაბამისი წლების წლიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, თუმცა გადამხდელის მიერ დეკლარაციები არ არის წარდგენილი.

შეძენებში ასახული დოკუმენტურად დადასტრუებული ხარჯი და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში მეწარმის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული უდოკუმენტო საქონლის შეძენის ღირებულება განისაზღვა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლების თანახმად მეწარმე ვალდებული იყო ერთობლივ შემოსავალში აესახა მიღებული შემოსავლები სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად მეწარმეს განესაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე- 80 და 81-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

●ტენდერების ფარგლებში დამკვეთისთვის გამოწერილ დოკუმენტაციაში (ზედნადებები/მიღებაჩაბარების აქტები) გამიჯნულია ის საქონელი (სათადარიგი ნაწილები), რომელიც გადამხდელმა გამოიყენა დამკვეთის მანქანების შესაკეთებლად. ამასთან, დოკუმენტაციაში ასახულია ის შრომითი ხარჯები, რაც საჭირო იყო სათადარიგო ნაწილების შეცვლისათვის (რემონტი, დაშლა, აწყობა და სხვა). დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ვერ დგინდება დაქირავებული პირებისათვის სათანადო სახელფასო ანაზღაურების გაწევა (დეკლარირებულია 2023 წელს თვიური ხელფასის ხარჯი 125 ლარი, ხოლო 2024 წლის აპრილიდან 750 ლარი). აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩაითვალა, რომ მიღებაჩაბარების დოკუმენტაციაში ასახული მომსახურებები (ნაწილების შეცვლისთვის საჭირო სახელფასო ხარჯები) წარმოადგენს დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასს. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად მეწარმის მიერ გაცემული ხელფასი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას და გადასახადის გადამხდელს დაერიცხვა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ხოლო ამ კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს, გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და არ წარადგენდა დღგ-ის დეკლარაციებს. გადამხდელს აღნიშნული სტატუსი გაუუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის აქტის საფუძველზე, რადგან გადამხდელი დამატებით ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ წარმოადგენდა ფიქსირებული გადასახადის საქმიანობის საგანს და დაუდგინდა დღგ-ის სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება. შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მინიჭებული აქვს 2023 წლის 24 დეკემბერს, თუმცა აღნიშნული პერიოდიდან არ აქვს წარდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები. შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად.

შეძენებში ასახული დოკუმენტურად დადასტრუებული ხარჯი და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში მეწარმის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებული უდოკუმენტო საქონლის შეძენის ღირებულება განისაზღვა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

რაც შეეხება ხელფასად განხილულ თანხებს, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, ტენდერების ფარგლებში დამკვეთისთვის გამოწერილ დოკუმენტაციაში გამიჯნულია ის საქონელი (სათადარიგი ნაწილები), რომელიც გადამხდელმა გამოიყენა დამკვეთის მანქანების შესაკეთებლად. ამასთან, დოკუმენტაციაში ასახულია ის შრომითი ხარჯები, რაც საჭირო იყო სათადარიგო ნაწილების შეცვლისათვის (რემონტი, დაშლა, აწყობა და სხვა). დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ვერ დგინდება დაქირავებული პირებისათვის სათანადო სახელფასო ანაზღაურების გაწევა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩაითვალა, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციაში ასახული მომსახურებები წარმოადგენს დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასს, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს 2021 წლის პირველი სექტემბრიდან მინიჭებული ჰქონდა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი გაუუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის აქტის საფუძველზე, რადგან გადამხდელი დამატებით ახორციელებდა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ წარმოადგენდა ფიქსირებული გადასახადის საქმიანობის საგანს და დაუდგინდა დღგ-ის სავალდებულო წესით რეგისტრაციის ვალდებულება. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავლები განხილულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვად.

შეძენებში ასახული დოკუმენტურად დადასტრუებული ხარჯი და დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში მეწარმის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი, შემოწმების შედეგად მეწარმეს განესაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

ტენდერების ფარგლებში დამკვეთისთვის გამოწერილ დოკუმენტაციაში გამიჯნულია ის საქონელი (სათადარიგი ნაწილები), რომელიც გადამხდელმა გამოიყენა დამკვეთის მანქანების შესაკეთებლად. ამასთან, დოკუმენტაციაში ასახულია ის შრომითი ხარჯები, რაც საჭირო იყო სათადარიგო ნაწილების შეცვლისათვის (რემონტი, დაშლა, აწყობა და სხვა). დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ვერ დგინდება დაქირავებული პირებისათვის სათანადო სახელფასო ანაზღაურების გაწევა. აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციაში ასახული მომსახურებები წარმოადგენს დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასს, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხვა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154; 102; 105; 159; 163; 164