ბრძანება N 16483

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 07.07.2023
№ დოკუმენტი 16483
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16483

07 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

მის.: -------, -------

2023 წლის 5 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 5 ივნისის №81466/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 აპრილის №006-154 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის საფუძვლით უძრავი ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ ლიკვიდაციის პროცესის გაუქმების მიზნით საჯარო რეესტრს პირმა მიმართა 2023 წლის 23 მაისს და 2023 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნავს, რომ შპს „-------“ ლიკვიდაციის პროცესი გაუქმებულია და ფლობს იმ უძრავ ქონებას, რომლის საბაზრო ფასით რეალიზაციად განხილვამ და რეალიზაციის თანხის დირექტორზე ხელფასად კვალიფიკაციამ წარმოშვა საგადასახადო ვალდებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33872 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 20 აპრილის №8623 ბრძანება და ამავე თარიღის №006-154 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 75 110 ლარი, მათ შორის, გადასახადი 70 030 ლარი, ჯარიმა 137 ლარი, საურავი 4 943 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2022 წლის 29 დეკემბერი) კომპანიას უფიქსირდება 78 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ---, -------, რომლის საბაზრო ღირებულება, ექპერტიზის დასკვნით შეადგენს 161 000 ლარს. შპს ,,-------“ დამფუძნებლები, 50-50 % წილის მფლობელები არიან: ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------). ლიკვიდაციის დროს საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალება (უძრავი ქონება) საგადასახადო შემოწმებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, განხილულ იქნა საბაზრო ღირებულებით აქტივის მიწოდებად. ვინაიდან დასაბეგრი ოპერაციის თანხა აჭარბებს 100 000 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და აღნიშნული თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე (------- (პ/ნ ------) (29.12.2022) გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის მიერ ------- განცხადების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 დეკემბრის №------- გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №33872 ბრძანებით დაინიშნა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას საკუთრებაში უფიქსირდება 78 კვ.მ უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებამ ექპერტიზის დასკვნით შეადგენა 161 000 ლარი. საგადასახადო შემოწმებით, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ფორმა-შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული ქონება ჩაითვალა საბაზრო ღირებულებით აქტივის მიწოდებად, პირს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და დაიბეგრა დღგით, ხოლო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარში გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, ლიკვიდაციის პროცესი დღეის მდგომარეობით შეწყვეტილია, ვინაიდან 2023 წლის 23 მაისს შპს „-------“ დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეეტრს შპს „-------“ ლიკვიდაციის შეჩერებისა და არსებობის გაგრძელების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის 2023 წლის 2 ივნისის ------- გადაწყვეტილებით, ხოლო ქონების საბაზრო ფასით რეალიზაცია, რაც საფუძვლად დაედო გადამხდელისთვის გადასახადების დარიცხვას, რეალურად არ განხორციელებულა და აღნიშნული უძრავი ქონება კვლავ ირიცხება კომპანიის საკუთრებაში.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს გადასახადის გადამხდელის პოზიციას და მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 2 ივნისის ------- გადაწყვეტილებით შეწყდა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით რეალიზებულად განხილული უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით ირიცხება საწარმოს საკუთრებაში. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ლიკვიდაციის საფუძვლით საგადასახადო შემოწმების მიერ საწარმოს საკუთრებაში რიცხული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ლიკვიდაციის საფუძვლით უძრავი ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიას უფიქსირდება უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება, ექპერტიზის დასკვნით შეადგენს 161 000 ლარს. ლიკვიდაციის დროს საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალება (უძრავი ქონება), შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, განხილულ იქნა საბაზრო ღირებულებით აქტივის მიწოდებად. ვინაიდან დასაბეგრი ოპერაციის თანხა აჭარბებს 100 000 ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი.

საწარმოს დირექტორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეეტრს ლიკვიდაციის შეჩერებისა და არსებობის გაგრძელების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით და შეწყდა საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი,გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ლიკვიდაციის საფუძვლით საწარმოს საკუთრებაში არსებული ქონების მიწოდებად განხილვის შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 165; 101; 154