ბრძანება N 19362

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19362
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19362

08 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

--------- (პ/ნ --------)

(მის.: ---------)

2023 წლის 10 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის სხდომაზე (ოქმი №77) განიხილა --------ს (პ/ნ --------) №82188/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №EL214618 და№EL214594 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სიგარეტი ჰქონდა ხელჩანთაში და არა სხეულზე როგორც ეს ოქმშია მითითებული. სიგარეტის (200 ღერი) ქონა არც დაუმალავს და ხელჩანთა წესისამებრ გაატარა სკანერით შემოწმებაზე.

მომჩივანი დათვალიერების პროცედურასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისი შემოწმება მოხდა წესების დარღვევით და საბაჟოს თანამშრომლების ქცევა მის მიმართ იყო ღირსების შემლახველი. ვინაიდან დაავადებულია დიაბეტით და აქვს არტერიული წნევის ცვალებადობა, შემოწმების დროს გახდა ცუდად, რის გამოც ვერ განაგრძო დათვალიერების პროცედურა. აღნიშნული საბაჟოს თანამშრომლებმა აღიქვეს წინააღმდეგობის გაწევად და დაუწერეს შესაბამისი ჯარიმა, რასაც არ ეთანხმება.

მომჩივანი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 27 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------" კონტროლის ზონაში -------ს რესპუბლიკის მხრიდან, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა ------- (პ/ნ -------). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ---------ის კუთვნილი ხელბარგი დათვალიერდა რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) საშუალებით, რის შემდეგაც ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირის ფიზიკური დათვალიერების შესახებ.

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა --------ს აცნობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, რაზეც მითითებულმა პირმა განაცხადა უარი და 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში მებაჟე-ოფიცრებს არ მისცა საშუალება განეხორციელებინათ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. ამ პერიოდში ------მა მოახერხა სხეულზე (მუცლის არეში) დამალული 200 ღერი სიგარეტის გადატანა ხელჩანთაში (აღნიშნული ფაქტი დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტი „--------ს" ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით). მას შემდეგ რაც სხეულზე დამალული სიგარეტი გადაიტანა ხელჩანთაში, -------- დაეთანხმა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას და განხორციელდა მისი ფიზიკური დათვალიერება.

ფიზიკური დათვალიერების შემდეგ, --------ის კუთვნილი ხელბარგი კვლავ შემოწმდა რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) საშუალებით, რის შემდეგაც ხელჩანთაში აღმოჩნდა 200 ღერი სიგარეტი.

--------მა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2023 წლის 24 ივნისს შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე ისარგებლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით. გამომდინარე აქედან, მის მიერ მალულად შემოტანილი 200 ღერი სიგარეტი ექვემდებარებოდა სავალდებულო დეკლარირებას, რაც --------ის მიერ არ განხორციელებულა.

ვინაიდან, ------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი კანონიერ მოთხოვნის უგულვებელყოფას, რითიც შეფერხდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ამასთან ერთად, ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა №EL214594 და №EL214618 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც -------ს (პ/ნ -------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

-------- ხშირად (2023 წლის 14 იანვრიდან 2023 წლის 27 ივნისამდე პერიოდში 104 გასვლა – შესვლა) გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან ერთად, აღნიშნული პირი სისტემატიურად ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანას და სარგებლობდა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა", „დ.ბ" და „დ.გ" და „დ.გ1" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათით, ასევე უფიქსირდება აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის სხვადასხვა დასახელების სიგარეტის კანონმდებლობის დარღვევით შემოტანის 8 ფაქტი (24/02/2022; 11/04/2022; 23/07/2022; 27/09/2022; 07/10/2022; 19/10/2022; 20/10/2022; 29/03/2023), რა დროსაც სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული იქნა 3 780 ღერი (189 კოლოფი) სიგარეტი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიო ჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“,„დ.გ“,„დ.გ1“,„დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი კანონიერ მოთხოვნის უგულვებელყოფას, რითიც შეფერხდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. გადგენილია ასევე, რომ მომჩივნის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა არადეკლარირებული სიგარეტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს. აღნიშნული კი წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 და 177-ე მუხლის პირველი ნაწილებით დაკისრებული პასუხისმგებლობა (ჯარიმები და საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა) მართლზომიერია.

საგულისხმოა ასევე, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან უფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისა და საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ფაქტები თამბაქოს ნაწარმზე. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და საგადასახადო შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურები. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. -------- (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №EL214618 და№EL214594 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით მომჩივნის კუთვნილი ხელბარგი დათვალიერდა რენტგენული ინსპექტირების სისტემის (სკანერის) საშუალებით, რის შემდეგაც ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პირის ფიზიკური დათვალიერების შესახებ, რაზეც მითითებულმა პირმა განაცხადა უარი და 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში მებაჟე-ოფიცრებს არ მისცა საშუალება განეხორციელებინათ საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. ამ პერიოდში მომჩივანმა მოახერხა სხეულზე (მუცლის არეში) დამალული 200 ღერი სიგარეტის გადატანა ხელჩანთაში. ვინაიდან, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი კანონიერ მოთხოვნის უგულვებელყოფას, რითიც შეფერხდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ამასთან ერთად, ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 27 ივნისს შედგენილ იქნა №EL214594 და №EL214618 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 6, 27(1), 73(1"ა"), 163(1), 168(3), 177(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.