საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/524–17-21
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე 3/524–17–21
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 ივნისი, 2021 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე: შპს „---“ (ს/ნ ---)
წარმომადგენელი: ---
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: ---
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი: ----
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს N094-294 საგადასახადო მოთხოვნა.
12. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის 43579 ბრძანება.
1.3.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წ N11612/2/15 გადაწყვეტილება.
დავის არსი:
გადამხდელის საქმიანობაა სატერმინალო მომსახურების გაწევა. ასევე ტერმინალის ტერიტორიის და საოფისე ფართების გაქირავება ქ. ---ში. აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა - გადამხდელის საქმიანობის 1.06.2010 წლიდან 1.08.2014 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგებზე შედგა 4.08.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადამხდელზე დამატებით დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი 56452 ლარი და ჯარიმა 50025 ლარი.
შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურეობის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქონლის ადგილზე (---ში) განბაჟებას, დაბეგრილია დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, ვინაიდან მას განიხილავს საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად.
2010 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსისაგან განსხვავებით 2011 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვის ტერმინის განმარტებიდან ახალი საგადასახადო კოდექსით ამოღებულია ტვირთების იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) გადაზიდვა. ასევე 2011 წლიდან მოქმედი ახალი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ/2’ ქვეპუნქტში ცალსახად ჩაიწერა, ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულია: საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შემცირდეს 2010 წლის 7 თვის პერიოდზე საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურებაზე აქტით დარიცხული დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით განხორციელებული დაბეგვრა, ვინაიდან, საზოგადოება 2011 წლის 1 იანვრამდე სწორად ახორციელებდა იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო 2011 წლის 1 აინვრიდან ახალი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით ბეგრავდა საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურებას.
ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არასწორად აღინიშნა, რომ აქტით დარიცხვა განხორციელდა მსუბუქი ავტომანქანის შენახვის მომსახურებაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საზოგადოება საერთოდ არ ახორციელებდა მსუბუქი ავტომანქანის შენახვის მომსახურებას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი --- შემოსავლების სამსახურისადმი მიწერილ 2015 წლის 6 ნოემბრის No02-485/11 წერილში ცალსახად მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვის შეუსაბამობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და შემოსავლების სამსხურს აძლევს რეკომენდაციას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა - საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 სექტემბრის N 38982 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---”-ს (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სატერმინალო მომსახურება. 2015 წლის 4 აგვისტოს შედგენილი იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზედაც 2015 წლის 10 აგვისტოს გამოიცა N094-294 საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შპს „---” ს (ს/ნ ---) ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 124579,96 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 56447 ლარი, ჯარიმა 50024 ლარი და საურავი 18108,96 ლარი.
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მის მიმართ განხორციელებულ დარიცხვას ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ნაწილში, აღნიშნავს რომ 2010 წლის ივნისიდან-დეკემბრამდე ტვირთის შენახვის მომსახურების მიწოდება იბეგრებოდა დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით და შემმოწმებლის მიერ არასწორად იქნა განხილული დღგ-ს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის და მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა);
მოპასუხის პოზიცია:
2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 3 სექტემბრის No38982 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----”-ს (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა სატერმინალო მომსახურება. 2015 წლის 4 აგვისტოს შედგენილი იქნა გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზედაც 2015 წლის 10 აგვისტოს გამოიცა N094-294 საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შპს „---” ს (ს/ნ ---) ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 124579,96 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 56447 ლარი, ჯარიმა 50024 ლარი და საურავი 18108,96 ლარი.
მტკიცებულება: ბრძანება; საგადასახადო შემოწმების აქტი; საგადასახადო მოთხოვნა(ტ.1. ს/ფ.13-16;29-90).
3.1.2. შპს „---”-ს (ს/ნ ---) მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს N094-294 საგადასახადო მოთხოვნა, რაც არ დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის 2015 წლის 18 ნოემბრის N43579 ბრძანებით, რაც ასევე გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2017 წ N11612/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით
დავის საგანი:
1. ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.08.2015 წლის N094-294 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.11.2015 წლის N43579 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 124579 ლარი; მათ შორის: დღგ 167407 ლარი (ძირითადი - 134 087, ჯარიმა - 33 320). მოგების გადასახადი - (-77749 ლარი) (ძირითადი - (-99430), ჯარიმა -1403, 17277).
საშემოსავლო გადასახადი - 2402 ლარი (ძირითადი - 697, ჯარიმა - 992, საურავი - 713). სოციალური გადასახადი - საურავი 29 ლარი.
ქონების გადასახადი - 32491 ლარი (ძირითადი - 18 093, ჯარიმა - 14 309, საურავი - 89).
ფაქტების აღწერა:
გადამხდელის საქმიანობაა სატერმინალო მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა გადამხდელის საქმიანობის 1.06,2010 წლიდან 1.08.2014 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგებზე შედგა 4.08.2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, დამატებით დასარიცხი თანხა განისაზღვრა ძირითადი 56452 ლარი და ჯარიმა 50025 ლარი. შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურების ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქონლის ადგილზე (---ში) განბაჟებას, დაბეგრილია ნულოვანი განაკვეთით, ვინაიდან მას განიხილავს საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად.
შემოწმებით მიჩნეულია, რომ როდესაც ტვირთი საწყობში გადმოიტვირთება იქ სრულდება საერთაშორისო გადაზიდვაც და საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმებით განსაზღვრულ თანხებზე გამოიცა აუდიტის 7.08.2015 წლის N 29576 ბრძანება და 10.08.2015 წლის N 094-294 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.09.2015 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.11.2015 წლის N 43579 ბრძანებით საჩივარი მოცემულ სადავო საკითხზე არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „უ" ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად მომსახურების გაწევად ითვლება საქმიანობა, რომელიც არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება შემდეგი საქმიანობა, კერძოდ, საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა. ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება-დღგ-ის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.
დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ 2011 წლამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კერძოდ 233-ე მუხლით „ა" და „გ" ქვეპუნტებით, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით _ იბეგრებოდა ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება და აღნიშნული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება. ხოლო განსახილველ შემთხვევაში ტვირთის შენახვის მომსახურება მოიცავდა იმ მსუბუქი ავტომობილების შენახვას, რომლებიც გადამხდელის მიერ ---ში კონტეინერების გახსნის შედეგად გადმოიტვირთა და დასაწყობდა ტერმინალის ტერიტორიაზე, რაც კანონმდებლობის თანახმად საერთაშორისო გადაზიდვის დასრულებად ითვლება.
მომჩივნის არგუმენტაცია;
2010 წლის 7 თვის პერიოდზე დარიცხულია დღგ იმ ოპერაციებზე, რომელიც წამოადგენდა საერთაშორისო გადაზიდვას და იბეგრებოდა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, თუმცა შემოწმებით არასწორად განხილულია დღგ-ის 18%-იანი დასაბეგრ ოპერაციად. კერძოდ, 2011 წლის 1 იანვრამდე ანუ ახალი საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლამდე, იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე- 15 პუნქტით, საერთაშორისო გადაზიდვა განმარტებულია შემდეგნაირად: საერთაშორისო გადაზიდვა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთის გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა, ხოლო ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით, დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება „ ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება", ამავე პუნქტის „გ" ქვეპუნქტით, დღგ- ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება ასევე „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ 2010 წლის პერიოდზე, საერთაშორისო გადაზიდვისას ტვირთის იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) საწყობში მათი შენახვის ღირებულებაზე შემოწმებით არასწორად განხორციელდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დაბეგვრა.
2010 წელს მოქმედი საგადასახადო კოდექსისაგან განსხვავებით 2011 წლიდან საერთაშორისო გადაზიდვის ტერმინის განმარტებიდან ახალი საგადასახადო კოდექსით ამოღებულია ტვირთების იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) გადაზიდვა. ასევე 2011 წლიდან მოქმედი ახალი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გვ" ქვეპუნქტში ცალსახად ჩაიწერა, ჩათვლის უფლებით დღგ-საგან გათავისუფლებულია: საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე იმპორტის, საწყობის, დროებითი შემოტანის, შიდა გადამუშავების ან თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვრიდან საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ დანიშნულების პუნქტამდე გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული, ამ ნაწილის „გ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, გარდა ტვირთის შენახვის მომსახურებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შემცირდეს 2010 წლის 7 თვის პერიოდზე საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურებაზე აქტით დარიცხული დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით განხორციელებული დაბეგვრა, ვინაიდან, საზოგადოება 2011 წლის 1 იანვრამდე სწორად ახორციელებდა იმ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან ახალი საგადასახდო კოდექსის შესაბამისად, საერთაშორისო გადაზიდვასთან დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით ბეგრავდა დაკავშირებული ტვირთის შენახვის მომსახურებას.
ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში არასწორად აღინიშნა, რომ აქტით დარიცხვა განხორციელდა მსუბუქი ავტომანქანის შენახვის მომსახურებაზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში საზოგადოება საერთოდ არ ახორციელებდა მსუბუქი ავტომანქანის შენახვის მომსახურებას.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი შემოსავლების სამსახურისადმი მიწერილ 2015 წლის 6 ნოემბრის N02-485/11 წერილში ცალსახად მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვის შეუსაბამობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და შემოსავლების სამსახურს აძლევს რეკომენდაციას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და _ დანიშნულების პუნქტებს შორის -შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად,1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:
ა) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება;
გ) ამ ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება:
გ. ა) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის, მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო მიერ გაწეული მომსახურება;
გ. ბ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
გ. გ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება;
გ. დ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა და ბარგის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
გ. ე) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;
გ. ვ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის ბილეთის ფასში;
გ. ზ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
ამავე კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის და მე-2 ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის, უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისი N603 ბრძანებით დამტკიცებული (2011 წლამდე მოქმედი) საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდებაზე ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის როდესაც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა დადასტურებულ იქნება შემდეგი დოკუმენტებით:
ა) ტვირთის თანმხლები საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტებით ან მათი ასლებით (მათ შორის, საერთაშორისო სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები CMR, რკინიგზის სატრანსპორტო ზედნადები, კონოსამენტი (საზღვაო ზედნადები), ავიაზედნადები, TIR კარნეტის - დოკუმენტი), რომელიც განსაზღვრავს საქონლის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილს;
ბ) საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში გაშვებას ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან მისი ასლით;
გ) მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულებით.
დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურების ნაწილი უკავშირდება ადგილზე (---ში) ტვირთის შენახვას მომსახურებას.
საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურება არ წარმოადგენს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების ნაწილს და კანონშესაბამისად ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ მომსახურებად.
მტკიცებულება: დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 N11612/2/15 გადაწყვეტილება. (ტ.1. ს/ფ.18-22).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „---“-ს (ს/ნ ---) სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია;
5.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;
5.3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლოს მიჩნია, რომ სადავო სსიპ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 10 აგვისტოს N094-294 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის N43579 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.03.2017 წ N11612/2/15 გადაწყვეტილება- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანხვედრაშია ფაქტის მარეგულირებელ ნორმებთან, ადმინისტრაციული წარმოებისას არსებითად არ დარღვეულა კანონი, რასაც შეეძლო საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება გამოეწვია.
კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს - ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების დაბეგვრა დამატებული ღირებულების გადასახადით;
სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა მსჯელობას და ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით _ მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
2011 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, საერთაშორისო გადაზიდვა არის ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან იმპორტამდე (საქონლის. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე) ტვირთების გადაზიდვა, აგრეთვე ორი ქვეყნის გაგზავნისა და დანიშნულების პუნქტებს შორის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტების თანახმად,1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით იბეგრება:
ა) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდება;
გ) ამ ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდება:
გ. ა) საერთაშორისო გადაზიდვებისას ტვირთის, მგზავრის ან/და სატრანსპორტო საშუალების გაგზავნასთან/მიღებასთან დაკავშირებით აეროპორტების, ნავსადგურების, სარკინიგზო და საავტომობილო ვაგზლების მიერ გაწეული მომსახურება;
გ. ბ) საერთაშორისო გადაზიდვების აერო ან საზღვაო სანავიგაციო, სადისპეტჩერო ან/და საინფორმაციო მომსახურება;
გ. გ) ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების საექსპედიტორო მომსახურება;
გ.დ) საერთაშორისო გადაზიდვების ტვირთისა ბარგის დოკუმენტაციის მომზადების, ინსპექტირების, დათვალიერების, სატრანსპორტო დამუშავების (მათ შორის, დატვირთვისა და გადმოტვირთვის), ტრანსპორტირებისათვის შეფუთვისა და შენახვის მომსახურება;
გ. ე) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთების რეალიზაციის მომსახურება;
გ. ვ) აეროპორტებისა და ნავსადგურების საბაჟო კონტროლის ზონაში მგზავრთა მომსახურება, რომლის ღირებულება შედის საერთაშორისო გადაყვანის სამგზავრო ბილეთის ფასში;
გ. ზ) ნავსადგურებში აგენტირების მომსახურება.
ამავე კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია; დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა ამ კოდექსის 239-ე ან 240-ე მუხლის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის/მომსახურების მიწოდება, მათ შორის,უსასყიდლოდ (გარდა, ამ კოდექსით გათავისუფლებული მიწოდებისა).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 ივნისი N603 ბრძანებით დამტკიცებული (2011-წლამდე მოქმედი) საერთაშორისო გადაზიდვების დღგ-ის ნულოვანი" განაკვეთით დაბეგვრის გამოყენებისათვის'' წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების მიწოდებაზე ან/და მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 233-ე პირველი ნაწილით დადგენილი დღგ-ის ნულოვანი განაკვეთის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, როდესაც ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა დადასტურებულ იქნება შემდეგი დოკუმენტებით:
ა) ტვირთის თანმხლები საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტებით ან მათი ასლებით (მათ შორის, სასაქონლო-სატრანსპორტო ზედნადები CMR, რკინიგზის სატრანსპორტო ზედნადები, კონოსამენტი (საზღვაო ზედნადები), ავიაზედნადები, TIR კარნეტის დოკუმენტი), რომელიც განსაზღვრავს საქონლის ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილს;
ბ) საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მისი შემცვლელი დოკუმენტით ან მათი ასლებით, რომელიც ადასტურებს საქონლის ტრანზიტის, ექსპორტის ან იმპორტის საბაჟო რეჟიმში საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით ან მისი ასლით;
გ) მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულებით.
დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურების ნაწილი უკავშირდება ადგილზე (---ში) მსუბუქი შენახვის მომსახურებას (იმ კონტეინერების მიხედვით რომლებიც გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახსნილია ---ში და გადმოტვირთულია ავტომანქანები ტერმინალის ტერიტორიაზე). საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა მხოლოდ ის ტვირთი, რომლის დანიშნულების საბოლოო ადგილი იყო ---.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის შენახვაზე გაწეული მომსახურება საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის, ამავე კოდექსის 225-ე, 239-ე ან 240-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე არ წარმოადგენს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურების ნაწილს და საგადასახადო კოდექსის 233-ე მუხლის, ამავე კოდექსის 225-ე, 239-ე ან 240-ე მუხლების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონშესაბამისად ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ მომსახურებად, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე - ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის
ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა- გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34- ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში შეესაბამება კანონს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. სასამართლო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე _ განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3163.92 (ტ.1. ს/ფ.102) ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 3163.92 ლარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32–ე, 331-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „---“-ს (ს/ნ---) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3163,92 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა No11).
4. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს მიერ 2010 წელს საბაჟო საწყობით გაწეული მომსახურეობის ნაწილი, რომელიც უკავშირდება საქონლის ადგილზე განბაჟებას, დაბეგრილია დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, ვინაიდან მას განიხილავს საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად.
შემოწმებით მიჩნეულია, რომ როდესაც ტვირთი საწყობში გადმოიტვირთება იქ სრულდება საერთაშორისო გადაზიდვაც და საწარმოს მიერ გაწეული მომსახურება ტვირთის შენახვაზე ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შემოწმებით განსაზღვრულ თანხებზე გამოიცა აუდიტის 7.08.2015 წლის N 29576 ბრძანება და 10.08.2015 წლის N 094-294 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 8.09.2015 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.11.2015 წლის N 43579 ბრძანებით საჩივარი მოცემულ სადავო საკითხზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 17.03.2017 წ N11612/2/15 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მომჩივნის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
დასაბუთება
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32–ე, 331-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით.