ბრძანება N 33807

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33807
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33807

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 13 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №135) განიხილა უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 13 დეკემბრის №86016/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-565 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის უცხოურ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ 2017 წელს კომპანიამ გაიმარჯვა საჯარო ტენდერში ---------- გზის მშენებლობაზე და გააფორმა სამშენებლო მომსახურების ხელშეკრულება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის ამგვარმა შეფასებამ გამოიწვია კომპანიისათვის დამატებითი არამართლზომიერი გადასახადისა და სანქციის დარიცხვა. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტი შემოწმების აქტში ვერ ასაბუთებს თუ რა საფუძვლით მიიჩნია ოპერაცია უცხოურ ვალუტაში განხორციელებულად, ოპერაცია განხორციელებულია ეროვნულ ვალუტაში. განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილ სატენდერო წინადადებაში კონტრაქტის ღირებულება გამოსახული იყო ლარში. თავად ხელშეკრულებაშიც, ოპერაციის ღირებულება გამოსახულია ლარში და უცხოური ვალუტის კომპონენტი შემოტანილია მხოლოდ თანხის გადახდის ნაწილში, რაც არ ახდენს გავლენას ოპერაციის ღირებულების განსაზღვრაზე. ერთის მხრივ კომპანია, ხოლო მეორეს მხრივ სახელმწიფო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის სახით, საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე რეგულარულად ადგენდნენ ორმხრივად დადასტურებულ შუალედური შესრულების აქტებს, სადაც კონტრაქტის ჯამური ღირებულება მითითებულია ეროვნულ ვალუტაში. შესრულებულ სამუშაოებზე კომპანია რეგულარულად გამოწერდა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, სადაც ოპერაციას მიიჩნევდა ლარში განხორციელებულად, რომელსაც თავის მხრივ ადასტურებდა სახელმწიფო. მიუთითებს, რომ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი, კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაცია, ხელშეკრულება, შუალედური შესრულების აქტები და დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, ადასტურებს ფაქტს, რომ ოპერაცია განხორციელებულია ლარში, კონტრაგენტებს არ გამოუხატავთ ნება ოპერაციის რომელიმე უცხოურ ვალუტაში განხორციელებასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა მოახდინა ოპერაციის არასწორი შეფასება და ითხოვს შემოწმებით დარიცხული გადასახადისა და სანქციის სრულად შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27583 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2023 წლის 11 ოქტომბრის რისკის მიმოხილვის დასკვნის პროექტით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით 2019 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 10 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 14 ნოემბრის №28005 ბრძანება და ამავე თარიღის №006-565 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 8 570 985 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 712 572 ლარი, ჯარიმა 1 907 901 ლარი, საურავი 1 950 512 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

უსფ(წ) „----------“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. კომპანია წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ---------- გზის და ---------- მაგისტრალის მშენებლობას. პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 35%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 65%-ის - აშშ დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსების გათვალისწინებით (---------- გზის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული კურსია 2,7403, ხოლო ---------- ავტომაგისტრალის შემთხვევაში - 2,4727). გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებას ახდენს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას შორის) განიხილავს საკურსო სხვაობად და არ ბეგრავს დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 164-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს (ვინაიდან, ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხებს შორის სხვაობაზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, კომპენსაცია არის პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ---------- გზის და ---------- მაგისტრალის მშენებლობას. პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 35%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 65%-ის - აშშ დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსების გათვალისწინებით (---------- გზის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული კურსია 2,7403, ხოლო ---------- ავტომაგისტრალის შემთხვევაში - 2,4727). შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განსაზღვრულ სანქციებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-565 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. უსფ(წ) „----------“ (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-565 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე10 ნაწილის საფუძველზე, კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციის უცხოურ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ორი გზის მშენებლობას. პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 35%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 65%-ის - აშშ დოლარში, გაცვლის ფიქსირებული კურსების გათვალისწინებით (ერთი გზის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული კურსია 2,7403, ხოლო მეორეს შემთხვევაში - 2,4727). შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გადამხდელს დაერიცხა დღგ. შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-565 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(10); 159(1„ბ“); 161(1„ა“„აა“); 163(1,2); 164(1); 275; 269(7).