ბრძანება N 11990

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 31.05.2023
№ დოკუმენტი 11990
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11990

31.05.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------ს“ (ს/ნ ----------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 30 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 30 იანვრის № CA00412301148832 (რეგ. №16286/21) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №005-221 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას და აცხადებს, რომ ლიცენზიის ფარგლებში არ ხდებოდა მტკნარი წყლის მოპოვება. გადამხდელი მიიჩნევს, რომ რადგან არ მოუპოვებია ლიცენზიით განსაზღვრული მტკნარი წყალი, მოსაკრებლის გადახდა არ ევალებოდა. აღნიშნავს, რომ ლიცენზიით განსაზღვრულ ადგილას მტკნარი წყლის მოპოვება ვერ ხდება, რადგან ამ ნიშნულზე არ მოიპოვება წყალი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 ნოემბრის №29288 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გაანგარიშების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33665 ბრძანება და ამავე თარიღის №005-221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 221 685 ლარი, მათ შორის მოსაკრებელი 120 472 ლარი, ჯარიმა 60 236 ლარი და საურავი 40 977 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს ,,----------” (ს/ნ ----------) გადამხდელად დარეგისტრირებულია 2002 წლის 25 სექტემბერს. საწარმო ფლობს ორ ლიცენზიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, კერძოდ, წყაროს წყლის მოპოვებაზე (ჩამოსხმის მიზნით). აღნიშნულ ლიცენზიებს გადამხდელი ფლობს 2008 წლიდან.

გადასახადის გადამხდელის ლიცენზიების ათვისების გეგმის მიხედვით ბუნებრივი რესურსების მოპოვების გეგმიური რაოდენობა 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 8030 მ3 -ს წელიწადში. შესამოწმებელ პერიოდზე გადამხდელს წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოსაკრებელი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ, წყლის რესურსების მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებაზე მოსაკრებლის ოდენობაა 1მ3 -ზე 4 ლარი.

ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ პუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, - ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“, „დ1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებისა) და 11 პუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებისათვის გაანგარიშებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ამ მოსაკრებლის გადახდისათვის დადგენილ ვადაში წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ნაწილში არ ჰქონდა შესრულებული ზემოაღნიშნული კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დარიცხვას

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმო 2008 წლიდა ფლობს ორ ლიცენზიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე, კერძოდ, წყაროს წყლის მოპოვებაზე (ჩამოსხმის მიზნით). გადამხდელი აცხადებს, რომ ლიცენზიის ფარგლებში არ ხდებოდა მტკნარი წყლის მოპოვება.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ რადგან არ მოუპოვებია ლიცენზიით განსაზღვრული მტკნარი წყალი, მოსაკრებლის გადახდა არ ევალებოდა და შესამოწმებელ პერიოდზე წარმოდგენილი აქვს ნულოვანი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები. შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი მოსაკრებელი, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(4); 275;

ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანება, მუხლი 106; 107

საქართველოს კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ