გადაწყვეტილება №25322/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.06.2025
№ დოკუმენტი 25322/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25322/2/2025

27 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 16.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25322/2/2025).

 

დავის საგანი:

ჯართის შეძენების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან და შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 აპრილის №024-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11090 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 10 104 832.23 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 6 538 624.40

დღგ - (-34 910.60)

საშემოსავლო გადასახადი - 6 573 535

ჯარიმა - 3 286 767.50

საურავი - 279 440.33

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №2968 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 18 თებერვლამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: - შეძენების გარკვეული რაოდენობა განხორციელებულია ელექტრონულად სასაქონლო ზედნადებების მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით, შესყიდული ჯართი აღრიცხულია ჯართის აღრიცხვის სპეციალურ ჟურნალში, მაგრამ არ წარუდგენია შემოწმების დროს (წარადგინა ჟურნალების ქსეროასლის მცირე ნაწილი, რომლის მიხედვით მოქალაქეებიდან ჯართის შეძენა შეადგენს 103 659 ლარს). ასევე, არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული მოთხოვნილი ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების ანალიზით დგინდება, რომ საწარმოს გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები არ აქვს დეკლარირებული. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი გაწეული ხარჯების შესახებ დოკუმენტური ინფორმაცია, საგადასახადო ორგანო შეძენების დასადგენად დაეყრდნო კომპანიის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იყო წარდგენილი, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ით და ხარჯები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

ამდენად, შეძენილი ჯართის ღირებულება (დოკუმენტურად დაუდასტურებელი) განისაზღვრა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასებით. აღნიშნული მეთოდით გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკური პირებისგან შეძენილმა ჯართმა შეადგინა 24 439 780 ლარი, რომელსაც დაემატა 103 659 ლარი (წარდგენილი) და 24 543 439 ლარი დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით. გამოვლენილ სხვაობაზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. საწარმოს საქმიანობის შედეგად მიღებულმა თანხამ სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით შეადგინა 23 257 847 ლარი, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდება. აღნიშნული თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 აპრილის №6473 ბრძანება და №024-9 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 10 104 832.23 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 28 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 30 მაისის №11090 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-8, 49-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 1333 მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის ზეპირი განმარტებით, შეძენების ნაწილი განხორციელებული აქვს ფიზიკური პირებისგან (აქვს ჯართის შეძენის ათეულობით პუნქტი, სადაც ხდება ფიზიკური პირებისგან ჯართის მიღება) და მათ აღრიცხვას აწარმოებს სპეციალურ ჟურნალებში, თუმცა აღნიშნული მასალები არ წარუდგენია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე. კერძოდ, მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი შედგა 2025 წლის 10 მარტს (№188612). საწარმოს ასევე არ წარუდგენია საბუღალტრო აღრიცხვის ამსახველი დოკუმენტაცია (არ იყო წარდგენილი წინა საგადასახადო შემოწმების დროსაც). 2025 წლის 17 მარტს გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ჯართის შეძენის ჟურნალების ნაწილის ქსეროასლები. აღნიშნულ განცხადებაში გადასახადის გადამხდელს არ დაუფიქსირებია, რომ ჟურნალები ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს მიერ. ჟურნალების მიხედვით, ყველა შეძენა განხორციელებულია ფიზიკური პირებისგან. გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ფიქსირდება იმაზე მეტი ჯართის რეალიზაცია, რაც შეძენილია სასაქონლო ზედნადებებით, შესაბამისად, სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირებისგან შეძენილ ჯართად და ვინაიდან არ იყო წარდგენილი მათი შეძენის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად (აღსანიშნავია, რომ შემოწმების დროს წარდგენილი ჯართის შეძენების ჟურნალების ასლებში არსებული ინფორმაცია გათვალისწინებულია საგადასახადო ორგანოს მიერ), ამიტომ მათი შეძენის ღირებულების დასადგენად საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ით და ხარჯი განსაზღვრული იქნა დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. რაც შეეხება სალაროს ნაშთს, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთირთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. გაანგარიშებული თანხა, სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა არ დასტურდებოდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ამასთან, აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული შეძენების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა განპირობებულია საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილით და გამოყენებულია იმ შეძენებზე, რაზეც არ ყოფილა სასაქონლო ზედნადები გამოწერილი და არც შესყიდვის აქტებში და ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალში არ იყო შეტანილი.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება დარიცხულ თანხებს სრულად. მიაჩნია, რომ შემმოწმებელს საერთოდ არ აქვს შესწავლილი/აღრიცხული შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები (აღნიშნული დადასტურებულია შემოწმების აქტით). შემმოწმებელი უთითებს, რომ თითქოს საწარმოს დირექტორს არ მიუწოდებია ჟურნალები, მაგრამ სინამდვილეში ყველა ჟურნალი არის ამოღებული საგამოძიებო სამსახურის მიერ (შემოწმებაც დანიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ). არასწორია დოკუმენტალური შეძენებიდან ყველაზე მინიმალური ფასის აღება და მასზე სიტუაციური სახელმძღვანელოს 0256 მიყენება. არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება შემოსავლის აღრიცხვა და ხარჯის დამალვა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემმოწმებელს საერთოდ არ აქვს შესწავლილი (როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯის ნაწილში, მათი მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე) შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემმოწმებელი ასეთ აბსურდულ ციფრს ვერ მიიღებდა. შესაბამისად, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებით შესწავლა, ვინაიდან შემმოწმებელიც ადასტურებს, რომ მას არ აქვს სრულყოფილად შესწავლილი შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალები. შავი და ფერადი ლითონის ჯართის რეალიზაციაზე, რომლის შეძენაც არ არის დოკუმენტალურად დაფიქსირებული (ანუ შემმოწმებელმა დაადასტურა, რომ შავი და ფერადი ლითონის ჯართის ჟურნალები მას საერთოდ არ შეუსწავლია), შემოწმებით

გამოყენებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელო 0256, ხოლო ხარჯების განსაზღვრისთვის - მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტალურად დაფიქსირებული მინიმალური ფასები. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის პირველ ნაწილზე და ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 393 მუხლზე და აღნიშნავს, რომ ამ ნორმების გათვალისწინებით მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი თანხების გაანგარიშება, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით (3%).

უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ გაუგებარია და ლოგიკას არის მოკლებული არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ხარჯების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. აღნიშნულ შემთხვევაში მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული, რომ საქონელი ნამდვილად შეძენილია ფიზიკური პირისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც საქონელი იყოს დოკუმენტალურად დაუდასტურებელი, გადასახადის გადამხდელს ბუნებრივია არ აქვს მისი წყაროსთან დაკავების ვალდებულება. თუ შემმოწმებლის ლოგიკას გავიზიარებთ და ვიტყვით, რომ ხარჯი არსად არ არის დაფიქსირებული, მაშინ ელემენტალურად ჩნდება ლოგიკური კითხვა, საიდან დაადგინა შემმოწმებელმა, რომ აღურიცხავი ჯართი არის შეძენილი მაინცდამაინც ფიზიკური პირისაგან? ბუნებრივია, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება შემმოწმებელს ბუნებაში ვერ ექნება, ხოლო აღნიშნულ ნაწილში მტკიცების ტვირთი მთლიანად არის შემმოწმებელზე, ვინაიდან მხოლოდ ფიზიკური პირისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით.

ასევე, შესყიდვის აქტების საფუძველზე ფიზიკური პირებისგან შეძენილი შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართი არ უნდა ყოფილიყო გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგრილი, ვინაიდან თუ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონელი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან, მაშინ გაუგებარია შესყიდვის აქტით შეძენილი, რომელსაც იგივე სამართლებრივი დატვირთვა გააჩნია და იგივენაირად არის ხარჯის დოკუმენტი, ისევე როგორც მაგალითად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რატომ უნდა დაიბეგროს გადახდის წყაროსთან? ის გარემოება, რომ საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მე-2 ნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით შეძენილ საქონელს, დასტურდება ასევე იმით, რომ აღნიშნული მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჯართის შეძენას, ანუ გამოდის, რომ ზედნადებით შეძენილ ჯართზე გადასახადი უნდა დაუკავოს გადამხდელმა, ხოლო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილზე, რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გადასახადი უნდა დაუკავოს, რაც ბუნებრივია არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ასევე გაუგებარია, რატომ იქნა გამოყენებული შემოწმებით გადამხდელის მიერ იგივე პერიოდში ანალოგიურ საქონელზე დოკუმენტალური შეძენის მინიმალური ფასები. აღნიშნულ ნაწილში ასევე შესასწავლია თუ რამდენად სწორედ დაადგინა შემმოწმებელმა იდენტური საქონელი და რატომ არ გამოიყენა საშუალო ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საკითხის დამატებით შესწავლა. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11090 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.

3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:

ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;

ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ კომპანიის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონების შეძენა-რეალიზაცია. ელექტრონული ბაზების დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შეძენების ნაწილი განხორციელებული აქვს ელექტრონულად, სასაქონლო ზედნადების მეშვეობით. მომჩივნის ზეპირი განმარტებით, შეძენების დარჩენილი ნაწილი განხორციელებული აქვს ფიზიკური პირებისგან (აქვს ჯართის შეძენის ათეულობით პუნქტი, სადაც ხდება ფიზიკური პირებიდან ჯართის მიღება) და მათ აღრიცხვას აწარმოებს სპეციალურ ჟურნალებში, თუმცა მათი წარდგენა არ მოუხდენია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე. ოქმი №188612 შედგა 2025 წლის 10 მარტს, რადგან საწარმო 2025 წლის 19 თებერვალს ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის წერილს, რომელიც გამოცემულია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე და გადასახადის გადამხდელს ავალდებულებდა 5 სამუშაო დღის ვადაში წარედგინა დაბეგვრასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

საწარმოს ასევე არ წარუდგენია საბუღალტრო აღრიცხვის ამსახველი დოკუმენტაცია (ის არ იყო ასევე წარდგენილი წინა საგადასახადო შემოწმების დროსაც). ამის შემდეგ, 2025 წლის 17 მარტს, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტში წარადგინა ჯართის შეძენის ჟურნალების ნაწილი ქსეროასლები. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი შედგა 2025 წლის 21 მარტს და გადასახადის გადამხდელს 17 მარტის განცხადებაში არ დაუფიქსირებია, რომ ჟურნალები ამოღებულია საგამოძიებო ორგანოს მიერ. ჟურნალების მიხედვით ყველა შეძენა განხორციელებულია ფიზიკური პირებიდან. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დგინდება, რომ გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები ნაჩვენები არ არის.

გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით ფიქსირდება იმაზე მეტი ჯართის რეალიზაცია, რაც შეძენილია სასაქონლო ზედნადებებით. შესაბამისად, სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირებიდან შეძენილ ჯართად და ვინაიდან არ იყო წარდგენილი მათი შეძენის ამსახველი დოკუმენტაცია სრულად (აღსანიშნავია, რომ შემოწმების დროს წარდგენილი ჯართის შეძენების ჟურნალების ასლებში არსებული ინფორმაცია გათვალისწინებულია საგადასახადო ორგანოს მიერ), ამიტომ მათი შეძენის ღირებულების დასადგენად აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256-ით და ხარჯი განსაზღვრა დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით.

აღნიშნული თანხა, საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. რაც შეეხება სალაროს ნაშთს, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, დაანგარიშებულ იქნა შემდეგნაირად: გადასახადის გადამხდელის ელექტრონული ბაზების, წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების და სხვა მონაცემების ურთირთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში. კომპანიის საქმიანობის შედეგად დარჩენილი თანხა, სალაროს გონივრული ნაშთის გათვალისწინებით, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდებოდა, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველი ორგანოს სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

ჯართის შეძენების დაბეგვრა გადახდის წყაროსთან და შემოწმებით გაანგარიშებული ფულადი სახსრების ნაშთის საწარმოს დირექტორის ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმება შეძენების დასადგენად დაეყრდნო გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებით განხორციელებულ შეძენებს სრულად, ხოლო შეძენების იმ ნაწილზე, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი, იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯი განსაზღვრულ იქნა მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ღირებულებით. აღნიშნული მეთოდით გაანგარიშდა ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის ოდენობა, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ამასთან, შემოწმების მიერ შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და საწარმოს საქმიანობის შედეგად შემოსული თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯვა შემოწმებით არ დასტურდება, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 101; 154; 1333.