გადაწყვეტილება №19457/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19457/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19457/2/2023

11.05.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"- ის 20.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19457/2/2023).

დავის საგანი:

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 341 936,08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 207 919

დღგ - 202 102

საშემოსავლო გადასახადი - 5 817

ჯარიმა - 59 048

საურავი - 74 969,08

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე.

შემოწმების შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი (18.03.2019 წელი). მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №001-248 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 160-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე,მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ხოლო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს შეუძლია გამოისყიდოს უძრავი ქონება, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კერძოდ საჩივარს თანდართულია ხელშეკრულებები გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში; გამყიდველი ვალდებულია გამოსყიდვის უფლების არ გამოყენების შემთხვევაში, გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლასთან ერთად, ნივთის მფლობელობა გადასცეს ნივთის მყიდველს; აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გამყიდველმა, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლება და აღნიშნული ქონების მესაკუთრე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გახდა. აღნიშნული მაგალითიდან ნათელია, რომ შემმოწმებელი ვერ გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში, რამაც გამოიწვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არასწორი შეფასება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილსა და მე-16 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 160 მუხლის საფუძველზე მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. სადავო ხელშეკრულებების შესაბამისად, რაც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, (ციტირება): ,,ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მხარეებს ეკრძალებათ ნასყიდობის საგნის გაყიდვა, იპოთეკით და სხვა ვალდებულებით დატვირთვა(იხ. უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). შესაბამისად გამოსყიდვის ვადის განმავლობაში „--------“ - (პ/ნ "-------" ) - ეს ეკრძალება მასზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ იპოთეკით და სხვა ვალდებულებებით დატვირთვა, ანუ ის ვერანაირად ვერ ჩაითვლება გამოსყიდვის ვადის განმავლობაში ქონების მესაკუთრე და უძრავი ქონების რეგისტრაცია წარმოადგენს გამოსყიდვის ვადის ფარგლებში მხოლოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სადავო ოპერაციების, საქონლის მიწოდებად განხილვა, ანუ შემმოწმებელმა საქონლის მიწოდებად და დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განიხილა ხელშეკრულება, რომლის სახელწოდება არის: ,,გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება“ რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს დარიცხვის უკანონობაზე.

აღნიშნული სადავო ოპერაციის მთელი შინაარსი, მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ხელშეკრულებები არ შეიძლება განხილული იქნეს დამოუკიდებელ ოპერაციად/საქონლის მიწოდებად, ვინაიდან გამოსყიდვის ვადის ფარგლებში ჰქონდა არა უფლება, არამედ პირდაპირი ვალდებულება, რაც დაფიქსირებულია საჯარო რეესტრის ამონაწერში, რომ გამოსყიდვის ვადის განმავლობაში, თანხის დაბრუნების პირობებში, უპირობით დაებრუნებინა უძრავი ქონება. ასევე საჩივარზე დართულია აუდიტორზე მიწერილი წერილი, თუ რატომ უნდა იქნას ხელშეკრულებები თავიდან შესწავლილი. ბინების ნაწილი იგივე პიროვნებებზე იქნა დაბრუნებული, ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, რაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმების ნაწილი იყო და შესაბამისად დოკუმენტურადაც დასტურდება, რომ აღნიშნული ბინები იგივე პიროვნებებს ან ურთიერთდამოკიდებულ მათივე შვილს ააქვს გადაფორმებული, აღნიშნულის გადამოწმება შემმოწმებელს მარტივად შეუძლია, როგორც ხელშეკრულებების, ასევე მესამე პირების გამოკითხვით, რაც ფაქტიურად არ მომხდარა.

მომჩივანი ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის მიხედვით გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭო მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სხვადასხვა ფიზიკური პირისაგან შეძენილი აქვს უძრავი ქონებები ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით. მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოისყიდოს უძრავი ქონება. შემოწმებით, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად განიხილა ხელშეკრულება, რომლის სახელწოდება არის: ,,გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება“, რაც მიაჩნია არასწორად, რადგან უძრავი ქონების გამყიდველისთვის დაბრუნება განხილულია საქონლის მიწოდებად. აღნიშნული ხელშეკრულებები არ შეიძლება განხილული იქნეს დამოუკიდებელ ოპერაციად/საქონლის მიწოდებად, ვინაიდან გამოსყიდვის ვადის ფარგლებში ფ/პ "-------" -ს ჰქონდა ვალდებულება, რომ გამოსყიდვის ვადის განმავლობაში, თანხის დაბრუნების შემთხვევაში, უპირობოდ დაებრუნებინა უძრავი ქონება პირვანდელი მესაკუთრისთვის. ამასთან, ნასყიდობა-გამოსყიდვით უფლებით არსებული ხელშეკრულების დასრულების შემდგომ უძრავი ქონების დაბრუნება მოხდა იგივე მეპატრონეზე ან მისი პირველი რიგის მემკვიდრეზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, იმ ქონების, რომელთა გამოსყიდვაც მათ შორის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით), თუ აღნიშნული დადასტურდება გამოსყიდვის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლებას, საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6244 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით), თუ აღნიშნული დადასტურდება გამოსყიდვის განმახორციელებელი ფიზიკური პირის მიერ;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ ფაქტობრივი გარემოების დადგენას.

ასევე,არ ეთანხმება სადავო ოპერაციების, საქონლის მიწოდებად განხილვას.

აღნიშნავს ,რომ სადავო ხელშეკრულებები არ შეიძლება განხილული იქნეს დამოუკიდებელ ოპერაციად/საქონლის მიწოდებად, ვინაიდან გამოსყიდვის ვადის ფარგლებში ჰქონდა არა უფლება, არამედ პირდაპირი ვალდებულება, რაც დაფიქსირებულია საჯარო რეესტრის ამონაწერში, რომ გამოსყიდვის ვადის განმავლობაში, თანხის დაბრუნების პირობებში, უპირობით დაებრუნებინა უძრავი ქონება.

მომჩივანი ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7-ე ნაწილის მიხედვით გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 18 უძრავი ქონება. ასევე, შეძენილი და რეალიზებული აქვს 12 უძრავი ქონება სხვადასხვა პირებზე.

შემოწმების შედეგად, უძრავი ქონების როგორც დაბრუნება, ისე რეალიზაცია ჩაითვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, შესაბამისად განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.

მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლებას,საბჟო მიიჩნევს ,რომ არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების და მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

157(1),161(1),171(1),159(1),163(1),160(5),282,275.