გადაწყვეტილება №27026/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.05.2026
№ დოკუმენტი 27026/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27026/2/2026

20 მაისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.04.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------" 27.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27026/2/2026).

 

დავის საგანი:

1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა;

2.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლება;

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის №024-133 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2634 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 28 045.95 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 15 079.97

ჯარიმა - 5 034.59

საურავი - 7 931.39

 

პროცედურული გარემოებები:

მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა სურსათითა და კვების პროდუქტებით. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22068 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 15.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის №27608 ბრძანება და №024- 133 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.02.2026 წლის №2634 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შემოწმების შედეგად განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერების და სხვადასხვა ახსნაგანმარტების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 2 ივნისს. შესაბამისად, ამ თარიღიდან მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. რეგისტრაციის შემდგომ, 2024 წლის ივნისში, გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა, დღგის გარეშე, ჩამოსცდა 100 000 ლარს, ამასთან, მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი. შესაბამისად, 2024 წლის პირველი ივლისიდან მეწარმეს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.

შემოწმებით დადგინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 100 692 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე, 158-ე, 165-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 1651 , 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღისა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

უცნობია როგორ იქნა გაანგარიშებული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, კერძოდ, როგორ იქნა გამიჯნული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები. ითხოვს შემოწმებასთან ერთად გაიაროს აღნიშნული საკითხი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენებ საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული ამ კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციების (გარდა ოპერაციებისა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ამ კოდექსის 165-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით) ჯამური თანხა დღგ-ის გარეშე 100 000 ლარს არ აღემატება და მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული, მას შეუძლია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 2 ივნისიდან წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. შემდგომ, ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი შემოსავლების ჩამოცდა 100 000 ლარიან ზღვარს, რაზეც 2024 წლის პირველი ივლისიდან გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. გაანგარიშდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისას დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 100 692 ლარი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ უცნობია როგორ იქნა გაანგარიშებული დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, კერძოდ, როგორ იქნა გამიჯნული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი და დაუბეგრავი ბრუნვები. ითხოვს შემოწმებასთან ერთად გაიაროს აღნიშნული საკითხი.

სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №------- წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც აღნიშნულია, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა მომჩივნის მიერ მიწოდებული ამონაწერებით, მისი ახსნაგანმარტებებითა და ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად. ამასთან, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი მოსმენისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელი ინფორმირებული იყო აღნიშნულის შესახებ და თავადაც მონაწილეობდა (წარმოადგინა სხვადასხვა ახსნა-განმარტებები) დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის დადგენაში.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლის უფლება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მეწარმის მიერ არ არის ჩათვლილი. საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ ჩათვლებში აისახა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე კუთვნილი დღგ-ის თანხა, სულ 3 045 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის განსაზღვრა. ამასთან, მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2026 წლის №------- წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს მიღებული აქვს ანგარიშფაქტურები, რომლებიც არ არის ჩათვლილი. შემოწმების მიერ ჩათვლებში აისახა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე კუთვნილი დღგ-ის თანხა, სულ 3 045 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას, თუმცა დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე, არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 16.12.2025 წლის №024-133 საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა - 5 034.59 ლარი და საურავი - 7 931.39 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამასთან, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს შემოწმებასთან ერთად გაიაროს აღნიშნული საკითხი.

2.გადამხდელი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგ-ის ჩათვლას.

3.მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 2 ივნისს. შესაბამისად, ამ თარიღიდან მომჩივანს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. რეგისტრაციის შემდგომ, 2024 წლის ივნისში, გადამხდელის მიერ ბოლო 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე, ჩამოსცდა 100 000 ლარს, ამასთან, მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან გასულია 1 წელი. შესაბამისად, 2024 წლის პირველი ივლისიდან მეწარმეს გაუუქმდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. შემოწმებით დადგინდა, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 100 692 ლარი, რაც დაიბეგრა დღგ-ით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

2.გადამხდელს მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც მეწარმის მიერ არ არის ჩათვლილი. სსკ-ის 174-ე და 175-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ ჩათვლებში აისახა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდში შეძენილ საქონელზე კუთვნილი დღგ-ის თანხა.

3.შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და ამ ნაწილში მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი ამ ნაწილში გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

3.საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

1651,174,175,282.