გადაწყვეტილება №25167/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2025
№ დოკუმენტი 25167/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25167/2/2025

28 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 12.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტაციის თარიღი;

2. ჩასათვლელ თანხებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გაუთვალისწინებლობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №006-43 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მაისის №8777 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 111 220.69 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 74 823.36

ჯარიმა - 22 245.90

საურავი - 14 151.43

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარესტორნე მომსახურების გაწევა. კერძოდ, -------- რაიონის სოფელ -------ში საწარმოს ჰქონდა იჯარით აღებული შენობა, სადაც ფუნქციონირებდა რესტორანი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №3931 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 30 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 21 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №5653 ბრძანება და №006-43 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 111 220.69 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 10 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 6 მაისის №8777 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №006-43 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 6 მაისის №8777 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტაციის თარიღი

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისთვის შემოსავლების სამსახურს მიმართა 2025 წლის 12 თებერვალს და მოითხოვა 2023 წლის 1 იანვრიდან დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია. მიმართვის საფუძველზე, 2023 წლის 1 იანვრიდან კომპანიას მიენიჭა დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და მომჩივნის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ 2022 წლის 13 დეკემბერს მომსახურების მიწოდებით გაწეულმა ოპერაციების ჯამმა გადააჭარბა 100 000 ლარს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით დადგენილი სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები. აღნიშნულის შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2025 წლის 24 აპრილს --:--- სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 158-ე, 165-ე, 282-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან მიმართებით, რომ საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ჯარიმა დაერიცხა როგორც საგადასახადო სამართალდარღვევის, ისე საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობით, კერძოდ, 6 000 ლარით შემცირებულია საგადასახადო შემოწმების შედეგად დასარიცხი ჯარიმის საერთო თანხა.

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით მართლზომიერად განხორციელდა საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის ჯარიმის განსაზღვრა.შესაბამისად, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ სანქციებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 282-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მარტის №006-43 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიამ საქმიანობა დაიწყო 2022 წლის ივნისის თვიდან. შემოწმების შედეგად დღგ-ის რეგისტრაციის სავალდებულო თარიღად განსაზღვრა 2022 წლის 13 დეკემბერი. აღნიშნულ ვადას არ ეთანხმება იმის გამო, რომ საწარმოს შემოსავალი 2023 წლის 1 იანვრამდე შეადგენს 96 145 ლარს. 2025 წლის 12 თებერვალს შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით დღგ-ის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 2025 წლის 18 თებერვლის №011-66 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საწარმო დაჯარიმდა 6 000 ლარით, ხოლო შემოწმების აქტის მიხედვით ასევე დაჯარიმებულია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, 22 246 ლარით.

მომჩივანი ითხოვს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის სწორად განსაზღვრას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №---21-14 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმების ფარგლებში გაანგარიშდა საზოგადოების შემოსავლები და განისაზღვრა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი - 2022 წლის 13 დეკემბერი. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ანგარიშებზე არსებული შემოსავლებით. მოცემული გაანგარიშება 2025 წლის 26 თებერვალს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა გადასახადის გადამხდელს, რომელზეც განსხვავებული პოზიცია არ წარუდგენია.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ვინაიდან შემოწმების აქტის შედგენამდე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო სამართალდარღვევის №011-66 ოქმის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა - 6 000 ლარი - დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, შემოწმების მიერ ჯარიმის საბოლოო თანხა შემცირდა 6 000 ლარით.

აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე დავების განხილვის საბჭოში დავის განხილვისას, მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა გადასახადის გადამხდელი არ დაესწრო დავის განმხილველ სხდომებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ჩასათვლელ თანხებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

შემოწმების მიერ გაანგარიშდა საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით დადგენილი სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 174-ე, 175-ე, 176- ე და 180-ე მუხლებზე.

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გათვალისწინებას. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა დადასტურებაც ვერ მოხერხდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის გამო.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები გათვალისწინებულია სრულად და აღნიშნულით შემცირებულია დღგ-ის გადასახდელი თანხა. ამასთან, შემოწმებამ იხელმძღვანელა კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებისა და საბანკო ანგარიშების ამონაწერებში დაფიქსირებული შემოსავლებით და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვრა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, მომჩივანი წარდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტს არ ეთანხმება დღგ-ის გაანგარიშებაში. კერძოდ, ჩასათვლელი დღგ-ის განსაზღვრაში. დღგ-ის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დადასტურება ვერ მოხერხდა არაკვალიფიციური სტატუსის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების სრულად ჩათვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №-------21-14 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მოთხოვნილი დღგ-ის ჩათვლა გათვალისწინებულია და აღნიშნული ჩათვლით შემცირებულია დღგ-ის გადასახდელი თანხა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტაციის თარიღი და ჩასათვლელ თანხებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სრულად გაუთვალისწინებლობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №3931 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 30 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №5653 ბრძანება და №006-43 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 111 220.69 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №8777 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის №006-43 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №8777 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1) ;159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 165(1.2); 174(1.2.3); 175(1 „ა“); 176(1 „ა“ და „ბ“); 180(1);