გადაწყვეტილება №21637/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21637/2/2023
16 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 18.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21637/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №002-229 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29359 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 102 720,54 ლარი.
მათ შორის: დღგ - 50 799
ჯარიმა - 26 098
საურავი - 25 823,54
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა. აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №16217 ბრძანებით დანიშნულია მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2020 წლის იანვრის, მარტის, მაისის, ივნისის, ივლისის, 2022 წლის დეკემბრისა და 2023 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის შემოწმების მიზნით. შემოწმების შედეგები ასახულია აუდიტის დეპარტამენტის 26.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 609 840 ლარს. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის) საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით. კომპანიის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 2020 წლის იანვრის, ივნისის, ივლისის, 2022 წლის დეკემბრის და 2023 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციები, რომელთა მიხედვითაც დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 30 765 ლარს. პირველადი საგადასახადო დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადამხდელს საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს საბაჟო დეკლარაცია №--- (დღგ 5 431 ლარი) და №--- (დღგ 8 290 ლარი), რომლებიც არ აქვს ჩათვლილი. აღნიშნულ საკითხზე გადასახადის გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია საბაჟო დეკლარაციით ჩასათვლელი დღგ-ის თანხასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელმა ითხოვა საბაჟო დეკლარაციაში განსაზღვრული დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდა (გაიზარდა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხები 13 721 ლარით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №002-229 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29359 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 609 840 ლარს. შემოწმებით დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ ავანსად მიღებულ და არაშესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში დაბეგრილ თანხებთან დაკავშირებით საჩივარში აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით ყველა ავანსი გათვალისწინებულია (განაშთულია).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შემოწმების მიერ შესწავლილია კომპანიის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები. იქიდან გამომდინარე, რომ შემოწმებამ შეისწავლა კამერალურად კონკრეტული თვეები მხედველობაში სრულად არ ჰქონდა გათვალისწინებული ავანსად დაბეგრილი წინა პერიოდის თანხები, მხოლოდ რომელზეც ანგარიშფაქტურები იყო ისინი გაითვალისწინა და დააწყვილა მაგის მიხედვით, თუმცა იყო შემთხვევებიც, რომ კომპანიის მიერ იყო დაბეგრილი ავანსი, მაგრამ არ გამოუწერია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისად უნდა შემცირდეს დარიცხული თანხები. ასევე, შემმოწმებელმა გაითვალისწინა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ნაწილი რამდენიმე საბაჟო ოპერაცია და მიღებული ანგარიშ-ფაქტურები, რეალურად როგორც შემოსავალი, ასევე დღგ-ის ჩასათვლელი თანხები არ იყო დეკლარირებული კონკრეტულ თვეებზე, მაგრამ შემმოწმებელმა აქაც ნაკლები თანხა გაითვალისწინა და სრულად არ გაუთვალისწინებია დღგ-ის ჩასათვლელი თანხები (საბაჟო დეკლარაციები, გამოსაწერი და გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს უფლება შემმოწმებელს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება და დოკუმენტაცია, თუ სად რა თანხაა გადასაქვითი და რატომ შემოსავლებში და სად რა თანხაა გასათვალისწინებელი დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტაციით შემმოწმებლებს უნდა დაევალოს შეისწავლონ საკითხი ხელახლა და შესაბამისად მოახდინონ თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:
1. თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/ მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, პირის მიერ გადახდილი ანაზღაურება ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ანაზღაურების მიღების მომენტში სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
ა) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება;
ბ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების რაოდენობა/ მოცულობა;
გ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონლის/ გასაწევი მომსახურების ღირებულება;
დ) განსაზღვრულია მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ თუ გათავისუფლებულ ოპერაციას.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა. შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 609 840 ლარს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია მომჩივნის მიერ გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტების მიხედვით, ხოლო მომჩივანს მითითებული აქვს არგუმენტაცია არაშესამოწმებელ პერიოდებში დაბეგრილ ავანსებთან და ჩასათვლელი დღგ-ის თანხებთან დაკავშირებით, თუმცა არ წარმოადგენს ინფორმაცია/დოკუმენტაციას, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2023 წლის №002-229 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.11.2023 წლის №29359 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159; 163; 164; 180;
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 175.