ბრძანება N 7199

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.04.2023
№ დოკუმენტი 7199
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7199

04.04.2023

შპს „-------------“ (ს/ნ ----------)

(მის.: -----------)

2023 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №26) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) №78159/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №055-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შეძენილი ფიცრის მასალის გადამუშავების შედეგად დაფიქსირდა საწარმოო დანაკარგი 30% და აღნიშნული ფაქტის გამო არ უფიქსირდება სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი, ხოლო ის თანხა რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით წარმოადგენს მომწოდებლებზე გადახდილ დავალიანებას. ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №20325 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------------“ (ს/ნ -------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 დეკემბრის №31853 ბრძანება და ამავე თარიღის №055-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 22 644 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 426 ლარი, ჯარიმა 6 714 ლარი, საურავი 2 504 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:

 შპს ,,---------“ (ს/ნ ----------) გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2015 წლის 10 ივნისს. საქმიანობის სახეს წარმოადგენს დაზიანებული და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრის, გადაბელვისა და ფორმირების სამუშაოების შესრულება. შპს ,,----------“ სახელზე რეგისტრირებულია სახერხი-საამქრო, სადაც ფიქსირდება მორების შეტანა/დამუშავება. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფო ტენდერში. გადამხდელის წერილობით წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი არ უფიქსირდება. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვას, ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად განხორციელდა მიღებული და გაცემული თანხების მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდილი თანხა. შპს ,,---------“ სასაქონლო ზედნადებით შეძენილი აქვს 33.24 კუბური მეტრი ფიცარი, დოკუმენტით რეალიზებულია 25.29 კუბური მეტრი, დარჩენილი ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად და დაექვემდებარა შპს ,,---------“ ერთობლივ შემოსავალში ასახვას.

ასევე, შემოსავლის განსაზღვრაში გათვალისწინებულია ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან და სახერხი საამქროს მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. სახერხ-საამქროდან შესამოწმებელი პერიოდის მანძილზე სულ გატანილია 203.45 კუბური მეტრი ფიცარი, გადამხდელისა და მესამე პირებისაგან წარმოდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად 1 კუბური მეტრზე სახერხი საამქროს მომსახურების ღირებულებად გათვალისწინებულია 2019-2021 წლებში 30 ლარი, ხოლო 2022 წელს-40 ლარი. ნაშთად დარჩენილი თანხა, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, დაექვემდებარა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემებად დაკვალიფიცირებას. აღნიშნული პრინციპით განსაზღვრული ხელფასის სახით განაცემები დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად კუთვნილი საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 შპს ,,---------“ საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება მომსახურების საფასურის გადახდა ფიზიკურ პირებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა დეკლარაციაში თანხის შემცირების გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში, შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი ფორმითა და წესით, ხოლო სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, განხორციელდა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რის შედეგადაც ნაშთად დარჩენილი თანხა, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მეთოდური მითითების შესაბამისად, დაექვემდებარა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემებად კვალიფიცირებას. ასევე, საწარმოს საბანკო ანგარიშიდან ფიქსირდება მომსახურების საფასურის გადახდა ფიზიკურ პირებზე, რაც შემოწმებით დაბეგრილი იქნა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა რომ შპს ,,----------“ კუთვნილი სახერხი საამქრო მდებარეობს ---------ის რაიონ სოფელ ---------ში. კომპანიას სასაქონლო ზედნადებით შეძენილი აქვს 33.24 კუბური მეტრი ფიცარი, ხოლო დოკუმენტით რეალიზებულია 25.29 კუბური მეტრი, დარჩენილი ნაშთი (7,95) ჩაითვალა რეალიზებულად (შემმოწმებლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, დღგ-ის რეგისტრაციამდე პერიოდში ჩაითვალა რეალიზებულად, რადგან დღგ-ის რეგისტრაციის მომენტში გადამხდელს აღნიშნულ საქონელზე არ ჰქონდა ჩათვლა მიღებული) და დაექვემდებარა შპს ,,------" ერთობლივ შემოსავალში ასახვას. გარდა ამისა, ფიცრები რომლებიც შეიძინა ზედნადებით გადატანილი აქვს თბილისიდან ბათუმში, შესაბამისად, ფიცრები გადამხდელის კუთვნილ სახერხში არ მოხვედრილა და არც სხვა სახერხში დახერხვის ფაქტი ფიქსირდება. ამასთან შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკარგთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა/შეფასება, ფიცრის გადამუშავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ასევე, გადამხდელის არგუმენტთან, მომწოდებლებზე გადახდილი თანხის საშემოსავლო გადასახადით (20%-ით) დაბეგვრასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ შპს ,,----------“ საბანკო ანგარიშის მიხედვით, ფიქსირდება ფიზიკურ პირებზე მომსახურების საფასურის გადახდა. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შეძენილი ფიცრის მასალის გადამუშავების შედეგად დაფიქსირდა საწარმოო დანაკარგი 30% და აღნიშნული ფაქტის გამო არ უფიქსირდება სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთი, ხოლო ის თანხა რაც დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით წარმოადგენს მომწოდებლებზე გადახდილ დავალიანებას. ითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს დაზიანებული და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრის, გადაბელვისა და ფორმირების სამუშაოების შესრულება. ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფო ტენდერში. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვას, ამიტომ საგადასახადო ვალდებულებების განსასაზღვრად, შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად დადგენილ იქნა მიღებული/მისაღები ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი და ბიუჯეტში გადახდილი თანხა. დარჩენილი ნაშთი ჩაითვალა რეალიზებულად და დაექვემდებარა ერთობლივ შემოსავალში ასახვას. ასევე, შემოსავლის განსაზღვრაში გათვალისწინებულია ტენდერების ფარგლებში მიღებული შემოსავლები, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხები, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთან და სახერხი საამქროს მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები. გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკარგთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივნის მიერ არც შემოწმებისთვის და არც დავის წარმოების ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებას. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5. 9); 101; 102; 136 (3); 154; 275.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ მეთოდური მითითება