გადაწყვეტილება №20935/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20935/2/2023
06 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "------"(ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ს 28.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20935/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №006-390 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №21644 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 70 080,39 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 42 596
ჯარიმა - 11 832
საურავი - 15 652,39
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2020 წლის 1 იანვრიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლიდან გადამხდელს სააღრიცხვო დოკუმენტებით და საბანკო ამონაწერებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განესაზღვრა 236 643 ლარის ოდენობით.
შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე, 161-ე, 2021 წლიდან მოქმედი 158-ე და 159-ე მუხლების მიხედვით, განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს №18944 ბრძანება და ამავე თარიღის №006-390 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.09.2023 წლის №21644 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ ნორმებზე, კერძოდ: 157-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია 2020 წლის 1 იანვრიდან, როდესაც აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13901 ბრძანებით შემოწმებით შესამოწმებელი პერიოდი განსაზღვრული იყო 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე და აუდიტორებს დაევალათ ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის შესწავლა. ანუ აღნიშნულ პერიოდში უწევდა თუ არა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია. ხოლო აუდიტორმა გამოიყენა 2019 წლის 1 იანვრიდან რეალიზაცია და დღგ-ის გადამხდელად დააყენა 2020 წლის 1 იანვარს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლზე და აცხადებს, რომ მოდიან აუდიტორების ქმედებები ეწინააღმდეგება აღნიშნულ მუხლს. აუდიტორმა დღგ-ის მიზნებისთვის გამოიყენა ხანდაზმული პერიოდი, რითაც განსაზღვრეს შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში რამაც გავლენა იქონია დარიცხვაზე. კანონმდებლობაში არსად არ წერია ხანდაზმული პერიოდი გამოყენებული იყოს მარტო დღგ-ის რეგისტრაციის სისწორის დადგენის დროს, სრულ კამერალურ შემოწმებაში რომ გადაზრდილიყო შემოწმება სხვა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას ვინაიდან დღგ-ის მიზნებისთვის გამიყენა ხანდაზმული პერიოდი გამოიყენებდა თუ არა ხანდაზმულ პერიოდს.
მომჩივანი ასევე მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ აუდიტორების ლოგიკითაც, კი რო ჩაითვალოს რომ 2020 წლის 1 იანვარს უწევდა სავალდებულო რეგისტრაცია არც 2020 წელს, არც 2021 წელს და მითუმეტეს 2022 წელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს, მისი დღგ-ის გადამხდელად უკანასკნელი რეგისტრაციის თარიღიდან 1 წელია გასული. ვინაიდან აუდიტორები მიიჩნევენ რომ 2020 წლის 1 იანვარს უწევდა სავალდებულო რეგისტრაცია მაგრამ რეგისტრაციის თარიღიდან ერთი წლის თავზე ანუ 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გასულია 1 წელი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს უნდა გაუქმდეს დღგ-ის რეგისტრაცია.
მომჩივანს მიაჩნია, რომ დარიცხვა არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს სრულად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურები გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო შემოწმების შედეგად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად დაუდგინდა 2020 წლის 1 იანვარი. მომჩივანს მიაჩნია, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლს, ვინაიდან აუდიტორმა დღგ-ის მიზნებისთვის გამოიყენა ხანდაზმული პერიოდი, რითაც განსაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები დღგ-ის ნაწილში და რამაც გავლენა იქონია დარიცხვაზე. 2020 წლის 1 იანვარს რომც უწევდეს სავალდებულო რეგისტრაცია, არც 2020 წელს, არც 2021 წელს და მითუმეტეს 2022 წელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ აღემატება 100 000 ლარს.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გარკვეული მოქმედების განხორციელების (მათ შორის, საგადასახადო შემოწმების) უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით არის გათვალისწინებული. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. შესაბამისად, სადავო შემოწმების ფარგლებში 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება ვერ განხორციელდებოდა.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) ათვლა უნდა განხორციელდეს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (1.01.2020 წლიდან).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №21644 ბრძანება;
3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა და დამატებით დასარიცხი დღგ-ის გამოანგარიშება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანს მიაჩნია, რომ დარიცხვა არის სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2020 წლის 1 იანვრიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლიდან გადამხდელს სააღრიცხვო დოკუმენტებით და საბანკო ამონაწერებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განესაზღვრა.
შემოწმებით, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე, 161-ე, 2021 წლიდან მოქმედი 158-ე და 159-ე მუხლების მიხედვით, განისაზღვრა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ოპერაციების (გარდა დღგ-სგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) ათვლა უნდა განხორციელდეს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან (1.01.2020 წლიდან).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
157,158,159,163(2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი)
282(1).