ბრძანება N 14615
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 14615
02 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------)
(მის.: ---------------------------------)
2025 წლის 18 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) 2025 წლის 18 ივნისის №96318/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 მაისის №006-134 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ დღგით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციების ნაწილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისგან, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ბრუნვის გაანგარიშებისას. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე მომწოდებლების მხრიდან გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ითხოვს დღგ-ის ჩათვლის უფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აპრილის №7066 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 30 მაისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 20 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 27 მაისის №10623 ბრძანება და ამავე თარიღის №006–134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 232 983 ლარი, მათ შორის, გადასახადი 131 993 ლარი, ჯარიმა 73 913 ლარი და საურავი 27 077 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სარესტორნე მომსახურების გაწევა. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელს არ წარმოუდგენია შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაშიფვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლოზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, ფიქსირდება შემოსავლები საკონტროლოსალარო აპარატსა და პოსტერმინალებზე. შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად: გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს დაემატა საკონტროლო-სალარო აპარატზე და პოსტერმინალებზე დაფიქსირებული ბრუნვები და გათვალისწინებული იქნა გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვები. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე,საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით ასევე გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;
გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:
ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;
ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, საკონტროლო-სალარო აპარატის და პოსტერმინალების მონაცემებზე დაყრდნობით შემოწმებით გაანგარიშებული შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 733 246 ლარით (დღგ-ის ჩათვლით თანხა შეადგენს 865 230) აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ არის დადგენილი კომპანიის მხრიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი და არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესშია წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით გააანგარიშებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების საფუძველი.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დღეის მდგომარეობით მომწოდებლების მხრიდან გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც კომპანიას უფლება აქვს მიიღოს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადამხდელს უფიქსირდება მიღებული და დღგ-ის დეკლარაციაზე მიუბმელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (დღგ-ის თანხა შეადგენს 3 813 ლარს).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილ დღგით დასაბეგრ ბრუნვას.მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე მომწოდებლების მხრიდან გამოიწერა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა საფუძველზეც ითხოვს დღგ-ის ჩათვლის უფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №7066 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2023 წლის 30 მაისიდან 2025 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №10623 ბრძანება და №006–134 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 232 983 ლარი, მათ შორის, გადასახადი 131 993 ლარი, ჯარიმა 73 913 ლარი და საურავი 27 077 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა რომ, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გადამხდელს არ წარმოუდგენია შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაშიფვრა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი აქვს სასაქონლოზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ასევე, ფიქსირდება შემოსავლები საკონტროლოსალარო აპარატსა და პოსტერმინალებზე. შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ხოლო არაპირდაპირი მეთოდი არ გამოყენებულა. კერძოდ, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება განხორციელდა შემდეგნაირად: გადამხდელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს დაემატა საკონტროლო-სალარო აპარატზე და პოსტერმინალებზე დაფიქსირებული ბრუნვები და გათვალისწინებული იქნა გადამხდელის დეკლარირებული ბრუნვები. აღნიშნულის შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ხოლო გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და ,,ბ“); 163(1.2); 164(1); 172(4 „უ“); 174(1); 175(1 „ა“); 176(„ა“);