გადაწყვეტილება № 20495/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20495/2/2023
20 .11. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- ----- (ს/ნ ----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 7.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20495/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №006-156 საგადასახადო მოთხოვნა
2. აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13940 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 85 408 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 41 088
დღგ - 34 774
ქონების გადასახადი - 6 314
ჯარიმა - 23 461
საურავი - 20 859
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელს შემოსავალი მიღებული აქვს, როგორც დოკუმენტურად, ისე ტერმინალისა და სალარო აპარატის საშუალებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, სალარო აპარატისა და ტერმინალის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობა (დეკლარირებული ბრუნვა 61 770 ლარი).
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული სხვაობით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვა. ასევე, გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარაციით ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 12 882 ლარი. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173- ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელის მიერ დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 38 519 ლარი. შესაბამისად, საწარმოს გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
3. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არ წარუდგენია 2018-2019 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, პირველადი დოკუმენტების ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ საწარმოს ბალანსზე უფიქსირდებოდა ძირითადი საშუალებები, მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა, მცირე ფასიანი საოფისე ინვენტარი და 366 410 ლარის ღირებულების კაპიტალში შეტანილი ქონება. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.12.2021 წლის №38255 ბრძანება და 13.12.2021 წლის №006- 827 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 717 ლარით, მათ შორის გადასახადი 1 145 ლარით, ხოლო ჯარიმა 572 ლარით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 20.04.2023 წლის №8616 ბრძანება და 21.04.2023 წლის №006-156 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.06.2023 წლის №13940 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 21.04.2023 წლის №006-156 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დარჩა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 717 ლარით, მათ შორის გადასახადი 1 145 ლარით, ხოლო ჯარიმა 572 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დავალებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
ამასთან, მე-2 სადავო საკითხად გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.
ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, დავალებული ჰქონდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენა, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი. ამასთან, ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დავალებული ჰქონდა გადამხდელის არგუმენტების მიხედვით საკითხის სრულყოფილად შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან შესრულდა და შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტებით:
1. შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებლების მიერ გაანგარიშებულია შესამოწმებელ პერიოდში ჩასათვლელი თანხები 25 795 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში მისი გაანგარიშებით, ჩასათვლელი თანხა არსებული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, შეადგენს 27 820 ლარს, სხვაობის გამომწვევი მიზეზი მისთვის გაუგებარია, ასევე გარკვეულ გაწეულ ხარჯებზე (ძირითადად კომუნალურ ხარჯზე) მისთვის გამოწერილი არ არის ანგარიშ-ფაქტურები, შესაბამისად აღნიშნული თანხები არ მონაწილეობს შემოწმების მიერ გაანგარიშებულ ჩასათვლელ თანხებში. ამ ნაწილში ითხოვს დაერთოს ნება უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების მიღება და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს ჩათვლების გაანგარიშება სრული ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე.
2. სხვაობები გამოწვეულია მხოლოდ დაშვებული ტექნიკური შეცდომით, კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარესტორნო საქმიანობა, ხოლო სხვაობის გამოვლენის პერიოდები სრულად ემთხვევა პანდემიას, რა პერიოდშიც კომპანია საქმიანობდა არსებითად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, შემზღუდველი რეგულაციების სწრაფად ცვლილების პირობებში, მის მიერ არ არის წარდგენილი დეკლარაციები, რაც ცალსახად წარმოადგენს ხარვეზს, თუმცა აღნიშნული გამოწვეულია შეცდომით და არა მიზანმიმართული გადასახადისგან თავის არიდებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს კომპანიის დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:
1. პირველ სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.03.2023 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:
1. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, განსაზღვრულ ვადაში შემოწმებისთვის არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
2. ქონების გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადამხდელმა შემმოწმებელს წარუდგინა კაპიტალში შეტანილი ქონების გაანგარიშების ცხრილები ცვეთის გათვალისწინებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 1 717 ლარით, მათ შორის გადასახადი 1 145 ლარით, ხოლო ჯარიმა 572 ლარით.
მომჩივანს 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის საკითხზე აუდიტის დეპარტამენტისათვის არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულებები, შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, იგი ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა. ასევე, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რომელიც 27.06.2022 წლის №16261 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) 27.06.2022 წლის №16261 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნაზე უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 2022 წლის 19 დეკემბრის №81178/1/2023 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ასევე, სადავოდ ხდის 9.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს და მოითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
დადგენილია, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნა 4.01.2022 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა იგივე მოთხოვნით ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს.
ვინაიდან, აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2021 წლის №006-827 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მომჩივნის მიმართ არსებობს შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანება, საბჭოს მიაჩნია, რომ იგივე მოთხოვნით იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება, მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 27.06.2022 წლის №16261 ბრძანების აღსრულების შედეგები; საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს №16261 ბრძანების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის საკითხზე აუდიტის დეპარტამენტისათვის არ წარუდგენია დამატებითი მტკიცებულებები, შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, იგი ვერ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის №16261 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა. ასევე, სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რომელიც №16261 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
ამასთან,მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტის №006-827 საგადასახადო მოთხოვნა 4.01.2022 წელს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის №16261 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა იგივე მოთხოვნით ხელახლა მიმართა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის №16261 ბრძანების შესაბამისად და საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან,ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის №006-827 საგადასახადო მოთხოვნის თაობაზე მომჩივნის მიმართ არსებობს შემოსავლების სამსახურის №16261 ბრძანება, საბჭოს მიაჩნია, რომ იგივე მოთხოვნით იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება, მართებულია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 301( „ზ“);