გადაწყვეტილება №18745/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18745/2/2023
2.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს-----------ის 30.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18745/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.11.2022 წლის №047-37 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №531 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 12 674 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 7 410
დღგ - 256
მოგების გადასახადი - 795
საშემოსავლო გადასახადი - 6 359
ჯარიმა - 4 172
საურავი - 1 092
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და
რემონტი, უმეტესად სატენდერო ხელშეკრულებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის 24.04.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 4.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
საგამოძიებო სამსახურის -------- და --------- სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შემოწმების აქტის შედგენის თარიღის მდგომარეობით გამოძიება დასრულებული არ არის, ამავე დროს საწარმომ სრულყოფილად არ წარადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში (ინფორმაციის წარუდგენლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა სანქცია 400 ლარი).
შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, საწარმოს მიერ მიწოდებულ არასრულ დოკუმენტაციას, ბანკის ამონაწერებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან http://procurement.gov.ge/ ამოღებულ დოკუმენტებს. საბანკო ამონაწერებით ირკვევა, საწარმოს დირექტორს გადარიცხული აქვს შემოწმების პერიოდში სხვადასხვა პირებზე მომსახურების/საქონლის შეძენის თანხები, თუმცა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია. გადარიცხული თანხები, ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაბეგრ ობიექტს. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნული დოკუმენტაციის/ინფორმაციის შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების შედეგად გამოვლინდა სხვაობა (ძირითადად ტექნიკური ხასიათის). 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემოწმების პერიოდში გაიზარდა 767 ლარით დღგ-ის გარეშე. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში კომპანიას ჩათვლილი არ ჰქონდა საწვავის შეძენაზე გადახდილი დღგ 121.77 ლარი. შემოწმებით დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღებულია 415.83 ლარის დღგ-ის თანხა, რადგან წარმოადგენდა წინა პერიოდში მიღებული ავანსის ჩათვლილ თანხას, რომელიც იწვევდა დღგის ჩასათვლელი თანხის გაორმაგებას. შედეგად დაკორექტირდა საწარმოს მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა.
საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის დირექტორს საწარმოს კუთვნილი თანხები პირადი მოხმარებისათვის (პროდუქტების და მედიკამენტების შესაძენად) გადარიცხული აქვს სასურსათო მარკეტებში და ფარმაცევტულ აფთიაქებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით და საწარმოს მიერ მიწოდებული 11.01.2022 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით კომპანიას შესყიდული აქვს ავტომობილი (MAN თვითმცლელი 41.373) 15 000 დოლარის ექვივალენტი ლარში 3.09 ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 46 350 ლარად. საწარმოს შეძენილი ავტომობილის ღირებულებად საბუღალტრო პროგრამა ორისში გატარებული აქვს 70 680 ლარი. საბუღალტრო ჩანაწერებსა და პირველად დოკუმენტებს შორის სხვაობაა 24 330 ლარი. აგრეთვე, ბუღალტრული გატარებით ავტომობილის შესასყიდი თანხა ანგარიშვალდებული პირის, დირექტორის მიერ გატანილია საწარმოს სალაროდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საწარმოს კუთვნილი თანხები, რომელიც გახარჯულია ანგარიშვალდებული პირის მიერ არაეკონომიკური საქმიანობისთვის, ჩაითვალა ხელფასის სახით საწარმოს დირექტორზე გაცემულად.
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პირს, რომელსაც ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, რიგ საანგარიშო პერიოდებში არ აქვს წარდგენილი ან/და არასრულყოფილად აქვს წარდგენილი (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ფარგლებში) შესაბამისი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია, შედეგად მომჩივანს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში და ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.11.2022 წლის №28415 ბრძანება და ამავე თარიღის №047-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 13.12.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.01.2023 წლის №531 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელიც გადასახადებს ყოველთვის კეთილსინდისიერად იხდის, მოეხსნას ჯარიმა და საურავი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით
გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.