ბრძანება N 23535
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23535
04 ნოემბერი 2024
ბრძანება
შპს „------- -ს “ (ს/ნ "-------")
(მის: "-------")
2024 წლის 16 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 ოქტომბრის (ოქმი №113) სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ოქტომბრის №23929/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“ (ს/ნ "--------") №91489/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 31 ივლისის №CB1655345 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის 29 ივლისს ატვირთა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ ID:"-------"განცხადება. 2024 წლის 31 ივლისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრები ადგილზე მივიდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ დარეგისტრირებულ განცხადებაში იყო უზუსტობა. კერძოდ, დასახელებაში მითითებული სახელები შეუსაბამო იყო რაოდენობასთან და ასევე, საზომ ერთეულთან. კერძოდ, ნაცვლად კიტ-კეტი მინი მიქსი 12x197.4გ-ს, გაგზავნილ განცხადებაში მითითებული იყო კახური ზეთი 9X0.5ლ კგ-ით. ასევე, ნაცვლად ხრუტ. კაკაოს პუდრა ბავშვებისთვის 9x250, მითითებული იყო ნესქვიქი ბურთები 225გრ + ფანქრები. თითქმის ყველა დასახელებაში იყო ცდომილება.
გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მათი თანამშრომლის მიერ შეცდომით იქნა გადატანილი ჩამოსაწერი საქონლის დასახელებები, რაოდენობები და საზომი ერთეული ექსელის ცხრილში, რაც წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას, ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ID:"-------"განაცხადით მიმართა შპს „------- მ “ ( ს/ნ "-------"), რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად,საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 30 ივლისს გამოცემული იქნა ბრძანება №სმფ-8503, რომლის საფუძველზე ოფიცრებს დაევალათ გადამხდელის მიერ დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. 2024 წლის 31 ივლისს მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლომატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, ქ. "-------" "-------"-ის ქ. №3, სადაც კომპანიის დირექტორს ბრძანება ჩააბარეს და განუმარტეს ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას ოფიცრებმა გამოავლინეს დანაკლისი დანართ N24-ში,მე-11; მე-12; მე-13; მე-14; 53-ე; 55-ე; 60-ე; 61-ე; 62-ე; 63-ე; 64-ე; 65-ე და 66-ე პოზიციებში. კერძოდ, მითითებული საქონელი ადგილზე არ დახვდათ საერთოდ. დანაკლისმა შეადგინა სულ 30671.6 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით.
აღნიშნულ ფაქტზე 2024 წლის 31 ივლისს გადამხდელის მიმართ შედგენილ იქნა №CB1655345 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით 30671.6 ლარით.
ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2024 წლის 16 აგვისტოს გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 27 აგვისტოს №19435 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული ბრძანება და ოქმი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 15 ოქტომბრის №23929/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 აგვისტოს №19435 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭოს განმარტავს, რომ მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, რომ დარეგისტრირებულ განცხადებაში იყო ტექნიკური უზუსტობა. კერძოდ, დასახელებაში მითითებული სახელები შეუსაბამო იყო რაოდენობასთან და ასევე, საზომ ერთეულთან. კერძოდ, ნაცვლად კიტ-კეტი მინი მიქსი 12x197.4გ-ს, გაგზავნილ განცხადებაში მითითებული იყო კახური ზეთი 9X0.5ლ კგით. ასევე, ნაცვლად ხრუტ. კაკაოს პუდრა ბავშვებისთვის 9x250, მითითებული იყო ნესქვიქი ბურთები 225გრ + ფანქრები. თითქმის ყველა დასახელებაში იყო ცდომილება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის მინდობილმა პირმა დანართ N24-ში მითითებული სმფ-ის ფაქტობრივად არსებულ სმფ-თან ურთიერთშედარებისას ოფიცრებს წარუდგინა „კიტ-კეტი მინი მიქსი“ - წონით 647.496 კგ, რომლის რაოდენობაც დანართ N24-ში ემთხვეოდა მე-11 პოზიციაში მითითებულ სმფ-ის რაოდენობას, რაზეც აღნიშნულზე ოფიცრების მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი აქტი.
ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლისას დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით 2022 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, გადასახადის გადამხდელს დანართ №24- ში მე-11 პოზიციაში მითითებული საქონელი დასახელებით „კახური ზეთი 9x05ლ“ სულ შეძენილი აქვს 67 ცალი (ზედნადებები №"-------"; №"-------"; №"-------"; №"-------"; №"-------"და №"-------").
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში „კახური ზეთი 9x05ლ“-ის დანაკლისის ნაწილში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და შპს „-------“ (ს/ნ "-------") სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცესში გამოვლენილი „კახური ზეთი 9x05ლ“-ის დანაკლისის ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ -ს“ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „---------“ (ს/ნ "-------") სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცესში გამოვლენილი „კახური ზეთი 9x05ლ“-ის დანაკლისის ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 2024 წლის 31 ივლისის №CB1655345 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ განაცხადში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალური ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას ოფიცრებმა გამოავლინეს დანაკლისი.კერძოდ, მითითებული საქონელი ადგილზე არ დახვდათ საერთოდ. დანაკლისმა შეადგინა სულ 30671.6 ლარი სააღრიცხვო ღირებულებით.
აღნიშნულ ფაქტზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელი სსკ-ის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით 30671.6 ლარით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში „კახური ზეთი 9x05ლ“-ის დანაკლისის ნაწილში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცესში გამოვლენილი „კახური ზეთი 9x05ლ“-ის დანაკლისის ნაწილში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
145(6),269(7).