გადაწყვეტილება №24750/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24750/2/2025
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 13.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24750/2/2025).
დავის საგანი:
ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და შესაბამისი ჯარიმა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №001-252 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 იანვრის №900 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 168 388 ლარი.
მათ შორის:
დღგ - (-6 597)
ჯარიმა - 174 985
ფაქტების აღწერა
საწარმო გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 4 დეკემბერს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2019 წლის 13 მაისიდან.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 დეკემბრის №25855 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ------- მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე. საწარმოს 2021-2023 წლებში შპს „-------“ და შპს „-------“ მიღებული აქვს სხვადასხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, როგორც მომსახურებაზე, ასევე საქონელზე. შპს „-------“ და შპს „-------“ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებულმა დღგ-ის ჯამურმა ჩათვლამ შეადგინა 34 090 ლარი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმესთან დაკავშირებით მიწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27753 ბრძანება და №001-252 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად დაერიცხა 168 388 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 29 იანვრის №900 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 178-ე, 270- ე, 280-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლზე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ შემოწმებით ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და ჩათვლილი დღგ-ის თანხის 200%-ის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2018 წლიდან კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა ------- (პ/ნ -------). მუშაობის პერიოდში, რამე საეჭვო საწარმოს ხელმძღვანელობას მის პიროვნებაში არ შეუმჩნევია, თუმცა დაახლოვებით 2023 წლის გაზაფხულზე იგი დაკავებული იქნა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის და გარკვეული პერიოდი გაატარა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, მიუხედავად კომპანიის დირექტორის თხოვნისა, იგი აღარ მიდიოდა სამსახურში. საფუძვლად უთითებდა სხვადასხვა მიზეზებს (ავადმყოფობა და ა.შ.), რის გამოც საწარმოს მოუწია ახალი ბუღალტრის მიღება.
ახალი ბუღალტრის მიერ მუშაობის დაწყებიდან მალევე აღმოჩნდა, რომ კომპანიას გააჩნდა გარკვეული ხარვეზები საგადასახადო ანგარიშგების კუთხით, რის გამოც ახალ ბუღალტერს სისტემატიური კავშირი ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან.
იმის გამო, რომ საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაზე წვდომა ჰქონდა ყოფილ ბუღალტერს - -------, ახალი ბუღალტრის მეშვეობით რამოდენიმეჯერ ცადეს მისი სამსახურში მიყვანა და პროგრამაზე დაშვების (დი ჯი პასი) გამორთმევა, თუმცა ------- კვლავ ჯიუტად არიდებდა თავს კომპანიაში მისვლას და ახალი ბუღალტრისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის გადაბარებას.
სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ -------, საწარმოში მუშაობის პერიოდში, პარალელურად დაურეგისტრირებია კომპანია შპს „-------“ (ს/ნ -------), სადაც დამფუძნებლად მითითებულია მისი მეუღლე - ------- (პ/ნ -------), ხოლო ერთ-ერთ დირექტორად რეგისტრირებულია თვითონ.
საფინანსო/საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ კომპანიაში მუშაობის პერიოდში საწარმოს ანგარიშიდან ------- მიერ 2021 წელს დარეგისტრირებულ შპს „-------“-ში გადარიცხულია სხვადასხვა თანხები, დანიშნულებით „მომსახურების ანაზღაურება“. ასევე, კომპანიის ანგარიშიდან „მომსახურების ანაზღაურების დანიშნულებით“ სხვადასხვა თანხები გადარიცხულია ------- მეგობართან, ვინმე -------. ასევე, აღმოჩნდა, რომ ------- დანიშნულებით „საქვეანგარიშოდ“ გარკვეული თანხები ჩარიცხული აქვს პირად ანგარიშზე.
აღნიშნულის თაობაზე გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა შპს „-------“-სა და ------- მიერ ფიქტიურად დაფუძნებულ კომპანიებს შორის არსებული ურთიერთ ბრუნვის შესწავლა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ -------, პირადი გამორჩენის მიზნით, არ არსებულ მომსახურებებზე ფიქტიური კომპანიებიდან (ასევე, შპს „-------“) ახდენდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერას/დადასტურებას და უკანონოდ ითვლიდა დღგ-ს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „-------“ დირექტორი ------- არ ფლობს სახელმწიფო ენას და იგი სრულიად ენდობოდა -------. ------- ------- არწმუნებდა, რომ უნდა გადაეხადა საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები, ხოლო სინამდვილეში სხვადასხვა მიზნებისთვის რიცხავდა თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე და rs.ge-ზე შესასვლელად ------- ჰქონდა შესაბამისი „მომხმარებელი“ და „პაროლი“, რის გამოც იგი თავად ახდენდა ყველა ტრანზაქციას.
გამოძიების ფარგლებში შემოსავლების სამსახურში გაგზავნილი შემოწმების მოთხოვნის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმდა 2021-2023 წლის პერიოდებში შპს „-------“, შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) შორის გამოწერილი და მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეალურობა და მათ მიერ ურთიერთშორის განხორციელებული ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.
შემოსავლების სამსახურის სადაო ბრძანება იმდენად შაბლონურია, რომ მისი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლების შემოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია, არ შეიცავს რა რაიმე სახის მსჯელობას და მომჩივნის არგუმენტაციაზე მინიმალურ პასუხსაც კი.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო აქტებს და მიაჩნია, რომ ისინი თვისობრივად ეწინააღმდეგება არამც თუ საგადასახადო კანონმდებლობას, არამედ სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს და ისინი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2023 წლის 8 დეკემბერს საგამოძიებო სამსახურს სავარაუდო მითვისებისა და სავარაუდო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება გამოყენების ფაქტის დადგენისათვის მიმართა თავად შპს „-------“.
საგამოძიებო სამსახურის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილებით, ------- წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში: „შპს „-------“ ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა -------, რომელმაც განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში შპს „-------“ საბანკო ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირის ------- და იურიდიული პირების შპს „-------“ (ს/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------) საბანკო ანგარიშებზე პერიოდულად არამართლზომიერად გადარიცხა საერთო ჯამში 36 575 ლარი, რაც სრულად იქნა გამოყენებული ------- მიერ. აღნიშნული ქმედების შედეგად დიდი ოდენობით ზიანი მიადგა შპს „-------“. -------, დამატებითი სარგებლის მიღების მიზნით, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს, რის გამოც მან 2021 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შპს „-------“ სახელით მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების სახელზე დაამზადა და გამოიყენა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, თითქოს და საქონლის მიწოდების შესახებ და მომსახურების შესახებ, რაც ასახული იქნა კომპანიის სახელით წარდგენილ შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში, რის საფუძველზეც შპს „-------“-მა მიიღო დღგ-ის ე.წ. ფიქტიური აქტივი 39 934 ლარი, რაც კომპანიის მიერ, 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შპს „-------“-ს მიერ სრულად იქნა დაბრუნებული ბიუჯეტიდან. აღნიშნული ქმედების შედეგად დიდი ოდენობით 39 934 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა სსიპ შემოსავლების სამსახურს.“
ზემოთხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე შპს „-------“ 2025 წლის 27 იანვრის დადგენილებით ცნობილ იქნა დაზარალებულად. ამდენად, დადგენილია, რომ სიყალბის ჩამდენი პირია -------, ხოლო დაზარალებულია შპს „-------" (კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი წარმოდგენილი იქნება უახლოეს მომავალში).
ნებისმიერ სამართალში შეუძლებელია ერთი და იმავე პირი ერთდროულად იყოს როგორც დაზარალებული, ასევე ბრალეული/სამართალდამრღვევი პირი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ფიქტიური ოპერაციებით სარგებელს იღებდა ------- მიერ დარეგისტრირებული ფიქტიური კომპანიები, ხოლო შპს „-------“- დან ------- იხდიდა დღგ-ს არ არსებული მომსახურებისთვის და ახდენდა მის ფიქტიურ ჩათვლას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფიქტიური ოპერაციებით სარგებელი მიიღო ------- მიერ დარეგისტრირებულმა ფიქტიურმა კომპანიებმა
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისთვის აუცილებელია ქმედების მართლწინააღმდეგობა და ბრალი. განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი თავად არის დაზარალებული და მან თავად მიმართა სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და დადგენისთვის სამართალდამცავ ორგანოს. ამდენად, არ არსებობს პასუხისმგებლობა მართლწინააღმდეგობის გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს პასუხისმგებლობა ბრალის შესახებ.
რაც შეეხება აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს (საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლი), საჩივრის ავტორი ვერც ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციის მართებულობას გაიზიარებს.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 53 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების გაწევისა თუ ნასყიდობის ხელშეკრულების (საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები სწორედ რომ მომსახურებასა და საქონლის ნასყიდობას უთითებენ) დადებულად მიჩნევისას აუცილებელია ორი ურთიერთ მფარავი ნება ორი სხვადასხვა მხარის მიერ გამოვლენილი. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნულ გარიგებაში შპს „-------“ არ მონაწილეობდა. ორივე მხარეს, როგორც ფაქტურის გამოწერა, ასევე მისი დადასტურება მოახდინა ერთი და იმავე პირმა ------- და ამ ქმედებას არ მოიცავდა შპს „-------“ დირექტორის განზრახვა. პირიქით, ეს უკანასკნელი წარმოადგენს ამ ქმედებით დაზარალებულ პირს, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დაზარალებულად ცნობის დადგენილებით. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის მიზნებისთვის, აუცილებელია ორი ურთიერთ მფარავი ნების არსებობა, თუნდაც ბუტაფორიულისა და თუნდაც იურიდიული შედეგის არქმონესი, მაგრამ მაინც ორი სხვადასხვა სუბიექტის. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც არაერთგზის აღინიშნა, ფაქტურები გამოწერილი და დადასტურებულია ერთი და იმავე პირის მიერ, რაც საფუძველს აცლის ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციას. ამდენად, გონივრული განსჯის შედეგად, კურიოზული და სამართლებრივი ნონსენსის შემცველია ის ფაქტი, როდესაც პირს, რომელმაც შეასრულა კანონის მოთხოვნა და სავარაუდო დანაშაულის ნიშნების პირობებში განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, თავად განმცხადებელს/დაზარალებულს დაეკისროს საგადასახადო პასუხისმგებლობა. ამდაგვარი პრეცენდენტის დაშვება პრაქტიკის დონეზეც კი საგანგაშოა, რადგან კეთილსინდისიერ გადამხდელს უკარგავს მოტივაციას ითანამშრომლოს საგამოძიებო თუ საგადასახადო ორგანოებთან და ქმნის უსამართლოდ დასჯის აბსტრაქტულ შიშს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება – იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2021-2023 წლებში შპს „-------“ და შპს „-------“ მიღებული აქვს სხვადასხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მომსახურებაზე, ასევე საქონელზე. შპს „-------” და შპს „-------” მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებულმა დღგ-ის ჩათვლამ შეადგინა სულ 34 090 ლარი. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა. შესაბამისად, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია/მტკიცებულება არ შეიძლება გახდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრება მართებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე განხორციელებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და შესაბამისი ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მომჩივანის ბუღალტრის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე. საწარმოს 2021-2023 წლებში მიღებული აქვს სხვადასხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, როგორც მომსახურებაზე, ასევე საქონელზე. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმესთან დაკავშირებით მიწოდებული მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები არ განხორციელებულა. შედეგად, შემოწმების მიერ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლა დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 29 იანვრის №900 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და ჯარიმის დაკისრება მართებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 178(ე); 280(1)