გადაწყვეტილება №20734/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 14.11.2023
№ დოკუმენტი 20734/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20734/2/2023

14 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (პ/ნ ---)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 1.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20734/2/2023).

 

დავის საგანი:

მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №21-11/53583 გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19129 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 144 ლარი.

ქონების გადასახადი (2019 წ.) – 144 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2019 წლის ქონების გადასახადი დაერიცხა 2022 წლის 9 სექტემბერს (საგადასახადო მოთხოვნა №024-2352) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 61-ე და მე-4 მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 400 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (ს/კ ---). გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 9.09.2022 წლის №024-2352 საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც ელექტრონულად გაეგზავნა 2022 წლის 20 სექტემბერს, გაეცნო თავის ავტორიზებულ ვებ. გვერდზე (www.rs.ge) 23.06.2023 წელს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ. გვერდის (napr.gov.ge) მონაცემებით, აღნიშნულ მიწაზე, მდებარე შენობა, წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის (შესრ. 2018 წლის 9 მარტს) მიხედვით, წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს. აღსანიშნავია ისიც რომ ამავე ვებ.გვერდის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის 23.06.2023 წლის განცხადებაზე: ტექნიკური ხარვეზის შესწორების გზით, აღნიშნულ მიწის ფართზე მდებარე შენობა-ნაგებობის დანიშნულებად დაფიქსირებულიყო „საცხოვრებელი სახლი“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება ტექნიკური ხარვეზის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

მომჩივანმა 30.06.2023 წელს №111652/21-11 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2019 წლის ქონების გადასახადის მოხსნა. მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №21-11/53583 გადაწყვეტილებით საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად კორექტირებას არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხული გადასახადი. მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №21-11/53583 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.08.2023 წლის №19129 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 203-ე მუხლზე, 205-ე მუხლის პირველ, მე-12, მე-131 და მე-14 ნაწილებზე, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დგინდება, რომ ზემოაღნიშნული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე მდებარე შენობა წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივლისის №21-11/53583 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

15 წელია ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რისი დადასტურებაც შეუძლიათ მეზობლებს. ამასთან, მისამართზე ჩაწერილი ჰყავს, როგორც ოჯახის წევრი, ასევე ნათესავიც. იხდის ყველანაირ კომუნალურ გადასახადებს. ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია, საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.

საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის (მონაცემების) საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

მომჩივნის განმარტებით, 15 წელია ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, რისი დადასტურებაც შეუძლიათ მეზობლებს. ამასთან, მისამართზე ჩაწერილი ჰყავს, როგორც ოჯახის წევრი, ასევე ნათესავიც. იხდის ყველანაირ კომუნალურ გადასახადებს. ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მომჩივანმა, აღნიშნულ მიწის ფართზე მდებარე შენობა-ნაგებობის დანიშნულების ცვლილებაზე 2023 წლის 21 აგვისტოს კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, რაც დაკმაყოფილდა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2023 წლის უძრავი ქონების ამონაწერის მიხედვით შენობა-ნაგებობის დანიშნულებად ფიქსირდება: „საცხოვრებელი“.

ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2023 წლის უძრავი ქონების ამონაწერის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობანაგებობის დანიშნულებად ფიქსირდება: „საცხოვრებელი“, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს მომჩივნის მიწაზე დარიცხული სადავო ქონების გადასახადი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 4.08.2023 წლის №19129 ბრძანება;

3. გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №21-11/53583 გადაწყვეტილება;

4. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №21-11/53583 გადაწყვეტილებით საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად კორექტირებას არ დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხული გადასახადი. მომსახურების დეპარტამენტის 3.07.2023 წლის №21-11/53583 გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.08.2023 წლის №19129 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.08.2023 წლის უძრავი ქონების ამონაწერის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დანიშნულებად ფიქსირდება: „საცხოვრებელი“, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2 “ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს მომჩივნის მიწაზე დარიცხული სადავო ქონების გადასახადი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 61; 206; 205 (131).