ბრძანება N 12036

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.06.2025
№ დოკუმენტი 12036
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12036

10 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------)

(მის.: ----------------------------------------------)

2025 წლის 8 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) 2025 წლის 8 მაისის №------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 11 აპრილის №081-70 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის, არსებული გაუნაწილებელი მოგების ფარგლებში, განაწილებულ მოგებად, ხოლო დარჩენილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ კომპანია დაფუძნებულია ------ის მოქალაქის მიერ 2017 წელს, რომელიც დღემდე ახორციელებს სამშენებლო ბლოკის იმპორტს და საბითუმო რეალიზაციას. შემოსული თანხიდან პირველ რიგში ხორციელდება გადასახადების გადახდა, შემდგომ ხელფასების დაფარვა და დარჩენილი თანხა სრულად გამოიყენება ვალის მომსახურებისთვის მომწოდებელთან. გამომდინარე აქედან, საწარმო ვერ შეძლებს მოგების და დივიდენდის განაწილებას, სანამ ----- კომპანიასთან ვალი ექნება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2037 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 11 აპრილის №6911 ბრძანება და ამავე თარიღის №081-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 95 589 ლარი, მათ შორის, გადასახადი 51 393 ლარი, ჯარიმა 25 660 ლარი და საურავი 18 536 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამას აწარმოებდა მხოლოდ 2023-2024 წლებზე, შესაბამისად, წარმოადგინა აღნიშნულ პერიოდზე ბუღალტრული მონაცემები, ხოლო წინა 2021 და 2022 წლებზე ბუღალტრული მონაცემები, მათ შორის, საწყის და საბოლოო ნაშთებზე ინფორმაცია, წარმოდგენილი არ არის. 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული ფულადი შემოსავლების დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სალაროში არსებული თანხა შეადგენს 81 997 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 625 628 ლარს. 2023-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე ნაწარმოები ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში აღრიცხულია ფულადი თანხა 10 515 ლარი და დებიტორული დავალიანება 483 193 ლარი. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 01.01.2023 წლის მდგომარეობით, წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოშობილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 187 546 ლარს, რაც ბუღალტრულად აღრიცხული არ არის. აღნიშნული ფულადი დანაკლისის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

შედეგად, ფულადი სხვაობა 213 914 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად (არსებული გაუნაწილებელი მოგების ფარგლებში), ხოლო დარჩენილი თანხა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმების პროცესში შემოწმებისთვის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით დგინდება, რომ გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამას აწარმოებდა მხოლოდ 2023-2024 წლებზე, შესაბამისად, წარდგენილ იქნა აღნიშნულ პერიოდზე ბუღალტრული მონაცემები, ხოლო 2021 და 2022 წლებზე ბუღალტრული მონაცემები, მათ შორის საწყის და საბოლოო ნაშთებზე ინფორმაცია, წარდგენილი არ არის. 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული ფულადი შემოსავლების დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სალაროში არსებული თანხა შეადგენს 81 997 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 625 628 ლარს. 2023-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე ნაწარმოები ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში აღრიცხულია ფულადი თანხა 10 515 ლარი და დებიტორული დავალიანება 483 193 ლარი. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 01.01.2023 წლის მდგომარეობით, წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოშობილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 187 546 ლარს, რაც ბუღალტრულად აღრიცხული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ფულადი დანაკლისის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი დადასტურებული არ არის, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ფულადი სხვაობის მოგების განაწილებად (არსებული გაუნაწილებელი მოგების ფარგლებში), ხოლო დარჩენილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------------ის“ (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის, არსებული გაუნაწილებელი მოგების ფარგლებში, განაწილებულ მოგებად, ხოლო დარჩენილი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2037 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №6911 ბრძანება და №081-70 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 95 589 ლარი, მათ შორის, გადასახადი 51 393 ლარი, ჯარიმა 25 660 ლარი და საურავი 18 536 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი ბუღალტრულ პროგრამას აწარმოებდა მხოლოდ 2023-2024 წლებზე, შესაბამისად, წარმოადგინა აღნიშნულ პერიოდზე ბუღალტრული მონაცემები, ხოლო წინა 2021 და 2022 წლებზე ბუღალტრული მონაცემები, მათ შორის, საწყის და საბოლოო ნაშთებზე ინფორმაცია, წარმოდგენილი არ არის. 2021 და 2022 წლების საანგარიშო პერიოდებში მიღებული ფულადი შემოსავლების დადგენის მიზნით, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სალაროში არსებული თანხა შეადგენს 81 997 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 625 628 ლარს. 2023-2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე ნაწარმოები ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით, სალაროში აღრიცხულია ფულადი თანხა 10 515 ლარი და დებიტორული დავალიანება 483 193 ლარი. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 01.01.2023 წლის მდგომარეობით, წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოშობილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 187 546 ლარს, რაც ბუღალტრულად აღრიცხული არ არის. აღნიშნული ფულადი დანაკლისის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

შედეგად, ფულადი სხვაობა 213 914 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად (არსებული გაუნაწილებელი მოგების ფარგლებში), ხოლო დარჩენილი თანხა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, პირს დაერიცხა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 981(1); 130(1); 101(1); 154(1 „ა“ და „ზ“ ); 269(7);