ბრძანება N 8062

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.04.2023
№ დოკუმენტი 8062
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 8062

12.04.2023

ბრძანება

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ---------- ;

იურ. მის.: ---------- )

2022 წლის 30 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №76890/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №041-43 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას და ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს ჩასათვლელი თანხების განსაზღვრას და აცხადებს, რომ არ არის გათვალისწინებული პროპორციის წესი. ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

3. არ ეთანხმება შემოწმებით საწარმოს მიერ სახელფასო განაცემების დამატებითი მოცულობის განსაზღვრას და ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

4. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. ამასთან არ არის გათვალისწინებული შესყიდული ტყავის და სხვა ნაწილების ღირებულება. ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17555 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის 1 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 17 ოქტომბრის №26284 ბრძანება და ამავე თარიღის №041-43 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 225 135 ლარი, მათ შორის, გადასახადი 129 048 ლარი, ჯარიმა 61 803 ლარი, საურავი 34 284 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებული ცხოველთა სასაკლაო. საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალი მოიცავს პირუტყვის დაკვლის, დამარილებული ტყავპროდუქტისა და საქონლის სუბპროდუქტების მიწოდებით მიღებულ შემოსავალს. საწარმო დღგ-ის გადამხდელდ დარეგისტრირდა 2021 წლის 20 მაისს. რეგისტრაციის შემდგომ საწარმოს წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი პარამეტრებით, სადაც სასაკლაოს მიერ გაწეული პირუტყვის დაკვლის მომსახურება განხილული აქვს დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესამოწმებელ პერიოდში სასაკლაოს მიერ გამოყენებული ფორმა №2-ების თაობაზე, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ დაკლული ცხოველების რაოდენობა და კატეგორია, ასევე მიწოდებული საქონლისა და სუბპროდუქტების წონა. შემოწმება ასევე დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ გამოკითხვის მასალებს, სადაც საწარმოს ამჟამინდელი და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკვლის მომსახურეობის გაწევისა და რეალიზებული ტყავპროდუქტის ფასებს. აღნიშნული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი განმარტებების შეჯერების შედეგად, საწარმოს დაუანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი და გათავისუფლებული ბრუნვები. საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2020 წლის 7 აგვისტო. შემოწმებით დადგენილი ბრუნვები დაიბეგრა შესაბამის საგადასახადო პერიოდებში. შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე; 282-ე მუხლების მიხედვით.

2. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები წარმოდგენილი აქვს ნულოვანი შედეგებით და არ აქვს განხორციელებული გადასახადის ჩათვლა. შემოწმებით დადგენილი დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ მიღებული და დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით შემოწმებამ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა.

3. შემოწმების მიმდინარეობისას საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალებით დადგინდა, რომ სასაკლაოს საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოში დაკვლის მომსახურეობას ახორციელებდნენ კონკრეტული დაქირავებულ ფიზიკური პირები, რომელთაც შრომის ანაზღაურებას უხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით დაკლული პირუტყვის რაოდენობის და კატეგორიის შესაბამისად. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვისას საწარმოს მიმდინარე და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკლული პირუტყვის კატეგორიის შესაბამისად ერთეულზე ანაზღაურების თანხებს. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა საწარმოს მიერ სახელფასო განაცემების დამატებითი მოცულობა, რომლებიც არ იყო დაბეგრილი შესაბამისი თვის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში. საწარმოს დაერიცხა ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. საწარმოს საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალი მოიცავს პირუტყვის დაკვლის, დამარილებული ტყავპროდუქტისა და საქონლის სუბპროდუქტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს. საწარმოს დანახარჯების გაწევა უფიქსირდება საბანკო ამონაწერებში, დეკლარირებულ სახელფასო განაცემებში და ელექტრონულ ბაზებში ასახულ მიღებულ სასაქონლო ზედნადებებსა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების, დადასტურებული ხარჯებისა და გადამხდელისგან მიღებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელისაგან მოწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა თანხები, რომელთა გახარჯვა არ იქნა დადასტურებული. აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდებში. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

1. პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება, მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე). სსკ-ის მე-8 მუხლის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0802 22 000 00 კოდში მითითებული საქონლის (თხილი ნაჭუჭგაცლილი) მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11–0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს წარდგენილი აქვს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციები ნულოვანი პარამეტრებით, სადაც სასაკლაოს მიერ გაწეული პირუტყვის დაკვლის მომსახურეობა განხილული აქვს დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებასთან მიმართებით დგინდება, რომ შემოწმების მიერ გამოყენებულია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესამოწმებელ პერიოდში სასაკლაოს მიერ გამოყენებული ფორმა №2-ები, რომლებითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ დაკლული ცხოველების რაოდენობა და კატეგორია, ასევე მიწოდებული საქონლისა და სუბპროდუქტების წონა. შემოწმება აგრეთვე დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ გამოკითხვის მასალებს, სადაც საწარმოს ამჟამინდელი და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკვლის მომსახურეობის გაწევისა და რეალიზებული ტყავპროდუქტის ფასებს. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში არ ეთანხმება დარიცხვას და აცხადებს, რომ არასწორად მოხდა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის განსაზღვრა, თუმცა არ აქვს მითითება ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დგინდება, რომ შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების, დადასტურებული ხარჯებისა და გადამხდელისგან მიღებული დებიტორკრედიტორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელის წარდგენილი ინფორმაცია დებიტორკრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. ხოლო სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა თანხები, რომელთა გახარჯვა არ იქნა დადასტურებული და ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმებით გაანგარიშებული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი მიუთითებს ხარჯების გათვალისწინების საკითხზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმებით გათვალისწინებულია დადასტურებული ხარჯები და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახდის გადამხდელს არ აქვს საჩივარზე დართული მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, ან რაიმე დოკუმენტი გაწეული ხარჯების თაობაზე. შესაბამისად, დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ: ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით; ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

ამავე კოდექსის 177-ე პირველი ნაწილის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს, ისეთი ოპერაციებისთვის რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს, ხორციელდება დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემოწმებით დადგენილ მონაცემებს და აღნიშნავს, რომ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ მიღებული და დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით შემოწმებამ, დადგენილი წესის შესაბამისად, განახორციელა დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ასევე, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ იგი არ ეთანხმება საკითხს და ითხოვს მის გადამხდელთან ერთად შესწავლას, თუმცა წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრას და ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს ჩასათვლელი თანხების განსაზღვრას და აცხადებს, რომ არ არის გათვალისწინებული პროპორციის წესი. ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

3. არ ეთანხმება შემოწმებით საწარმოს მიერ სახელფასო განაცემების დამატებითი მოცულობის განსაზღვრას და ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

4. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა. ამასთან არ არის გათვალისწინებული შესყიდული ტყავის და სხვა ნაწილების ღირებულება. ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით მოხდეს დარიცხვის საფუძვლების შესწავლა.

5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელი სასაკლაოს მიერ გაწეული პირუტყვის დაკვლის მომსახურეობას განიხილავს დღგ-ის დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ოპერაციად და დღგ-ის დეკლარაციებს წარადგენს ნულოვანი მონაცემებით. ამასთან, გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების მიერ გამოყენებულია სურსათის ეროვნული სააგენტოსგან შესამოწმებელ პერიოდში სასაკლაოს მიერ გამოყენებული ფორმა №2-ები, რომლებითაც განისაზღვრა საწარმოს მიერ დაკლული ცხოველების რაოდენობა და კატეგორია, ასევე მიწოდებული საქონლისა და სუბპროდუქტების წონა. შემოწმება აგრეთვე დაეყრდნო საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ გამოკითხვის მასალებს, სადაც საწარმოს ამჟამინდელი და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკვლის მომსახურეობის გაწევისა და რეალიზებული ტყავპროდუქტის ფასებს. შესაბამისად, განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

2. შემოწმებით დადგენილი დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის შემდგომ მიღებული და დადასტურებული სტატუსის მქონე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით შემოწმებამ განახორციელა დღგ-ის ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არ მიუთითებს რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/მტკიცებულებებს.

3. სასაკლაოს საქმიანობის განხორციელებისათვის საწარმოში დაკვლის მომსახურეობას ახორციელებდნენ კონკრეტული დაქირავებული ფიზიკური პირები, რომელთაც შრომის ანაზღაურებას უხდიდნენ ნაღდი ანგარიშსწორებით დაკლული პირუტყვის რაოდენობის და კატეგორიის შესაბამისად. საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვისას საწარმოს მიმდინარე და ყოფილი დირექტორები აფიქსირებენ დაკლული პირუტყვის კატეგორიის შესაბამისად ერთეულზე ანაზღაურების თანხებს. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებულ მასალებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა კომპანიის მიერ სახელფასო განაცემების დამატებითი მოცულობა.

4. შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების, დადასტურებული ხარჯებისა და გადამხდელისგან მიღებული დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც შემოწმებამ გაითვალისწინა გადამხდელისაგან მიწოდებული ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორებისა და ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ. სალაროს მინიმალური ნაშთის გათვალისწინებით გამოვლინდა თანხები, რომელთა გახარჯვა არ იქნა დადასტურებული და რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ყველა ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 101(1); 102(1„ა“); 159(1„ა“ „ბ“); 172(4 „უ“ „ფ“); 175(1„ა“); 177(1); 275; 282(1); 291.

(2021 წლამდე მოქმედი): 157(1,7); 160; 161(1„ა“).