ბრძანება N 9898

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 9898
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9898

04.05.2023

შპს „--ს“ (ს/ნ ---)

( მის.: ---) 2023 წლის 26 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 აპრილის სხდომაზე (ოქმი №40) განიხილა შპს „--ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 26 იანვრის №78523/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის №094-113 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას და ითხოვს შესაძლებლობას წარმოადგინოს ალტერნატიული დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება.

გადამხდელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ქონების ღირებულება შეფასებულია (აშშ დოლარში) მხოლოდ შეფასების პროცესის უშუალოდ განხორციელების თარიღისათვის (2022 წლის მესამე კვარტალი), შეფასების „ძველი" თარიღებისათვის (31/12/2019, 31/12/2020 და 31/12/2021) კი „შეფასებულ ღირებულებად" წარმოჩენილია 2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით აშშ დოლარში დათვლილი ღირებულება კონვერტირებული ლარში, გაცვლითი კურსის მიხედვით და თითქმის 3 წლიანი პერიოდის განმავლობაში უძრავი ქონების დოლარში გამოსახული ღირებულების შესაძლო ცვლილება უარყოფილია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №31725 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, 2019, 2020 და 2021 წლების ქონების გადასახადით დასაბეგრი ობიექტებიდან (კერძოდ შენობა-ნაგებობებიდან) გამომდინარე ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32916 ბრძანება და 27 დეკემბრის №094-113 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ გადასახადი 247 808 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს „---ს“ (ს/ნ ---) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფარმაცევტული და ჰიგიენური მოვლის საშუალებების რეალიზაცია სააფთიაქო ქსელის მეშვეობით. მსხვილ გადამხდელთა ოფისის მიერ განხორციელებული მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციებში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ღირებულებები, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან.

შემოწმებისას ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სისწორის განსაზღვრის მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალა კომპანიის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობების) ღირებულებების შეფასება, რომელიც განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. კერძოდ შეფასებულ იქნა უძრავი ქონებების (შენობა-ნაგებობები) საბაზრო ღირებულებები 2019, 2020 და 2021 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით. შეფასების შედეგად (ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად) გამოვლინდა სხვაობები ზემოაღნიშნული პერიოდების მიხედვით წარდგენილ ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახულ მონაცემებსა და შემოწმებით დადგენილ ღირებულებებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობებზე დაერიცხა ქონების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით). ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:

1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).

2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადა სახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბ აზრო ფასით.

3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:

ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას და ითხოვს შესაძლებლობას წარმოადგინოს ალტერნატიული დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება. ასევე, გადასახადის გადამხდელს საჩივართან ერთად წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის საკუთრებაში/ბალანსზე რიცხული რამოდენიმე ქონების საბაზრო ღირებულება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები მ.შ. საჩივარზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ქონების საბაზრო ღირებულებას და ითხოვს შესაძლებლობას წარმოადგინოს ალტერნატიული დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციებში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ღირებულებები, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობებზე დაერიცხა ქონების გადასახადი.

 

გადაწყვეტილება

გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304; 201 (1); 202 (1;41); 205 (2,3).