ბრძანება N 11518

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 21.05.2024
№ დოკუმენტი 11518
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11518

21 მაისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 23 აპრილის

საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №69036/21-11 და №69044/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აპრილის №006-125 საგადასახადო მოთხოვნასთან, 2023 წლის 15 დეკემბრის №188477, 2024 წლის 24 იანვრის №188476 და 2024 წლის 21 მარტის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს ორი თვის ვადას აუდიტის დასკვნის წარმოსადგენად. ამასთან, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიის დირექტორი არ იმყოფებოდა საქართველოში და არ იყენებდა ტელეფონს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ნოემბრის №27362 და 2024 წლის 27 თებერვლის №4216 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 4 მარტიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი აპრილის №7073 ბრძანება და №006-125 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 746 691 ლარი, მათ შორის, გადასახადი 448 213 ლარი, ჯარიმა 210 128 ლარი, საურავი 88 350 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი:

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის №21-14/5157 წერილით გადასახადის გადამხდელს ეთხოვა წარმოედგინა სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა 2024 წლის 14 თებერვალს, მაგრამ შემოწმებისთვის დღემდე არ არის წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 4 მარტიდან, ხოლო 2021 წლის პირველი ნოემბრიდან წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. კომპანიის საქმიანობის სახეა სარესტორნო მომსახურების გაწევა ---. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი საქმანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვს ჯამში 394 690 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი გასწევდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვლილი იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე, გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ, კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი. ერთ ბოთლ არაალკოჰოლურ სასმელზე გავრცელებულ იქნა საშუალო აუდირებული ფასი, რომელიც დათვლილია საშუალო მენიუს ფასის მიხედვით ერთი ბოთლი სასმელის შეძენის შემთხვევაში. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი. გადამხდელს 2021 წლის 30 აპრილს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად აღნიშნული თარიღის შემდგომ საანგარიშო პერიოდებში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვა დაიბეგრა დღგ-ით, გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა. ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ხოლო საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დანახარჯები გათვალისწინებულ იქნა ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996-ის 31-ე მუხლის (ცალკეულ შემთხვევებში ხარჯის გამოქვითვა) მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დამატებით დანახარჯები, რაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დასტურდებოდა დოკუმენტურად. აღნიშნული დაშვებით დაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

 შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და 2024 წლის პირველი აპრილის №006-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა – იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი აპრილის №006-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შპს „---ს“ საქმიანობის სახეა სარესტორნო მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვს ჯამში 394 690 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი გასწევდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვლილი იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე, გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ, კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი. ერთ ბოთლ არაალკოჰოლურ სასმელზე გავრცელებულ იქნა საშუალო აუდირებული ფასი, რომლიც დათვლილია საშუალო მენიუს ფასის მიხედვით ერთი ბოთლი სასმელის შეძენის შემთხვევაში.

ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ხოლო საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დანახარჯები გათვალისწინებულ იქნა ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996-ის 31-ე მუხლის (ცალკეულ შემთხვევებში ხარჯის გამოქვითვა) მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, გათვალისწინებულ იქნა ყველა ის დამატებითი დანახარჯები, რაც შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დასტურდებოდა დოკუმენტურად. აღნიშნული დაშვებით დაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას. ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №188477 და 2024 წლის 24 იანვრის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „---“ (ს/ნ ---) აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №188477 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2024 წლის 15 იანვარს, ხოლო 2024 წლის 24 იანვრის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს - 2024 წლის 14 თებერვალს. შემოსავლების სამსახურში საჩივრები 2023 წლის 15 დეკემბრის №188477 და 2024 წლის 24 იანვრის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 23 აპრილს. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა ამ ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №188477 და 2024 წლის 24 იანვრის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 მარტის №188860 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან და 2024 წლის პირველი აპრილის №006-125 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 დეკემბრის №188477 და 2024 წლის 24 იანვრის №188476 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია (შეეფარდა სანქცია ინფორმაციის წარუდგენლობისთვის). შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები. აღნიშნული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი აქვს ჯამში 394 690 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები. სხვა საკვები პროდუქტები შეძენილია არაარსებითი ოდენობით. ამასთანავე, შესწავლილ იქნა ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ობიექტი გასწევდა სრულფასოვან სარესტორნო მომსახურებას (ძირითადად ქართული სამზარეულო). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, დათვლილი იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი არაალკოჰოლური სასმელების (ბოთლების) ოდენობა, ასევე, გათვალისწინებულ იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებთან დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ, კონკრეტული მენიუს შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის ოდენობა და აღნიშნული მენიუების საშუალო ფასი. ერთ ბოთლ არაალკოჰოლურ სასმელზე გავრცელებულ იქნა საშუალო აუდირებული ფასი, რომელიც დათვლილია საშუალო მენიუს ფასის მიხედვით ერთი ბოთლი სასმელის შეძენის შემთხვევაში. შემოწმების შედეგად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი.

ასევე, შემოწმებით გაანგარიშებული იქნა კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ფულადი სახსრების ოდენობა, ხოლო საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული დანახარჯები გათვალისწინებულ იქნა ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996-ის 31-ე მუხლის (ცალკეულ შემთხვევებში ხარჯის გამოქვითვა) მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული დაშვებით დაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრების ნაშთი ჩათვლილ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა წყაროსთან დაბეგვრას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა/დარჩა განუხილველი

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 279; 73; 165; 101; 154; 44; 299.