სალიზინგო საქმიანობისას პროპორციული ჩათვლა

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 10.07.2014
№ დოკუმენტი C-183/13
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📄 სრული ტექსტი

#assignedTableId-1674199594275 {border: none; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო:

პორტუგალია

საქმის ნომერი:

C-183/13

მხარეები:

Fazenda Pública v. Banco Mais SA

თარიღი:

10/07/2014

სამართლებრივი საფუძველი:

· 1977წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-17მუხლის მეორე და მე-5 ნაწილები (2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 168-ედა 173-ე მუხლები)

· 1977წლის 17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი (2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 174-ე მუხლის პირველი ნაწილიდა 175-ე მუხლის პირველი ნაწილი)

შესაბამისი ნორმები საქართველოს საგადასახადო კოდექსიდან:

· 175-ე მუხლის პირველი ნაწილი

· 177-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები

სალიზინგო საქმიანობისას პროპორციული ჩათვლა

ფაქტობრივი გარემოება

ბანკი ახორციელებს სალიზინგო და სხვა ფინანსურ საქმიანობას. მისი საქმიანობა მოიცავს როგორც დღგ-ის ჩათვლის უფლების მქონე, ასევე ჩათვლის უფლების არმქონე ოპერაციებს.

ბანკმა სრულად ჩაითვალა ჩათვლის უფლების მქონე ოპერაციებში გამოყენებული საქონლისა და მომსახურების შეძენაზე გადახდილი დღგ, მათ შორის, ლიზინგით გასაცემად შეძენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გადახდილი დღგ.

გაუმიჯნავ ოპერაციებში გამოყენებულ საქონელსა და მომსახურებას რაც შეეხება, ბანკმა ჩასათვლელი დღგ გამოიანგარიშა პროპორციის მიხედვით, სადაც მრიცხველი იყო იმ ფინანსური ოპერაციებიდან და ლიზინგიდან მიღებული შემოსავალი, რომელზეც შესაძლებელია ჩათვლის მიღება, ხოლო მნიშვნელი იყო ყველა ფინანსური ოპერაციის (მათ შორის ყველა ლიზინგის ოპერაციიდან) ჯამური ბრუნვა. შედეგად ჩასათვლელი დღგ-ის პროპორციამ შეადგინა 39%.

საგადასახადო ორგანოს შეფასებით, პროპორციის გაანგარიშებისას ბანკს არ უნდა გაეთვალისწინებინა სალიზინგო გადასახდელებიდან ძირი თანხის კომპონენტი (ავტომობილების შეძენის ღირებულების ნაწილი).

საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გადაწყვეტილება ბანკის მიერ გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა სარჩელი და განაცხადა, რომ ბანკს პროპორციაში სალიზინგო გადასახდელების სრულად ჩართვის უფლება ჰქონდა. საგადასახადო ორგანომ, თავის მხრივ, გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ეროვნულმა სასამართლომ შესაბამისი შეკითხვით მიმართა ევროპის სასამართლოს.

დასმული კითხვა

ფინანსური ლიზინგის კონტრაქტის ფარგლებში ლიზინგის მიმღების მიერ განხორციელებული გადახდები სრულად უნდა იქნას თუ არა გათვალისწინებული ჩათვლის პროპორციის გაანგარიშების დროს, თუ გათვალისწინებულ უნდა იქნას მხოლოდ პროცენტი, რამდენადაც პროცენტი წარმოადგენს ბანკის კუთვნილ ანაზღაურებას/მოგებას ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში?

სასამართლოს გადაწყვეტილება

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის 168-ე მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, თუ საქონელი და მომსახურება გამოიყენება დასაბეგრი ოპერაციების მიზნებისთვის, მაშინ დასაბეგრი პირი უფლებამოსილია ჩაითვალოს დღგ, რომელიც გადახდილი ან გადასახდელია სხვა დასაბეგრი პირის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან მომსახურებისთვის. დირექტივის 173-ე მუხლის თანახმად, თუ დასაბეგრი პირი საქონელს ან მომსახურებას იყენებს ისეთი ოპერაციებისთვის, რომლებზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომლებზეც ეს უფლება არ აქვს, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება ჩათვლის მიღების უფლების მქონე ოპერაციების პროპორციულად. აღნიშნული პროპორცია დასაბეგრი პირის მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებით უნდა განისაზღვროს დირექტივის 174-ე მუხლის შესაბამისად. 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩასათვლელი დღგ-ის პროპორცია გამოითვლება წილადის მიხედვით, სადაც:

·მრიცხველი არის იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ ექვემდებარება ჩათვლას;

·მნიშვნელი არის იმ ოპერაციების წლიური ბრუნვის თანხა, დღგ-ის გარეშე, რომელიც მრიცხველშია ასახული და ოპერაციებისა, რომლებზეც დღგ არ ექვემდებარება ჩათვლას.

პორტუგალიის საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, დაბეგვრაში მნიშვნელოვანი ცდომილების შესაძლებლობის შემთხვევაში, დასაბეგრ პირს შეიძლება მოეთხოვოს ჩათვლის განხორციელება არა ზოგადი პროპორციის, არამედ საქონლისა და მომსახურების (სრულად ან ნაწილობრივ) ფაქტობრივი გამოყენების მიხედვით. აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს დირექტივის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის ანალოგს.

სასამართლოს მოსაზრებით, შეფასებას საჭიროებს, დირექტივის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი აძლევს თუ არა წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას, მოსთხოვონ სალიზინგო საქმიანობის განმახორციელებელ ბანკს, ჩათვლის პროპორციის გაანგარიშებისას გაითვალისწინოს სალიზინგო გადასახდელიდან მხოლოდ პროცენტის შესაბამისი კომპონენტი?

173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის მიხედვით წევრ სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა დანერგოს ჩათვლის ისეთი სქემა, რომელიც მხედველობაში იღებს საქონლისა და მომსახურების (მთლიანად ან ნაწილობრივ) ფაქტობრივ გამოყენებას. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული დანაწესის მიზანია, წევრ სახელმწიფოებს მიეცეთ შესაძლებლობა ზოგიერთი საქმიანობის განმახორციელებელი დასაბეგრი პირებისთვის ჩასათვლელი დღგ-ს მეტი სიზუსტით გამოსათვლელად გაითვალისწინონ საქმიანობის სპეფიციკა.

ბანკის მიერ სალიზინგო საქმიანობის განხორციელების პროცესში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საქონლისა და მომსახურების გამოყენებას გაუმიჯნავ ოპერაციებში. აღნიშნულის მაგალითი შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ელექტროენერგიის მოხმარება და სხვა სერვისები. თუმცა აღნიშნული სერვისების გამოყენება მეტწილად უაკვშირდება დაფინანსების გაცემას და ლიზინგის ხელშეკრულებების მართვას და არა ავტომობილების მიწოდებას.

ამ პირობებში, ჩასათვლელი დღგ-ს გაანგარიშება ბრუნვის პროპორციის მეთოდით, რომლის შედეგადაც ბრუნვაში გათვალისწინებულია ლიზინგის ძირითადი გადასახდელი (მანქანის მიწოდების ფასი), ნაკლებად ზუსტია, ვიდრე სადავო შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული მეთოდი.

შედეგად, სასამართლომ დაადგინა, რომ დირექტივის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტი წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, გაუმიჯნავ ოპერაციებში გამოყენებულ საქონელსა და მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლის მიზნით სალიზინგო საქმიანობის განმახორციელებელ ბანკს მოსთხოვონ ჩათვლის პროპორციაში გაითვალისწინოს სალიზინგო გადასახდელიდან მხოლოდ პროცენტის კომპონენტი, იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული საქონლისა და მომსახურების გამოყენება უკავშირდება ლიზინგის ხელშეკრულებების დაფინანსებასა და მართვას. ხოლო უკავშირდება თუ არა საქონლისა და მომსახურების გამოყენება ლიზინგის ხელშეკრულებების დაფინანსებასა და მართვას, თავის მხრივ ეროვნული სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს.