ბრძანება N 7096
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7096
01 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 22 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის №21226/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ი/მ ---------- (ს/ნ ------------) №20048/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 მაისის №002-76 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 20 მაისის №13933 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ --------- (ს/ნ ------------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე, ხოლო წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადების ნაწილში - 2012, 2013, 2014 და 2015 წლების საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა 2016 წლის 14 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 19 სექტემბრის №26686 ბრძანება და №005-281 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 160 246 ლარი, მათ შორის, გადასახადი 93 722 ლარი, ჯარიმა 41 585 ლარი და საურავი 24 938 ლარი.
ზემოაღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 13 ოქტომბრის №28357 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ:
1. ი/მ ---------- (ს/ნ -----------) 2016 წლის 26 სექტემბრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტში წარადგინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფასნამატის განსაზღვრისთვის საჭირო არგუმენტაცია/მტკიცებულება; ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს მის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დადგენილი ფასნამატისა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაანგარიშება და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, ხოლო, დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯების განსაზღვრისას იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობაზე და, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №28357 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების თანახმად:
„1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.10.2016 წლის №28357 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 19.09.2016 წლის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა;
3. გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს შემოწმებით დარიცხული (გადაანგარიშების შემდგომ დარჩენილი) ჯარიმისაგან;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და მასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილებები გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ----------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №26686 ბრძანება, №005-281 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელშიც ----------- არ შეუმცირდა დამატებით დარიცხული თანხები. შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. ხოლო, ------------ სასარჩელო მოთხოვნაზე - ნაწილობრივ ბათილად გამოცხადებულიყო შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 ოქტომბრის №28357 ბრძანება, შეწყდა წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია:
„პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია სასამართლო სხდომაზე შემმოწმებლის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე. კერძოდ, შემმოწმებელმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოს მიერ ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ შემმოწმებლის მიერ ვერ იქნა დასახელებული 2012 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის რომელი ქვეპუნქტი არსებობდა დამატებით (2012 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით). ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 2012 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ხოლო რაც შეეხება 2013 წლის საანგარიშო პერიოდს და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შემმოწმებლის მიერ გაკეთებულ იმ განმარტებას, რომ გადასახადის გადამხდელი 2013 წელს დაჯარიმებული იყო სასაქონლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისა და საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ი/მ ----------- მიერ აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ არაპირდაპირი მეთოდის მართლზომიერად გამოყენების საკითხის შესწავლის მიზნით საგადასახადო ორგანომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის 2 ან მეტი ფაქტი. აღნიშნული საკითხის დადგენის შემდეგ არის საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი არაპირდაპირი მეთოდით განუსაზღვროს ი/მ ------------ საგადასახადო დავალიანება 2013 წლის საანგარიშო პერიოდის მიმართ.
პალატა მიიჩნევს, რომ 2013 წლის საანგარიშო პერიოდისათვის საგადასახადო ორგანო ვალდებულია დაადგინოს, ჰქონდა თუ არა გადასახადის გადამხდელის მხრიდან მიმდინარე კონტროლის პროცედურების დარღვევის ორ ან მეტ ფაქტს ადგილი და მხოლოდ აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესახებ. ასევე, მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია ქურდობისა და დაყაჩაღების შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, გამოქვითოს გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლიდან და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განსაზღვროს მოსარჩელის დასაბეგრი შემოსავალი.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის განჩინებებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა 2023 წლის 28 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გადასახადის თანხა სულ 467 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №002-76 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25866 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 19 ოქტომბრის №25866 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის №21226/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის №21226/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
საბჭოს იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადის (95 085 ლარი) და საურავის (115 491,81 ლარი) ოდენობაზე და მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის მიხედვით საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საურავის დარიცხვის შესაბამისობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილთან. ამდენად, შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად:
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტერია, ასევე, ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა საგადასახადო პერიოდების მიხედვით (12.2% - 2012 წელს, 10.2% - 2013 წელს, 5,9% - 2014 წელს, 6% - 2015 წელს). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის სამი შემთხვევა. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის შედგენილია ოქმი №051558 და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის ოქმი №040144 და №---------. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი არ ექვემდებარება გადაანგარიშებას. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2012 წელს არაპირდაპირი მეთოდი არ იქნა გამოყენებული.
გადასახადის გადამხდელის მიერ სასამართლო განხილვებზე წარდგენილი იქნა ქურდობისა და ყაჩაღობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, შსს ------ მიმდინარე გამოძიებით დადგენილი ყაჩაღობისა და ქურდობის ფაქტები: 2012 წლის 6 აპრილის (1 100 ლარი), 2013 წლის 25 იანვრის (400 ლარი) და 2014 წლის (835 ლარი), რომლებიც შემოწმების აქტის შედგენამდე არ იქნა მოწოდებული, არც გადაანგარიშების ეტაპზე. შესაბამისად, მიმდინარე გადაანგარიშებით გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული და შემცირდა საშემოსავლო გადასახადი შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამავე კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების მე-16 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:
ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;
ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების თანახმად, 2016 წლის პირველ იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვის შეწყვეტა გათვალისწინებულია მხოლოდ 2019 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული პროცედურა ხორციელდება პროგრამულად. პროგრამული ლოგიკის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით არსებულ დავალიანებაზე დარიცხული საურავის მოხსნა ავტომატურ რეჟიმში არ არის შესაძლებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პოზიციით, მიზანშეწონილია მიეცეს მითითება აუდიტის დეპარტამენტს, რომ დასკვნის საფუძველზე, მექანიკურად განხორციელდეს საურავის გადაანგარიშება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საურავის დარიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ --------- (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საურავის დარიცხვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილთან შესაბამისობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ამ ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული მითითების შესაბამისად განახორციელოს დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არასრულყოფილად ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტერია, ასევე, ფასნამატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იცვლებოდა საგადასახადო პერიოდების მიხედვით (12.2% - 2012 წელს, 10.2% - 2013 წელს, 5,9% - 2014 წელს, 6% - 2015 წელს). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევბი. კერძოდ, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის და საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევისათვის.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:272(21);