გადაწყვეტილება №21591/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21591/2/2023
07 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 14.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21591/2/2023).
დავის საგანი:
დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №012-7 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 ივლისის №16825 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 185 033 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 106 088
დღგ - 42 687
საშემოსავლო გადასახადი - 63 401
ჯარიმა - 45 112
საურავი - 33 833
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა/დამუშავების მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17559 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია პროგრამა „ორისში“. საბუღალტრო პროგრამაში შემოსავლები აღრიცხულია თანხობრივად თვის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი. კერძოდ, წარდგენილი აღრიცხვით ვერ დგინდება გაწეული მომსახურების, რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ფასი, ხოლო შემოწმების მსვლელობისას წარდგენილ ცხრილებში ასახული გაწეული მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საწარმოს დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასებისგან. შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიწოდებულ ინფორმაციით დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით რა რაოდენობის წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის დაკვლა/დამუშავება განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე (https://www.geostat.ge) არსებული მონაცემებით განისაზღვრა სახეობების მიხედვით დაკვლა/დამუშავების მომსახურების ღირებულებები. ამ მონაცემებით განისაზღვრა საწარმოს მიერ შესაბამის საანგარიშო თვეებში გაწეული მომსახურების მოცულობები. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოწმების მიერ გადამხდელის რეგისტრაციის ვალდებულება განისაზღვრა 2019 წლის 5 სექტემბრის მდგომარეობით. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან შემოწმებით გაანგარიშებული იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით მომჩივანს დაერიცხა დღგ. ასევე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიწოდებულ ინფორმაციით, საწარმოს უფიქსირდება მსხვილფეხა პირუტყვის ტყავის რეალიზაცია. იგივე ინფორმაციით, შესაბამისი საანგარიშო თვეების მიხედვით განსაზღვრულია მიწოდებული პროდუქციის ოდენობა. საანგარიშო წლების მიხედვით მიწოდებული პროდუქციის ერთეულის ფასი 2019-2021 წლებში განისაზღვრა ტერიტორიული პრინციპით შერჩეულ, ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ აუდირებულ პირთან პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებულ ერთეული ფასების მიხედვით, ხოლო 2022 წელს - შესამოწმებელი პირის პირველად დოკუმენტებში დაფიქსირებული ერთეულის ფასის მიხედვით. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ტყავის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი აისახა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვებში.
შემოწმებით განსაზღვრული დამატებითი შემოსავლების, ასევე შემოწმებით დადგენილი დამატებითი ხარჯების (განხილულია გაცემული ხელფასების საკითხში) და საბუღალტრო პროგრამაში ასახული ნაღდის ფულის მოძრაობის ანალიზით განისაზღვრა შესამოწმებელი წლების და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საზოგადოების სალაროში აკუმულირებული ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობები. შემოწმებით ვერ დადგინდა აღნიშნული თანხის კომპანიის სალაროში ნაშთად არსებობა. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, ზემოაღნიშნული ფულის ნაშთი შემოწმებით განხილულ იქნა საწარმოს დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ოქტომბრის №25758 ბრძანება და №012-7 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 185 033 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 12 ივლისის №16825 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 31.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის №20433/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დავის განახლების მოთხოვნით, მომჩივანმა 14.12.2023 წელს კვლავ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბჭოს სხდომაზე მონაწილეობდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც ზეპირ განხილვაზე განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით. ოპერაციები აღრიცხული აქვს პროგრამა „ორისში“, თუმცა ვერ დგინდება გაწეული მომსახურების/რეალიზებული საქონლის სახეობა, რაოდენობა და ფასი.
აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ იქნა აუდიტის დეპარტამენტიდან მიღებული შემოწმების მასალები. ამის შესახებ სხდომაზეც და წერილობითაც აცნობა დავების განხილვის საბჭოს.
ვინაიდან საწარმოს წარმომადგენლის მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ იქნა აუდიტის დეპარტამენტიდან მიღებული შემოწმების მასალები, შემოწმების მასალებს გაცნობილი არ იყო და მისდა სამარცხვინოდ გაიზიარა სტერეოტიპი, რომ კომპანიის ხანდაზმულ ბუღალტერს შესაძლოა ჰქონოდა დარღვეული საბუღალტრო აღრიცხვის წესები და კანონიერ ნდობის უფლების საფუძველზე დაიჯერა, რომ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი ფაქტებს არ გააყალბებდა და ტყუილს არ იტოდა, მაგრამ სამწუხაროდ დაუშვა შეცდომა.
საბჭოს სხდომაზე არ გააპროტესტა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლის ახსნა-განმარტება და მისი პოზიცია, როგორც დადგენილი ფაქტობრივი გარემოება გადატანილ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებაში.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საბჭოსთვის.
აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მოიტყუა, სავარაუდოდ ამიტომაც დაბლოკა თავის დროზე საწარმოს წარმომადგენლისთვის შემოწმების მასალების გადაცემა, ხოლო როდესაც დარწმუნებული იყო, რომ ვერ და არ შეეწინააღმდეგებოდა, ბოროტად გამოიყენა მისი კანონიერი ნდობა, საბჭოს ნდობა და გააყალბა ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს სამსახურებრივ მეილზე არაერთხელ გაეგზავნა სრული და დეტალური ინფორმაცია ყოველ ტრანზაქციაზე. გაგზავნილი იყო ორისი, იყო დეტალურად ჩაშლილი Excell ფაილები, სადაც იდენტიფიცირდებოდა ყოველი ქათამი, თხა, ღორი თუ ძროხა, ნებისმიერი თარიღის მიხედვით, Excell ფაილები თავის მხრივ შედგენილი იყო პირველადი დოკუმენტების, ყოველდღიური ხელით შევსებული ჟურნალების საფუძველზე.
მომჩივნის მიერ გაკეთდა ფაქტის კონსტატაცია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ამოღებულ იქნა საწარმოს ბუღალტრის მეილიდან rs.ge-ზე გაგზავნილი მეილი, სადაც ჩანს, რომ დეტალური ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს სამსახურებრივ მეილზე ჰქონდა, დაინტერესების შემთხვევაში პირველადი დოკუმენტის, ყოველდღიური ჟურნალის მიწოდებაც შესაძლებელი იყო, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს ეს ეტყობა საერთოდ არ აინტერესებდა, მან ფორმალურად შეასრულა მოვალეობა, მოვალეობა მოიხადა („მოპტიჩკა“), თორემ სავარაუდოდ მისი მიზანი არ იყო და არც გაცნობია დეტალურ ინფორმაციას და რა თქვა უნდა არც არანაირი კითხვა არ დაუსვამს (მისთვის ამის საჭიროება არ იყო).
აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა:
1. შეგნებულად, ზერელედ, წინასწარ განსაზღვრული შედეგით, გარემოებათა რეალური შესწავლის გარეშე მოახდინა გადასახადის გადამხდელის შემოწმება, შემოწმებისას გააყალბა ფაქტობრივი გარემოებები და ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება;
2. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცა ინფორმაცია და შემოწმების მასალები საწარმოს წარმომადგენელზე, რათა დაეფარა გაყალბებული დასკვნა და შეგნებულად დაეზარალებინა გადასახადის გადამხდელი;
3. შეგნებულად იცრუა საბჭოს სხდომაზე 3.11.2023 წელს, შეგნებულად წარადგინა გაყალბებული ფაქტობრივი გარემოებები და ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო დავის განახლებას და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ შეგნებულად არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საბჭოსთვის. აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მოიტყუა, სავარაუდოდ ამიტომაც დაბლოკა თავის დროზე საწარმოს წარმომადგენლისთვის შემოწმების მასალების გადაცემა. ხოლო როდესაც დარწმუნებული იყო, რომ ვერ და არ შეეწინააღმდეგებოდა, ბოროტად გამოიყენა მისი კანონიერი ნდობა, საბჭოს ნდობა და გააყალბა ფაქტობრივი გარემოებები.
აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ მომჩივნის განცხადებებზე პასუხი მომზადებული და გაგზავნილი იქნა აუდიტის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ, „eDocument“ ბაზაში გაკეთებულია შესაბამისი ჩანაწერი. შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობს საწარმოს წარმომადგენლი შემმოწმებლის მიერ „შემოწმების მასალების დაბლოკვაში“ ან რა ფაქტობრივ გარემოებას ეფუძნება ბრალდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელმა მოიტყუა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს სამსახურებრივ მეილზე არაერთხელ გაეგზავნა სრული და დეტალური ინფორმაცია ყოველ ტრანზაქციაზე. გაგზავნილი იყო ორისი, იყო დეტალურად ჩაშლილი Excell ფაილები, სადაც იდენტიფიცირდებოდა ყოველი ქათამი, თხა, ღორი თუ ძროხა, ნებისმიერი თარიღის მიხედვით, Excell ფაილები თავის მხრივ შედგენილი იყო პირველადი დოკუმენტების, ყოველდღიური ხელით შევსებული ჟურნალების საფუძველზე. მომჩივნის მიერ გაკეთდა ფაქტის კონსტატაცია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ამოღებულ იქნა კომპანიის ბუღალტრის მეილიდან rs.ge –ზე გაგზავნილი მეილები, სადაც ჩანს, რომ დეტალური ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს სამსახურებრივ მეილზე ჰქონდა, დაინტერესების შემთხვევაში პირველადი დოკუმენტის, ყოველდღიური ჟურნალების მიწოდებაც შესაძლებელი იყო, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელს ეს ეტყობა საერთოდ არ აინტერესებდა, მან ფორმალურად შეასრულა მოვალეობა, მოვალეობა მოიხადა („მოპტიჩკა“), თორემ სავარაუდოდ მისი მიზანი არ იყო და არც გაცნობია დეტალურ ინფორმაციას და რა თქმა უნდა არც არანაირი კითხვა არ დაუსვამს (მისთვის ამის საჭიროება არ იყო).
აუდიტის დეპარტამენტისთვის გაურკვეველია თუ რა აღმოჩენა გააკეთა საწარმოს წარმომადგენლმა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მეშვეობით კომპანიის ბუღალტრის მეილიდან rs.ge –ზე გაგზავნილი მეილების ამოღებით. ყველა ეს ელ. წერილი ინახება შემმოწმებლების სამსახურეობრივ ელ. ფოსტაზე. შემოწმების მსვლელობისას შემოწმებასთან თანამშრომლობდა საწარმოს ბუღალტერი, შემმოწმებლების ელ. ფოსტაზე, შემმოწმებლების მოთხოვნით შემოწმების მსვლელობისას პერიოდულად იგზავნებოდა შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები. ყველა ეს მასალა შესწავლილი და დამუშავებული იქნა შემოწმების მსვლელობისას. შემოწმებას ამ მასალებიდან საიდუმლო არ შეუქმნია, რაც დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ შემოწმების აქტში ასახულია ინფორმაცია გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის და სააღრიცხვო ცხრილების შესახებ. საბუღალტრო პროგრამაში შემოსავლები აღრიცხულია თანხობრივად თვის ჭრილში, ვერ ხერხდება კონკრეტული ოპერაციების მიმდინარეობის კონტროლი, კერძოდ, წარდგენილი აღრიცხვით ვერ დგინდება გაწეული მომსახურების, რეალიზებული საქონლის სახეობის, რაოდენობის და ფასის დადგენა, ხოლო შემოწმების მსვლელობისას წარდგენილი ცხრილებში (ცხრილები არ არის შევსებული სრულყოფილად) ასახული გაწეული მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებულ, სისხლის სამართლის საქმის მასალებში საზოგადოების დირექტორის მიერ დაფიქსირებული ფასებისაგან. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზემოთ აღნიშნულ ცხრილებში დაფიქსირებული შემოსავლები არ მოდის თანხვედრაში საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებთან, აღნიშნული ცხრილები არ შეიძლება განხილულ იქნას რეალიზაციის დამადასტურებელ პირველად დოკუმენტად. შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიწოდებულ ინფორმაციით დადგინდა წლებისა და თვეების მიხედვით, რა რაოდენობის (აღრიცხული) წვრილფეხა, მსხვილფეხა პირუტყვის და ღორის დაკვლა/დამუშავება განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური საიტის მონაცემებით განისაზღვრა სახეობების მიხედვით, დაკვლა/დამუშავების მომსახურების ღირებულებები, საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა შეგნებულად, ზერელედ, წინასწარ განსაზღვრული შედეგით, გარემოებათა რეალური შესწავლის გარეშე მოახდინა გადასახადის გადამხდელის შემოწმება, შემოწმებისას გააყალბა ფაქტობრივი გარემოებები და ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გასცა ინფორმაცია და შემოწმების მასალები საწარმოს წარმომადგენელზე, რათა დაეფარა გაყალბებული დასკვნა და შეგნებულად დაეზარალებინა გადასახადის გადამხდელი, შეგნებულად იცრუა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე 3.11.2023 წელს, შეგნებულად წარადგინა გაყალბებული ფაქტობრივი გარემოებები და ბოროტად გამოიყენა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ წამოყენებული შეურაცხმყოფელი ბრალდებები არის ცილისწამება და რეალურ, ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ მომჩივანს არც კი გააცნეს რის საფუძველზე დაერიცხა გადასახადები, საფუძველი თუ რატომ დაერიცხა კომპანიას გადასახადები არც შემოსავლების სამსახურს არ გამოუკვლევია. სადავო დარიცხვა შეეხება და აგებულია მომჩივნისთვის უცნობ ეპიზოდზე.
აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შემოწმების აქტში და თანდართულ დანართებში დეტალურად არის ასახული დარიცხვის საფუძვლები.
საბჭო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება არის არა მომჩივნის შეხედულებები და დასკვნები, არამედ რაიმე ფაქტი/მოვლენა, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების არსებობა, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.
მომჩივანი ვერ წარმოადგენს ისეთ გარემოებებს ან/და მტკიცებულებებს, რომლებიც გადასახადის გადამხდელმა არ იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის განახლების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა/დამუშავების მომსახურება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17559 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 8 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2023 წლის 12 ივლისის №16825 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა, რაც 31.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის №20433/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო დავის განახლების მოთხოვნით, მომჩივანმა 14.12.2023 წელს კვლავ მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დავის განახლების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299; 308(1);