გადაწყვეტილება №20426/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20426/2/2023
12 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -------------31.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20426/2/2023).
დავის საგანი:
შეძენილი საქონლის (ჯართის) რეალიზებულად განხილვა და მიღებული შემოსავლის ჩათვლა
დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №11593 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 25.05.2023 წლის №006-210 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18248 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 814 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 1 772
ჯარიმა - 886
საურავი - 156
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შავი ლითონის ჯართის შეძენა და რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.07.2022 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 18.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ნაშთის შესახებ, ასევე ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. 2022 წლის ნოემბრიდან საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. 2022 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში გადამხდელს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით უფიქსირდება შავი ლითონის ჯართის რეალიზაცია სულ 5 100 ლარის, ხოლო 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში გადამხდელს უფიქსირდება შავი ლითონის ჯართის შეძენა სულ 13 410 ლარის, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. შემოწმებით აღნიშნული შეძენილი ჯართი ჩაითვალა რეალიზებულად უახლოესი პერიოდის დოკუმენტურად დადასტურებული 41.6%-იანი ფასნამატით, აღნიშნული ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა სულ შეადგინა 24 097 ლარი.
აღნიშნული შემოსავლის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით ელექტრონული დოკუმენტებით დადასტურებული ხარჯების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს ნაღდი ფულის ნაშთი სულ 7 087 ლარი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით ჩაითვალა, რომ გადამხდელის სალაროს ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 0 ლარს. შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით სულ 8 860 ლარი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 25.05.2023 წლის №11593 ბრძანება და ამავე თარიღის №006- 210 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2.07.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.07.2023 წლის №18248 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში დაფიქსირებულ პოზიციას არ ეთანხმება, იმის გამო რომ კომპანია ახდენდა შეძენილი ჯართის რეალიზაციას მხოლოდ და მხოლოდ სასაქონლო ზედნადებებით და საბოლოოდ ჯართი მიდიოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, ყველა ჯართი რომელიც შეძენილი იქნა კომპანიის მიერ რეალიზებულია სასაქონლო ზედნადებებით და იდენტიფიცირების გარეშე ჯართის რეალიზაცია არ მომხდარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმებას ექვემდებარება შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს; საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი მიუთითებს, რომ შეძენილი ჯართის რეალიზაცია ხდება სასაქონლო ზედნადებებით და მიეწოდება ------------- ანუ იდენტიფიცირების გარეშე ჯართის რეალიზაცია არ მომხდარა.
დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ნაშთის შესახებ, ასევე ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მომჩივანს 2022 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება შავი ლითონის ჯართის შეძენა სულ 13 410 ლარის, რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ განხორციელებულა. შემოწმებით აღნიშნული შეძენილი ჯართი ჩაითვალა რეალიზებულად უახლოესი პერიოდის დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატით და მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 24 097 ლარი.
შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შეძენილი საქონლის (ჯართის) რეალიზებულად განხილვა და მიღებული შემოსავლის ჩათვლა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შავი ლითონის ჯართის შეძენა და რეალიზაცია. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ბუღალტრული აღრიცხვა, ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს ნაშთის შესახებ, ასევე ინფორმაცია დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ.
გადამხდელს უფიქსირდება შავი ლითონის ჯართის რეალიზაცია. ასევე უფიქსირდება შავი ლითონის ჯართის შეძენა.რომლის დოკუმენტური რეალიზაცია არ განუხორციელებია. შემოწმებით აღნიშნული შეძენილი ჯართი ჩაითვალა რეალიზებულად უახლოესი პერიოდის დოკუმენტურად დადასტურებული 41.6%-იანი ფასნამატით. გამოვლინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელს სალაროში უნდა გააჩნდეს ნაღდი ფულის ნაშთი.შემოწმებით დადგენილი საწარმოს ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. აღნიშნული ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 20%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;136(3);61(3);73(4,5,9);101(1);154(1ა);