გადაწყვეტილება №19227/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19227/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19227/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------------“ 28.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19227/2/2023).

 

დავის საგანი:

დირექტორის მიერ გატანილი (დანიშნულებით „სხვადასხვა“) თანხების ხელფასად და სესხად გატანილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №001-124 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2837 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 260 091 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 132 053

მოგების გადასახადი - 39 582

საშემოსავლო გადასახადი - 92 471

ჯარიმა - 66 026

საურავი - 62 012

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების კეთილმოწყობა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 აპრილის №9249 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვითაც 2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია ფულადი სახსრები 281 030 ლარის ოდენობით (დანიშნულებაში მითითებულია სხვადასხვა). მომჩივანს 10.07.2019 – 01.03.2022 საანგარიშო პერიოდებზე არ აქვს წარდგენილი ან წარდგენილია ნულოვანი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, საბანკო ამონაწერების მიხედვით, საწარმოს დირექტორზე გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია სესხი 224 300 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2019 წლის 1 აგვისტოს გატანილია სესხი 120 300 ლარის ოდენობით, 2019 წლის 12 აგვისტოს 74 000 ლარის ოდენობით, 2019 წლის 30 ოქტომბერს კი 30 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციები. მომჩივნის მიერ არ არის წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები. შემოწმებით კომპანიის მიერ გაცემული სესხი დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ამასთან, შემოწმებით დირექტორის მიერ გატანილი სესხი დაკვალიფიცირდა უპროცენტოდ გაცემულ სესხად და აღნიშნულ სესხზე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით (წლიური 20%-ით) დაანგარიშდა სარგებლის თანხა და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით ამავე კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს სატელეფონო საუბრისას და ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის დროსაც ეთხოვა სესხის ხელშეკრულებების წარდგენა, თუმცა მომჩივანს სესხის ხელშეკრულებები არ წარუდგენია. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ივლისის №19000 ბრძანება და №001-124 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 260 091 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 23 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 16 თებერვლის №2837 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტზე შემოწმებით დადგენილია დირექტორის მიერ თანხების გატანის ფაქტი, ერთ შემთხვევაში დანიშნულებით „სხვადასხვა“, ხოლო მეორე შემთხვევაში სესხის სახით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან მიმართებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა სესხის ხელშეკრულებები (3 სესხის ხელშეკრულება, სამივე გაფორმებულია შპს „-------------“ 2019 წლის აგვისტოს და ოქტომბრის თვეებში), თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებები არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს, რადგან ეჭვქვეშ დგება ზემოაღნიშნული სესხების გაცემის რეალობა (არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულებები) და ეკონომიკური მიზნობრიობა (სესხის მიმღებს შპს „-------------“ 2018 წლის შემდეგ აღარ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა). მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/დოკუმენტაცია, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აგრეთვე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების პერიოდშივე შეფასებულია წარდგენილი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებები ან/და განმარტებები, რაც არის მცდარი. კერძოდ, შპს „-----------“ და შპს „------------“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულებები: 2019 წლის 1 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით 120 000 ლარის ოდენობის სესხი, 20%-იანი სარგებლით, 5 წლის ვადით, 2019 წლის 13 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით 244 000 ლარის ოდენობის სესხი, 20%-იანი სარგებლით, 5 წლის ვადით და 2019 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით 30 000 ლარის ოდენობის სესხი, 20%- იანი სარგებლით, 5 წლის ვადით და შესაბამის პერიოდებში გაიცა თანხები. ამასთან, მხარეებს შორის, 2019 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა შედარების აქტები, რომლითაც შპს „------------“ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების შესაბამისი თანხების მიღება და შპს „------------“ მიმართ არსებული დავალიანება. ამის თაობაზე ინფორმაცია წარდგენილი ჰქონდა შემმოწმებელსაც. მომჩივნის მიერ წარდგენილი იყო ხელშეკრულებები შემმოწმებელთან, რომელმაც არათუ არ შეაფასა აღნიშნული დოკუმენტები და არ შეუსაბამა გადასახადის გადამხდელის ოპერაციებს, არამედ, მისი მხრიდან განხორციელდა მცდარი ინფორმაციის ჩაწერა და თანხის მიმღებ სუბიექტად სხვა პირის დაფიქსირება, რამაც ბათილი აქტის საფუძველზე, წარმოშვა საწარმოს ისეთი ვალდებულებები, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის უზოგადეს პრინციპებს. ამის თაობაზე 2022 წლის 23 სექტემბერს საჩივარი წარდგენილი იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა ისე, რომ არ გაეცნო საქმის მასალებს (არ ყოფილა ჩართული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განხილვისას გადამხდელი), მიიღო გადაწყვეტილება და გამოსცა ბრძანება №2837 საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ფაქტზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ ყოფილა შესწავლილი გარემოებები, მიუთითებს სსიპ შემოსავლების სამსახურის მტკიცება, თითქოს გადასახადის გადამხდელს არ მიუწოდებია შემოწმების პროცესში სესხის ხელშეკრულებები, მაშინ როდესაც არათუ სესხის ხელშეკრულებები იქნა წარდგენილი, ასევე მიწოდებული იქნა აუდიტორისთვის ხელშეკრულებების გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულებაც.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა კანონის დარღვევით აქტის გამოცემა, რაც იწვევს პირის ინტერესების დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას და არღვევს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, რაც ასევე უკანონოდ დაადასტურა შემოსავლების სამსახურმა.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ქმედება ეწინააღმდეგება კანონს. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის წესებსა და პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება №19000 ეწინააღმდეგება კანონით პირდაპირ დადგენილ შეზღუდვებსა და დათქმებს. მით უფრო, სზაკ-ის 96-ე და 97-ე მუხლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, უნდა გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და ამაზე დაყრდნობით უნდა მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს შემზღუდავ ადმინისტრაციულ აქტთან, რომელიც კანონის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა იყოს სრულფასოვნად დასაბუთებული. შესაბამისად, სადავო აქტი პრობლემურია არამხოლოდ მატერიალური, არამედ ფორმალური თვალსაზრისითაც.

აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება №19000 ითვალისწინებს მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მცდარ შეფასებას, საქმის გარემოებების არასრულფასოვან შესწავლას, რომლითაც აუდიტის დეპარტამენტმა მიიღო არსებითად მცდარი და შესაბამისად, ბათილი გადაწყვეტილება. დასახელებული მავნე პრაქტიკა გაიმეორა თავად შემოსავლების სამსახურმაც, რომელმაც არ შეისწავლა არათუ საქმის მასალები, არამედ წარდგენილი საჩივარიც კი. სადავო აქტის (ბრძანება №2837) მე-2 გვერდზე სანქციის დარიცხვის საფუძვლად მითითებულია მცდარი ინფორმაცია: „გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებები. საგადასახადო შემოწმებით შპს „----------“ მიერ გაცემული სესხი დაბეგრილ იქნა მოგების გადასახადით.“ აღნიშნული ჩანაწერი არის მცდარი და ვერ იქნება ის აქტის გამოცემის საფუძველი, რადგან ასეთი დოკუმენტები წარდგენილი იყო აუდიტისთვის. კიდევ ერთი მცდარი ინფორმაცია, რითაც შემოსავლების სამსახური სადავო აქტით ცდილობს გაამართლოს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული აქტი არის შემდეგი: „თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებები არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენის დროს, რადგან ეჭვქვეშ დგება ზემოაღნიშნული სესხების გაცემის რეალობა (არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულებები)“. ასეთი ჩანაწერი, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო ითხოვს ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებას, ეწინააღმდეგება როგორც დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ წესებს, ასევე უშუალოდ კანონს. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ისეთი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც არ იქნებოდა კანონით გათვალისწინებული. იმ პირობებში, როდესაც სანოტარო წესით სესხის ხელშეკრულების დამოწმება არათუ სავალდებულო არ არის (და არც არასდროს ყოფილა), არამედ უძრავი ქონების ნასყიდობის დროსაც კი (რომლის დროსაც სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო წინაპირობა იყო) მისი სავალდებულო ხასიათი გაუქმებული იქნა, ჩვეულებრივი და სტანდარტული წესით დადებული სესხის ხელშეკრულების შემდგომ დამოწმებას არასდროს ითვალისწინებდა კანონმდებლობა. შესაბამისად, თუ შემოსავლების სამსახურს აქვს პრეტენზია გარიგების ფორმადაუცველ ხასიათზე, მაშინ ასეთი პრეტენზია ერთი მხრივ სამართლებრივი საფუძვლის არმქონეა, ხოლო მეორე მხრივ, ის ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ მისი უფლებამოსილების ფარგლებს. სადავო აქტებში კონკრეტულად არ არის გამოკვეთილი, თუ რა პრეტენზია გააჩნია აუდიტორს გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელი მოთხოვნა არის შეუსრულებელი, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, არამხოლოდ დაუსაბუთებელია, ასევე ბუნდოვანი და გაურკვეველია მისი მოქმედების მოტივი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს დირექტორს გატანილი აქვს თანხები. ერთ შემთხვევაში თანხები გატანილია დანიშნულებით „სხვადასხვა“, ხოლო მეორე შემთხვევაში - სესხის სახით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა 3 სესხის ხელშეკრულება. სამივე გაფორმებულია შპს „------------“ 2019 წელს, არაურთიერთდამოკიდებულ პირზე, უზრუნველყოფის გარეშე, 60 თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულებები არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების აქტის შედგენის დროს, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება ზემოაღნიშნული სესხების გაცემის რეალობა (არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულებები) და ეკონომიკური მიზნობრიობა (შპს „------------“ 2018 წლის შემდეგ აღარ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობა).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დირექტორის მიერ გატანილი (დანიშნულებით „სხვადასხვა“) თანხების ხელფასად და სესხად

გატანილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვა.

მომჩივნის არგუმენტაციით შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებები ან/და განმარტებები, რასაც არ ეთანხმება.მისი თქმით,აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება №19000 ითვალისწინებს მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი

გასაჩივრებული აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების კეთილმოწყობა.აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვითაც 2019 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია ფულადი სახსრები.მომჩივანს საანგარიშო პერიოდებზე არ აქვს წარდგენილი ან წარდგენილია ნულოვანი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.ასევე საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორის მიერ გატანილია სესხი.გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციები.მომჩივნის მიერ არ არის წარდგენილი სესხის ხელშეკრულებები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(9)(4);97(1)ბ;982(3)ზ;982(8);101(1);101(2)ბ;154(1)ა;