ბრძანება N 7798
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7798
10.04.2023
შპს „---------------“ (ს/ნ ------------)
(მის.: ------------------------)
2023 წლის 13 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 მარტის სხდომაზე (ოქმი №34) განიხილა შპს „-------------“ (ს/ნ ------------) №5107/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №024-80 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ს ბრუნვის კორექტირებას და მიუთითებს, რომ ნაწილობრივ ეთანხმება შემოწმების პოზიციას, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციით საბუღალტრო ჩანაწერებითა და გადამხდელის გაანგარიშებით შემოწმების მონაცემები შეიცავს რიგ უზუსტობებს. შესაბამისად ითხოვს საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გაცემულ ხელფასებს შორის სხვაობის საფუძვლით დამატებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 309-ე მუხლის 112-ე ნაწილსა და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით აცხადებს, რომ ნაწილობრივ ეთანხმება შემოწმების პოზიციას, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციით, საბუღალტრო ჩანაწერებითა და გადამხდელის გაანგარიშებით შემოწმების მონაცემები შეიცავს რიგ უზუსტობებს, ვინაიდან კომპანიის მიერ გაცემულ ხელფასები დეკლარირბული/დაბეგრილია სრულად და შესაბამისად არის ასახული საბუღალტრო ჩანაწერებშიც. შესაბამისად, ითხოვს საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლას. ასევე მითითებულია, რომ შემოწმების აქტს არ ახლავს საშემოსავლო გადასახადის გაანაგრიშებები.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი არაგონივრული სალაროს ნაშთის დირექტორზე უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ უფიქსირდება სალაროს ნაშთი, შესაბამისად, შეუძლებელია შემოწმების მიერ სადავოდ მიჩნეულიყო გარემოება, რომელიც კომპანიაში არ დაფიქსირებულა. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ ვერბალურად იქნა განმარტებული, რომ სადავო იყო კომპანიაში შესამოწმებელი პერიოდის დაწყებისთვის არსებული დამფუძნებლის შენატანის ნაშთის არსებობის ფაქტი 440 000 ლარის ოდენობით. გადამხდელის ვარაუდით, აღნიშნული თანხის დამფუძნებლისთვის დაბრუნება გახდა სადავო. ამდენად, გადამხდელი მოკლებულია შესაძლებლობას წარმოადგინოს შესაბამისი არგუმენტაცია, ვინაიდან უცნობია სადავო საკითხის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმებით ადგილი ჰქონდა 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დამფუძნებლის შენატანის უგულებელყოფას, გადამხდელისთვის გაუგებარია, როგორ მოხდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისამდე განხორციელებული შენატანის შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროს ნაშთში ასახვა. ასევე, უთითებს, რომ რეალურად შემოწმების მიერ გამოყენებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი, თუმცა აქტი არ შეიცავს ამ ნორმის გამოყენების საფუძვლების თაობაზე დასაბუთებას. აგრეთვე, გადამხდელი უთითებს სასამართლო პრაქტიკაზე ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლებთან მიმართებით.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს. აცხადებს, რომ კომპანიას გააჩნია საბუღალტრო აღრიცხვა და აღნიშნულის ანალიზის შედეგად ვერ გამოვლინდებოდა შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის ოდენობა. საჩივარში უთითებს, რომ შემმოწმებელმა ვერბალურად სადავო გახადა კომპანიის მიერ განსაზღვრული ფასნამატი და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, ერთი ოპერაციის ფასნამატის სრულ პერიოდზე გავრცელებით იქნა მის მიერ გამოვლენილი განკარგვადი თანხები. აცხადებს, რომ შემმოწმებლის განმარტებით, წინანდალში სასტუმროსთვის მიწოდებული კვების მიხედვით გაანგარიშდა მარჟა და აღნიშნული მონაცემი იქნა გავრცელებული სხვა რეალიზაციებზე. აღნიშნავს, რომ შემოწმებით დაუსაბუთებლად განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება, ასევე არასწორად განისაზღვრა მარჟაც, ვინაიდან არ იქნა გათვალისწინებული ტრანსპორტირების დანახარჯი. კერძოდ, წინანდალში დღეში სამჯერ ხდება მიწოდება თბილისიდან და რუსთავიდან, შესაბამისად აღნიშნული ოპერაციების ფასი მაღალია. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, საკითხის ზეპირი მოსმენისას გადამხდელმა განმარტა, რომ მითითებულ საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან მიიღო განმარტებები, რომლის თანახმად, დარიცხვა არ ემყარება მითითებულ გარემოებებს, შესაბამისად, გადამხდელმა მიუთითა, რომ აღნიშნულ არგუმენტს აღარ წარმოადგენს დარიცხვის საფუძვლებთან მიმართებაში.
გადამხდელი მიუთითებს, რომ შემოწმების აქტში არ არის მითითებული დარიცხვის საფუძვლები, ამდენად, იგი უკანონო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, დასადგენია რა იქნა ჩათვლილი ფაქტობრივ გარემოებად, რა გახდა სადავო და რა სამართლებრივი შეფასებები იქნა მიცემული.
საკითხის ზეპირ მოსმენაზე განხილვისას გადამხდელმა განაცხადა, რომ შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული შესყიდვის აქტების ნაწილი. ამასთან, გადამხდელი საჩივარში უთითებს, რომ შემმოწმებლის ვერბალური განმარტებით, სადავო იყო შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელიც, თუმცა შესყიდვის აქტები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და გაუგებარია დარიცხვის საფუძვლები. აცხადებს, რომ პროდუქციის საწარმოებლად საქონლის შესყიდვა ხორციელდება როგორც სასაქონლო ზედნადებებით, ისე შესყიდვის აქტებით. ასევე, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სურსათის შეძენა და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოწმებას სადავოდ არ გაუხდია კომპანიის მიერ კვებით მომსახურების გაწევა, ხოლო თუ მომსახურება გაწეულია, საქონელი მიწოდებულია და არც კალკულაციაა სადავო, მაშინ საქონლის შესაძენად კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯები აუცილებლად ექვემდებარებოდა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას. გადასახადის გადამხდელი საჩივარში უთითებს სასამართლო პრაქტიკაზე. ასევე, აღნიშნავს, რომ თუ შემმოწემებლთა მიერ არ არის სადავო მიწოდების ფაქტი, შესყიდვის აქტები რომც არ აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, აღნიშნული საქონლის შესყიდვისთვის კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები ექვემდებარება განკარგვადი თანხების გაანაგრიშებისას გათვალისწინებას.
5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 თებერვლის №4468 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------------“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 19 დეკემბრის №31861 ბრძანება და 20 დეკემბრის №024-80 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 108 631 ლარი, მათ შორის, გადასახადი 608 409 ლარი, ჯარიმა 336 602 ლარი, საურავი 163 620 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ს ბრუნვებს შორის. არის შემთხვევები, როდესაც გადამხდელს მეტი აქვს დეკლარირებული, თუმცა ხშირ შემთხვევაში შპს „----------------“ შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მაგალითად შპს „----------“ გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ურიცხავს გაწეული კვების მომსახურების თანხებს, თუმცა გადამხდელს ეს თანხები არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის და შესაბამისად პერიოდში მოქმედი 159-ე მუხლის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოწმების პროცესში, დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლის ანალიზის შედეგად გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა სხვაობები ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებს და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. გამოვლენილი სხვაობები ასახულია გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 142-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზები, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს (აღნიშნული დაანგარიშებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად). საგადასახადო შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და აღნიშნული თანხა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად. რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით დაერიცხა სარგებელი სესხის საბაზრო ღირებულების ოდენობით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, ამავე კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოში ფულის მოძრაობა, კერძოდ შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული დოკუმენტაცია და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამა) შეპირისპირებით გამოვლინდა განკარგვადი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად განსაზღვრული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ს ბრუნვებს შორის. ხშირ შემთხვევაში შპს „-------------“ შემცირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. მაგალითად შპს „--------“ გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშზე ურიცხავს გაწეული კვების მომსახურების თანხებს, თუმცა გადამხდელს ეს თანხები არ აქვს გათვალისწინებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის განმარტებით შემოწმების აქტში დაშვებულია უზუსტობები, თუმცა გადამხდელი კონკრეტულად არ უთითებს რა სახის უზუსტობებია და რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა სხვაობები ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებს და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. შესაბამისად, განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელი ნაწილობრივ ეთანხმება დარიცხვას, თუმცა აცხადებს, რომ შემოწმების მონაცემები შეიცავს რიგ უზუსტობებს. ამასთან, არ არის მითითებული კონკრეტული გარემოებები, რომელთა მიხედვითაც დაიდენტიფიცირდებოდა რა სახის უზუსტობებზეა საუბარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ შეამოწმონ გადასახადის გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტები, საბუღალტრო წიგნი, ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსური სახსრები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობანი, გაანგარიშებები, დეკლარაციები, გადასახადების გაანგარიშებისა და გადახდის სხვა დოკუმენტები. აგრეთვე, გადასახადის გადამხდელისაგან ან/და მისი წარმომადგენლისაგან მიიღონ გადასახადების გამოანგარიშებასა და გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტები, აგრეთვე წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საგადასახადო შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.
დადგენილია, რომ საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს, აღნიშნული შემოწმების მიერ განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შპს „--------------“ შემოწმებას წარმოუდგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს „1430“ (ანგარიშვალდებულ პირზე) ანგარიშზე უფქისრიდებოდა საწყისი ნაშთი 440 000 ლარის ოდენობით დირექტორის მიმართ, ანუ საწარმოს ჰქონდა დირექტორის ვალდებულება აღნიშნული თანხის ოდენობით. ამასთან, აღნიშნული ბუღალტრული ანგარიშიდან ხდებოდა მომწოდებლის ვალდებულების დაფარვა და სხვადასხვა ოპერაციები, ანუ შინაარსობრივად „1430“ ანგარიში წარმოადგენს სალაროს ანგარიშს და არა კაპიტალის ანგარიშს. ამასთან, შემოწმების ეტაპზე, ისევე როგორც სხვა საკითხები, განხილულ იქნა გადასახადის გადამხდელთან და მათ განსხვავებული პოზიცია არ წარმოუდგენიათ. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზით შესამოწმებელ პერიოდამდე არსებულ საანგარიშო პერიოდზე შესწავლილ იქნა კომპანიის ფულადი ნაკადების მოძრაობა (დეკლარირებული შემოსავალი შემცირებულია დოკუმენტური ხარჯებით) და კომპანიას 2017 და 2018 წლებში უფიქსირდება მოგება. ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება წარმოშობილი იყო შესამოწმებელ პერიოდამდე, გადამხდელს შემოწმების მიერ მოეთხოვა წარმოედგინა წინა პერიოდის ბუღალტრული მონაცემები სრულად, რათა დადგენილიყო ხსენებული ვალდებულების წარმოშობის მიზნობრიობა და საჭიროება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომპანიამ ვერ წარმოადგინა წინა პერიოდის ბუღალტრული მონაცემები სრულად, შესაბამისად არ დადასტურდა აღნიშნული თანხის შეტანის საჭიროება და შემოწმებით აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული საწყის ნაშთად და ანგარიშვალდებულ პირზე თანხების დაბრუნება განხილულ იქნა როგორც უპროცენტო სესხი.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელმა ვერ შეძლო დაედასტურებინა ხსენებული ვალდებულების წარმოშობის მიზნობრიობა და საჭიროება, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოში ფულის მოძრაობა, კერძოდ, დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების (შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ასახული დოკუმენტაცია და ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამა) შეპირისპირებით გამოვლინდა განკარგვადი თანხა.
შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით წარმოდგენილ ინფორმაციას, რომლის თანახმად დგინდება, რომ განკარგვადი თანხების გაანგარიშებისას დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებში შედის, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით (ზედნადებებით, ანგარიშ-ფაქტურებით და სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით) მიღებული საქონელი/მომსახურება და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლის და ძირითადი საშუალებების ღირებულება. რაც შეეხება შესყიდვის აქტების ნაწილს, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული პროგრამა იყო არაზუსტი, გადასახადის გადამხდელს მოეთხოვა ახსნა-განმარტება, იმის შესახებ თუ რა ღირებულების საქონელი და ძირითადი საშუალებები ჰქონდა შესყიდული შესყიდვის აქტებით, ასევე მოეთხოვა მატერიალური ფორმით შესყიდვის აქტების მიწოდება. გადასახადის გადამხდელმა აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც წერს რომ შესამოწმებელ პერიოდში 01.01.2019-დან 31.01.2022-მდე საანგარიშო პერიოდზე ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით შესყიდული ჰქონდა 1 450 580 ლარის ძირითადი საშუალებები და 2 872 079 ლარის ნედლეული. ეს მონაცემები მეტნაკლებად ემთხვეოდა პროგრამაში არსებულ მონაცემებს. შემოწმების მიერ ხსენებული შესყიდვის აქტებით დათვლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ჯამური ფასნამატი, რომელიც გამოდიოდა 80%-მდე. ასევე, რამდენიმე დამკვეთთან (გადამხდელს რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებული ქონდა მხოლოდ ულუფა, ხოლო ეს ულუფა რისგან შედგებოდა არ იყო ცნობილი შემოწმებისთვის, აღნიშნულიდან გამომდინარე ფასნამატის დასადგენად მოთხოვნილ იქნა ულუფების გაშიფვრა გადასახადის გადამხდელისგან და მან რამდენიმე დამკვეთისგან გადმოაგზავნა გაშიფვრები და სწორედ ამ დამკვეთებით იქნა დათვლილი ფასნამატი) დათვლილ იქნა ფასნამატი და აქაც ფასნამატი დაფიქსირდა 70-დან 80%-მდე შუალედში, რაც ედრებოდა მსგავსი საქმიანობის განამხორციელებელი პირების აუდირებულ ფასნამატს, რასთან დაკავშირებული ცხრილებიც გაგზავნილია გადასახადის გადამხდელთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხსენებული თანხები (შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელი და ძირითადი საშუალებები) გათვალისწინებულ იქნა ფულის მოძრაობაში. საბოლოო ჯამში გამოვლინდა, რომ შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით, დადგინდა განკარგვადი თანხა 958 034 ლარის ოდენობით. აღნიშნული საკითხი ეცნობა გადასახადის გადამხდელს და გაეგზავნა გაანგარიშების ცხრილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რაზეც ეთხოვა პოზიციის დაფიქსირება. გარკვეული პერიოდის შემდგომ, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ მან შეცდომით დააფიქსირა შესყიდვის აქტებით შეძენილი ნედლეულის თანხა და განმარტავდა, რომ დამატებით ჰქონდა დაახლოებით 900 000 ლარის ღირებულების შესყიდვის აქტები. შემოწმების მიერ აღნიშნული შესყიდვის აქტები არ იქნა გათვალისწინებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ხსენებული შესყდვის აქტების გათვალისწინების შემთხვევაში ფასნამატი მნიშვნელოვნად მცირდებოდა და ცდებოდა აღნიშნულ სფეროში დაფიქსირებულ აუდირებულ ფასნამატს.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დამატებითი შესყდივის აქტების (900 000 ლარი) შესახებ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს აცნობა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა განკარგვადი თანხის (რომელიც თითქმის სრულად ედრება განკარგვადი თანხის ოდენობას) გამოვლენის შესახებ.
ხსენებული შესყდივის აქტები არასრულად იყო წარმოდგენილი, ნაწილი იყო წარმოდგენილი მხოლოდ ექსელის ფორმატში და არ იყო შესაბამისი დოკუმენტი გადმოგზავნილი სადაც დაფიქსირებული იქნებოდა გამყიდველის ხელმოწერა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ სრულყოფილად არის განხორციელებულია საქმეში არსებული მასალების შესწავლა, ასევე, დგინდება ის საფუძვლები, რომელთა მიხედვითაც აუდიტის დეპარტამენტმა განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინა შესყიდვის აქტების ნაწილი. გადასახადის გადამხდელი შესყიდვის აქტებთან დაკავშირებით უთითებს, რომ ისინი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასხადის გადამხდელის არგუმენტაცია და მითითებება არ არის დასაბუთებული. ამდენად, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით საგადსახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, - იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------------“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დღგ-ს ბრუნვის კორექტირებას და მიუთითებს, რომ ნაწილობრივ ეთანხმება შემოწმების პოზიციას, თუმცა სააღრიცხვო დოკუმენტაციით საბუღალტრო ჩანაწერებითა და გადამხდელის გაანგარიშებით შემოწმების მონაცემები შეიცავს რიგ უზუსტობებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ გაცემულ ხელფასებს შორის სხვაობის საფუძვლით დამატებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი არაგონივრული სალაროს ნაშთის დირექტორზე უპროცენტო სესხის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ თანხებს.
5. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რომლის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებსა და შემოწმებით დადგენილ დღგ-ს ბრუნვებს შორის. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. ასევე გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა სხვაობები ფაქტობრივად გაცემულ ხელფასებს და დეკლარირებულ მონაცემებს შორის. გამოვლენილი სხვაობები ასახულია გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ საბუღალტრო აღრიცხვაში. შემოწმების მიერ გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზები, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის დარიცხვა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
3. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში დაფიქსირებული აქვს სალაროს ნაშთი, რომელიც აღემატება სალაროს გონივრულ ფულად ნაშთს. საგადასახადო შემოწმებით ოპერაციას შეეცვალა კვალიფიკაცია და აღნიშნული თანხა განხილულ იქნა ანგარიშვალდებულ პირზე, დირექტორზე, გაცემულ უპროცენტო სესხად. რასაც დაერიცხა სარგებელი სესხის საბაზრო ღირებულების ოდენობით და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საწარმოში ფულის მოძრაობა, კერძოდ შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების შეპირისპირებით გამოვლინდა განკარგვადი თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნული თანხები განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან განსაზღვრული წესით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1), 163(1)(2), 164(1), 101, 154, 136(3), 73(9)"ბ", 97(1)"ბ", 982(3)"ზ" (8), 275, 269(7).
2021 წლამდე მოქმედი სსკ-ს 160, 161(1)"ა.ა".