გადაწყვეტილება №80591/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 80591/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№80591/1/2023

04 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ -ის 26.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №80591/1/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.05.2022 წლის №11104 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 თებერვლის №007-32 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8027 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 699 284.9 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 325 229

დღგ - 123 242

საშემოსავლო გადასახადი - 201 987

ჯარიმა - 162 809

საურავი - 211 246,9

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობას წარმოადგენს ---------- დან, ---------- დან და ---------- დან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ბავშვის საწოლების, თეთრეულის და სხვა მსგავსი საქონლის იმპორტი და ადგილობრივი რეალიზაცია, რისთვისაც ---------- ბაზრობის ტერიტორიაზე იჯარით აქვს აღებული ფართი.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 30 დეკემბრისა №46986 და 2020 წლის 10 მარტის №7097 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 თებერვლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 18 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს აღრიცხვისთვის გააჩნია საბუღალტრო პროგრამა ორისი, თუმცა პროგრამაში არაა სრულყოფილად ასახული ის მონაცემები, რითიც განისაზღვრებოდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, რეალიზაციაზე ჩამოწერილი საქონლის იდენტიფიცირება და მისი სახელობითი თვითღირებულების განსაზღვრა ვერ ხერხდება.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით რეალიზაციაზე ჩამოწერილი საქონლის თვითღირებულების განსაზღვრა ვერ მოხერხდა, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შესაბამისი პერიოდების შემოსავალი განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 22 ოქტომბრის №36431 ბრძანების შესაბამისად ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, სადაც გადამხდელის მიერ სხვადასხვა საქონელზე მითითებული იყო ფასნამატები, რომელთა საერთო საშუალო ფასნამატი შეადგენდა 13.96%-ს.

აღნიშნული პროცენტის გამოყენებით გამოთვლილ იქნა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება და 2019 წლის 22 ოქტომბრის საქონლის ნაშთის გათვალისწინებით გაანგარიშდა საცალოდ რეალიზებული საქონლის, როგორც თვითღირებულება, ასევე, 13.96%-ის გათვალისწინებით მიღებული შემოსავალი, რაც პროპორციით გადანაწილდა თვეების მიხედვით, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ვინაიდან გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა სმფ-ების ნაშთის მოწოდება, საბიუჯეტო ვალდებულება დღგ-ში გაანგარიშდა 2020 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სმფ-ების ნულოვანი ნაშთის დაშვების პირობით.

გადამხდელს არ აქვს აღრიცხული საწარმოში შემოსული/გასული ფულადი სახსრები. გამოვლინდა სხვაობა დეკლარირებულ და შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავლებს შორის. შემოწმების მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ შემოსავლებს შორის სხვაობა განხილულია დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 დეკემბრის №38226 ბრძანება და ამავე თარიღის №007-515 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7882 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 მარტის №7882 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 ნოემბრის დასკვნის საფუძველზე დარიცხვა შემცირდა სულ 333 415 ლარით, მათ შორის, გადასახადი 222 275 ლარით, ჯარიმა 111 140 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2021 წლის 30 ნოემბრის №007-449 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 2021 წლის 23 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 03.05.2022 წლის №11104 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, სმფ-ების ნაშთში გაითვალისწინოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში კომისიის წევრების მიერ მაღაზიებში (----------ში) დამატებით აღწერილი სმფ-ები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11104 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 305 555 ლარი, მათ შორის, გადასახადი 204 034 ლარი და ჯარიმა 101 521 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 თებერვლის №007-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

2023 წლის 21 თებერვლის №007-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 აპრილის №8027 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაუგებარია და ბუნდოვანია ის პრინციპი, რაც რევიზორს აქვს გამოყენებული ნაშთების გამოანგარიშებისას, ვინაიდან გამოანგარიშების დროს არ ეუბნება სასაქონლო/მატერიალური მარაგების საწყის ნაშთად რა რიცხვი აქვს აღებული, ასევე არ ეუბნება ამ პერიოდისთვის რა თანხის სასაქონლო/მატერიალური მარაგების შეძენა აქვს აღებული. ამასთანავე მეწარმის ვაჭრობის ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, არა აქვს სწორად ჩამოწერის პრინციპები, ანუ მარტო ზედნადებების რეალიზაციით არ განისაზღვრება ჩამოწერის პრინციპი, ასევე ---------- ბაზრობაზე კვირის დღეებსაც კი აქვს მნიშვნელობა რეალიზაციის განსაზღვრისთვის. ამდენი წელია დავა მიდის და მიუხედავად ამისა, შემოწმებისას გამოყენებული დაანგარიშებები და ციფრები დღემდე არ არის გამჭვირვალე, მაგალითად, ბოლო სადავო შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებელი სთავაზობს ერთგვარ პრინციპებს, და უცნობია, თუ რა მეთოდით გამოითვალა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ვერსად წაიკითხა, თუ რა ციფრი აიღო, მას რა გამოაკლო/დაუმატა და ა.შ., რის შემდეგაც მიიღო ის საბოლოო ციფრი, რომლის მიხედვითაც გამოთვალა ბოლო აქტით დარიცხული გადასახადები.

როგორც ბოლო ბრძანებაშია ნათქვამი: „გადაანგარიშების დროს გამოყენებულია შემდეგი პრინციპი: 22.10.2019 წლის მდგომარეობით ახლად განსაზღვრულ სმფ-ების ნაშთს დაემატა 22.10.2019-01.02.2020 პერიოდში მიღებული საქონელი, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, გამოაკლდა ასევე 22.10.2019-01.02.2020 პერიოდში ჩამოწერილი საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაც თავის მხრივ გაანგარიშებულია შემდეგნაირად: 01.01.2017-21.10.2019 პერიოდში (1 023 დღეში) საცალოდ ჩამოწერილია 819 534 ლარის საქონელი, 22.10.2019- 01.02.2020-ში (102 დღეში) კი ჩამოიწერებოდა 81714 ლარის საქონელი, რაზეც გავრცელებულია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი და გადამხდელის მიერ დადასტურებული ფასნამატი. ასევე დადგინდა, რომ 01.02.2020 მდგომარეობით გადამხდელს ნაშთად ერიცხება 787 576 ლარის თვითღირებულების საქონელი.“

აქაც გაუგებარია ამ ნაშთების დადგენისას რა თანხა იყო საწყის ნაშთად, რა თანხა იყო ნაღიარები საქონლის შეძენის და საერთოდ როგორ განსაზღვრა და ჩამოწერა საცალოდ რეალიზებული საქონელის თვითღირებულება.

მეწარმის მხრიდან კიდევ ერთხელ, ხელმეორედ მოხდა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციის და საქონელის შეძენის დათვლა, შესაბამისად 01.01.2017 წლის საწყის ნაშთად აღიარებული იქნა 2016 წლის წლიური დეკლარაციაში ნაჩვენები საბოლოო - ნაშთის მაჩვენებელი და შედეგი დადგა შემდეგი:

01.01.2017 წლის საწყისი ნაშთი მარაგების (დეკლარაციის თანახმად) იყო 758 100 ლარი, საქონელის შეძენა შესამოწმებელ პერიოდში 01.01.2017 წლიდან 01.02.2020 წლამდე იყო 1402400 ლარის ღირებულების (საბაჟო დეკლარაციების თანახმად), ანუ ჯამში 2160500 ლარის ღირებულების საქონლიდანაა რეალიზაცია და ჩამოწერა.

01.01.2017 წლიდან 01.02.2020 წლამდე (შესამოწმებელი პერიოდი) რეალიზებული საქონელის თვითღირებულების (ფასნამატის გათვალისწინებით) გამოკლების თანახმად, ნაშთი, სასაქონლო/მატერიალური მარაგებისა უნდა ყოფილიყო 1 355 700 ლარი. ნაშთი მარაგების, რეალურად იმ პერიოდისთვის იყო 1 150 800 ლარის, შესაბამისად დარღვევა მდგომარეობს სხვაობაში, დარღვევა ნაღიარებია მეწარმის მხრიდან წინა გასაჩივრების დროსაც (მხოლოდ რეალობასთან მიახლოებული).

მეწარმეს ერიცხება ნამდვილად მილიონზე მეტი ნაშთები, რატომ არის დაუჯერებელი ის ფაქტი, რომ მეწარმეს ჰქონდეს ნაშთები (შეძენების თანახმად, საბაჟო დეკლარაციების გათვალისწინებით), მითუმეტეს, რომ შემმოწმებელი ადგილზე საერთოდ არ ყოფილა და ფიზიკურად არც უნახავს მარაგები. თუ რევიზორის ლოგიკას და პრინციპებს მივყვებით, რომლითაც გამოუთვლია და დაუდგენია ნაშთად 787 576 ლარის მარაგები, მაშინ როცა მეწარმეს ნამდვილად ქონდა 1 150 800 ლარის მარაგები, არ უჯერებთ მეწარმეს და ერთპიროვნულად უჭერთ მხარს მხოლოდ ერთ მხარეს, მაშინ არსებობს ესეთი შეკითხვები:

1. ახლა, როცა 2023 წლის მარტის დეკლარაციაში აჩვენეს 2022 წლის საბოლოო ნაშთად, 1 224 000 ლარის მარაგები, აქაც შეიძლება გვითხრათ, რომ არ გვააქვს? ვინაიდან ბოლო წლებია + - დაახლოებით თანაბარი ღირებულების მარაგები აქვთ.

2. იმ დროს იყო 1 150 800 ლარის მარაგი, რევიზორი ამბობს 787 576 ლარის მარაგიაო (თვალითაც არ უნახავს, შორიდან დაუდგენია), სხვაობა 363 224 ლარის საქონელი, რომელიც რეალურად აქვს, შეუძლია თუ არა მისი რეალიზაცია ისე, რომ არ დაიბეგროს? ითხოვს განმარტებას რა უყოს ამ რეალურ ნაშთებს. ითხოვს მიეცეს ოფიციალური ნებართვა გააკეთოს მისი რეალიზაცია დაუბეგრავად. ჯერ იყო და პირველი აქტით სულ გაუნულა მარაგები ამ შემმოწმებელმა, და მომჩივანი მთელი ის პერიოდი ახდენდა რეალიზაციას ოფიციალურად, სასაცილო სიტუაციაში ჩააგდო, სატირელი რო არ იყოს, ახლა კიდე იმას უმტკიცებს ამდენი გაქვთ, ამდენის ნაცვლადო, არადა მეტი აქვს რეალურად. რა უყოს ამ რეალურად არსებულ ნაშთებს?

რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს: კატეგორიულად არ ეთანხმება, შემოწმების პერიოდში შეძენილია საქონელი, გადახდილია საბაჟო დღგ-ის თანხა, ასევე გადახდილია იჯარის გადასახადი და გაწეულია სხვადასხვა ტიპის ხარჯები, საიდან, რანაირად, როგორ უთვლით ამდენ თანხებს სახლში წაღებულად, წარმოუდგენელია, შეჩერებას და განადგურებას. ამ შედეგების დატოვება/დარიცხვა ნიშნავს გაკოტრებას, ეკონომიკური საქმიანობის

ყოველივეს გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სადავო აქტები დაუსაბუთებელია, კატეგორიულად მოითხოვს საბჭოზე დასწრებას, გასაგებია, რომ კანონმდებლობით არსებობს უფლება მეწარმის დაუსწრებლად განხილულ იქნას საკითხი, მაგრამ ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მომჩივნის თხოვნა, ვინაიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 03.05.2022 წლის №11104 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, სმფ-ების ნაშთში გაითვალისწინოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში კომისიის წევრების მიერ მაღაზიებში (----------ში) დამატებით აღწერილი სმფ-ები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11104 ბრძანების მიხედვით და სმფ-ების ნაშთში გათვალისწინებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში კომისიის წევრების მიერ მაღაზიებში (----------ში) დამატებით აღწერილი სმფ-ები. შესაბამისად, გადაანგარიშების დროს გამოყენებულია შემდეგი პრინციპი: 22.10.2019 წლის მდგომარეობით ახლად განსაზღვრულ სმფ-ების ნაშთს დაემატა 22.10.2019-01.02.2020 პერიოდში მიღებული საქონელი, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, გამოაკლდა ასევე 22.10.2019-01.02.2020 პერიოდში ჩამოწერილი საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაც თავის მხრივ გაანგარიშებულია შემდეგნაირად:

01.01.2017-21.10.2019 პერიოდში (1 023 დღეში) საცალოდ ჩამოწერილია 819 534 ლარის საქონელი,22.10.2019-01.02.2020-ში (102 დღეში) კი ჩამოიწერებოდა 81 714 ლარის საქონელი, რაზეც გავრცელებულია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი და გადამხდელის მიერ დადასტურებული ფასნამატი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11104 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე დადგინდა, რომ 01.02.2020 მდგომარეობით გადამხდელს ნაშთად ერიცხება 787 576 ლარის თვითღირებულების საქონელი. ასევე, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას დღგ-ში განხორციელებული კორექტირებიდან გამომდინარე.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 10 იანვარს (21-14/645) მონიტორინგის სამსახურმა გააკეთებინა ინვენტარიზაცია მეწარმეს. აღმოჩნდა დანაკლისი, აღიარა მეწარმემ დარღვევა და დაიბეგრა შესაბამისი კანონმდებლობით. ამ შემოწმებით დადგინდა, რომ მეწარმეს აქვს სასაქონლო - მატერიალური მარაგები, მეწარმეს აქვს დარღვევაც, რომელიც რეალობასთან ახლოსაა. ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიაში შიდა ძალებით ჩატარდა ინვენტარიზაციაც, რევიზიაც და გაკეთდა გადაანგარიშებაც. აღმოჩნდა დარღვევები, მხოლოდ არა იმ რაოდენობით, რაც ბოლო აქტშია დარიცხული.

მხარეთა არგუმენტების, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის მასალები ან სხვა მტკიცებულებები საბოლოო ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების/მტკიცებულებების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს 2023 წლის 12 აპრილის №8027 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს სადავო საკითხი ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატის თანხის განსაზღვრას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი: გადაანგარიშება განხორციელდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11104 ბრძანების მიხედვით და სმფ-ების ნაშთში გათვალისწინებულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის ფარგლებში კომისიის წევრების მიერ მაღაზიებში დამატებით აღწერილი სმფ-ები. შესაბამისად, გადაანგარიშების დროს გამოყენებულია შემდეგი პრინციპი: 22.10.2019 წლის მდგომარეობით ახლად განსაზღვრულ სმფ-ების ნაშთს დაემატა 22.10.2019-01.02.2020 პერიოდში მიღებული საქონელი, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, გამოაკლდა ასევე 22.10.2019-01.02.2020 პერიოდში ჩამოწერილი საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაც თავის მხრივ გაანგარიშებულია შემდეგნაირად: 01.01.2017-21.10.2019 პერიოდში (1 023 დღეში) საცალოდ ჩამოწერილია 819 534 ლარის საქონელი, 22.10.2019-01.02.2020-ში (102 დღეში) კი ჩამოიწერებოდა 81 714 ლარის საქონელი, რაზეც გავრცელებულია მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი და გადამხდელის მიერ დადასტურებული ფასნამატი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 მაისის №11104 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე დადგინდა, რომ 01.02.2020 მდგომარეობით გადამხდელს ნაშთად ერიცხება 787 576 ლარის თვითღირებულების საქონელი. ასევე, საშემოსავლო გადასახადში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას დღგ-ში განხორციელებული კორექტირებიდან გამომდინარე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინვენტარიზაციის მასალები ან სხვა მტკიცებულებები საბოლოო ნაშთის განსაზღვრასთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი მომჩივნის მიერ წარდგენილი მასალების/მტკიცებულებების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“)