გადაწყვეტილება №19302/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 19302/2/2023
8.06.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: :მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 8.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------------ 3.04.2023 და 17.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №19302/2/2023, №19706/2/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4968 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 7.02.2023 წლის №011-39 საგადასახადო სამართალდარღვევის
ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4968 ბრძანება;
3. მომსახურების დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №000-78 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9694 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 7 344.91 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 7 თებერვლის №011-39 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 30.07.2022 – 3.02.2023 წწ. პერიოდში. აღნიშნული ოქმით მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 7 344.91 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.03.2023 წლის №4968 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4968 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №011-39/1 ბრძანება და №000-78 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად უცვლელად დარჩა დაკისრებული ჯარიმა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.05.2023 წლის №9694 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4968 და 3.05.2023 წლის №9694 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
1. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე მუხლებზე და შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“, რომლითაც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმისგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
2. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების დანართი №2-ის მე3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4968 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2023 წლის იანვრის თვეში (იანვრის მიწურულს) გადასახადის გადამხდელის ბუღალტერი დააკავეს პირადი მიზეზების გამო და მხოლოდ ახალი ბუღალტერის მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2022 წლის 30 ივლისიდან უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. გადასახადის გადამხდელმა აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში მიმართა შემოსავლების სამსახურს დღგ-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე და აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ გაატარა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, კერძოდ: მან აღიარა შემოსავალი, დააზუსტა შესაბამისი თვის დღგ-ის დეკლარაციები (ივლისი - ----------, აგვისტო - ----------, სექტემბერი - ------------, ოქტომბერი - ------------, ნოემბერი - ------------, დეკემბერი - ------------, იანვარი - ------------ ). რის შედეგადაც წარმოეშვა ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 9 499,37 ლარი (ძირი თანხა), რაზეც დავალიანების თანხის გადახდის გრაფიკი შეუდგინეს. ასევე, აღნიშნავს, რომ 2021 წლის 20 მაისს, ფართში სადაც ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას და სადაც განთავსებული ჰქონდა ავეჯი, გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც მიადგა დიდი ზარალი (მტკიცებულების სახით საჩივარს თან ახლავს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“-ის მიერ მოწოდებული ცნობა და ასევე, ვიდეო - ხანძრის შედეგად ადგილზე არსებულ სიტუაციაზე).
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მან არათუ გადაწყვეტილების გამოტანამდე, არამედ ოქმის გამოცემამდე/შემოწმებამდე შეასწორა/დააზუსტა არსებული გაანგარიშება, რომლის მიხედვითაც არ უწევდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია არ უნდა დაეკისროს სანქცია, ვინაიდან იგი მოქმედებდა კანონმორჩილი გადამხდელის პრინციპით და სწორედ მისი დაზუსტების და გაანგარიშების შეცვლის შედეგად გახდა ცნობილი შემოსავლების სამსახურისთვის, აღნიშნული გარემოებების შესახებ. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონია არანაირი საფუძველი გადასახადის გადახდის თავის არიდებისთვის (სანქციების დარიცხვის მორალური პრინციპიც ისაა რომ გადასახადის გადამხდელმა პირნათლად გადაიხადოს გადასახადი).
გადასახადის გადამხდელისთვის, როდესაც ცნობილი გახდა აღნიშნული ვალდებულების შესახებ, არ მოერიდა და კეთილსინდისიერად იმოქმედა - დარეგისტრირდა გადასახადის გადამხდელად და შესაბამისი დეკლარაციების წარდგენით აღიარა დავალიანება ბიუჯეტის მიმართ იმ ფაქტების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს მიუხედავად ამდენი გამოწვევებისა არ აურიდებია თავი საგადასახადო ვალდებულებისთვის, მან შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ოქმის და ბრძანების გამოცემამდე დააზუსტა გაანგარიშებები და დადგა დღგ-ის გადამხდელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი თვლის, რომ არის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი. შესაბამისად, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დადგენილია, რომ მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 30.07.2022 – 3.02.2023 წწ. პერიოდში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 7 344.91 ლარით.
გადასახადის გადამხდელი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, აღნიშნავს, რომ დარღვევა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით და ითხოვს, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და დაავალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირება) განხორციელება.
მომსახურების დეპარტამენტის 17.03.2023 წლის №011-39/1 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს უარი ეთქვა დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს 7.02.2023 წლის №011-39 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4968 ბრძანების მიღების თარიღებში პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება გადასახადის ნაწილში.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტთან გაფორმებული აქვს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაც დასტურდება ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითაც (გრაფიკი არის მოქმედი 2023 წლის 6 თებერვლიდან 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით).
ამასთან, მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ მომჩივანმა 2.06.2023 წელს დააზუსტა 2023 წლის 1-2 თებერვლის დღგით დასაბეგრი შემოსავალი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მომსახურების დეპარტამენტის 7.02.2023 წლის №011-39 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დარიცხული სანქციის გადაანგარიშება. კერძოდ, განხორციელდა: დაკისრებული სანქციის კორექტირება, შემცირებას დაექვემდებარა 3 206.78 ლარი (ჯარიმა თანხით 4 138.13 ლარი ნაცვლად 7 344.91 ლარისა). აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 5.06.2023 წლის №000-165 საგადასახადო მოთხოვნა.
იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი პირადი განცხადების საფუძველზე დადგა დღგ-ის გადამხდელად და წარადგინა დღგ-ის დეკლარაციები, ასევე ვალის მართვის დეპარტამენტთან გაფორმებულია აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო მომჩივნის მიერ დაზუსტებული განცხადების საფუძველზე მოხდა სანქციის გადაანგარიშება, შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი
გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმის გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ჯარიმის თანხისაგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმის გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი
ჯარიმისგან;
3.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4968 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 30.07.2022 – 3.02.2023 წწ. პერიოდში.მომჩივანს შეეფარდა სანქცია - ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმის გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ჯარიმისგან.
დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
165(1);282(1);269(7);