ბრძანება N 19366

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19366
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19366

08 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 18 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 18 ივლისის №82397/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №081-98 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. განმარტავს, რომ მიღებულ სასაქონლო ზედნადებებსა და ანგარიშ-ფაქტურებში, რომლებიც ჩათვლიდან ამოღებული და გაუქმებულია, მითითებული ინერტული მასალის კეთილსინდისიერი შემძენია და დოკუმენტის მომწოდებელ კომპანიებთან გადახდილი აქვს შესაბამისი ღირებულების თანხები. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანია ვერ იქნებოდა ინფორმირებული მომწოდებელი კომპანიის პრობლემებზე აღნიშნული პროდუქციის წარმოშობის დოკუმენტების ნაწილში. შესაბამისად, ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 აგვისტოს №21721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 17 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ივნისის №13490 ბრძანება და 15 ივნისის №081-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 951 340 ლარი, მათ შორის, გადასახადი 333 520 ლარი, ჯარიმა 522 384 ლარი, საურავი 95 436 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „---“-ის საქმიანობის სახეა ქვიშა-ღორღის შესყიდვა და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით გაირკვა, რომ კომპანიის მიერ 2021 წელს შპს „---“-ზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები იყო ყალბი, ხოლო მასში განხორციელებული ოპერაციები უსაქონლო და ფიქტიური (დეკლარაციებში დასაბეგრ ბრუნვაში ასახულია მხოლოდ თანხის ნაწილი). შემოწმებით გაუქმდა ფიქტიური საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რამაც გამოიწვია დეკლარირებული გადასახადის შემცირება და გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 ასევე დადგინდა, რომ კომპანიას 2020 წელს შპს „---გან“ და შპს „---“-სგან მიღებული და ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები იყო ფიქტიური, ხოლო, მასში განხორციელებული ოპერაციები უსაქონლო. საგადასახდო შემოწმებით დაკორექტირდა კომპანიის დღგის ჩასათვლელი თანხები, კერძოდ, კომპანიის მიერ ფიქტიურ ოპერაციაზე მიღებული და ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა ჩათვლებიდან ამოღებას (გაუქმებას), რამაც გამოიწვია დღგ-ის დარიცხვა. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 კომპანიას შეძენილი ჰქონდა 3 133 მ 3 ინერტული მასალა, ხოლო რეალიზებული 118 808 მ 3 . საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ კომპანია უკანონოდ მოიპოვებდა ინერტულ მასალას. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმების მიერ ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული შეძენა ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო ყველა რეალიზაცია/გაწეული მომსახურება ანაზღაურებულად, აქედან გამომდინარე, კომპანიის შემოსავლისა და გასავლის გაანგარიშების შედეგად განისაზღვრა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული. ნაღდი ფულის სხვაობა კი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 კომპანიის სახელზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია არ ფიქსირდება. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ შეძენილი აქვს 3 133 მ 3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), ხოლო რეალიზებული აქვს 118 808 მ 3 . საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ კომპანია უკანონოდ მოიპოვებდა აღნიშნულ ინერტულ მასალას. გადამხდელმა არ წარმოადგინა მოსაკრებლის შესაბამისი გაანგარიშება და არ ჰქონდა გადახდილი ბუნებრივი მოსაკრებლის გადასახადი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას. შემოწმებამ კომპანიის მიერ მოპოვებული ინერტული მასალა გაიანგარიშა დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისად. რეალიზებულ ინერტულ მასალასა და შეძენილ ინერტულ მასალას შორის სხვაობა ჩაითვალა მოპოვებულად რეალიზაციამდე პერიოდში და დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება უსაქონლო ოპერაციების ან ფიქტიური გარიგებების მიხედვით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით. ამასთანავე, მიღებული დღგ-ის ჩათვლა მყიდველისათვის უქმდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება - იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა - იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი/ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენს ფიქტიური გარიგებების შედეგს, რის შედეგადაც საგადასახადო შემოწმებით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე, 282-ე მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულბებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს რეალიზებული ჰქონდა უფრო მეტი ინერტული მასალა ვიდრე შეძენილი. ხოლო, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანია უკანონოდ მოიპოვებდა ინერტულ მასალას.

ვინაიდან გადამხდელს არ წარმოუდგენია კომპანიის სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად, შემოწმების მიერ ნაღდი ფულის მოძრაობა გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული შეძენა ჩაითვალა ანაზღაურებულად, ხოლო ყველა რეალიზაცია/გაწეული მომსახურება ანაზღაურებულად. კომპანიის შემოსავლისა და გასავლის გაანგარიშების შედეგად განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დარიცხულ მოსაკრებელთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია პირი, რომლის საქმიანობა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ლიცენზირებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ობიექტია საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) არსებული ბუნებრივი რესურსების მოცულობა (რაოდენობა), კერძოდ სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა (რაოდენობა).

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება სასარგებლო წიაღისეულის ძირითადი სახეობებისა და მოცულობის (რაოდენობის) მიხედვით, კერძოდ, ქვიშა-ხრეში - 0,2 ლარი. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება არა უგვიანეს საანგარიშოს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, გარდა შემდეგი ბუნებრივი რესურსებისა: სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის - სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში - 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, - ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 106-ე მუხლის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გაანგარიშებას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს №VI-12 დანართის ფორმით. ხოლო, ამავე ინსტრუქციის 107-ე მუხლით განსაზღვრულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების შევსების წესი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია არ ფიქსირდება. ხოლო, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ შეძენილი აქვს 3 133 მ 3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში), ხოლო რეალიზებული აქვს 118 808 მ 3 .

საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპანია უკანონოდ მოიპოვებდა აღნიშნულ ინერტულ მასალას. გადამხდელმა არ წარმოადგინა მოსაკრებლის შესაბამისი გაანგარიშება და არ ჰქონდა გადახდილი ბუნებრივი მოსაკრებლის გადასახადი. შემოწმებამ კომპანიის მიერ მოპოვებული ინერტული მასალა გაიანგარიშა დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისად. რეალიზებულ ინერტულ მასალასა და შეძენილ ინერტულ მასალას შორის სხვაობა ჩაითვალა მოპოვებულად რეალიზაციამდე პერიოდში და დაერიცხა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 აგვისტოს №21721 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 15 მარტიდან 2022 წლის 17 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ივნისის №13490 ბრძანება და 15 ივნისის №081-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 951 340 ლარი, მათ შორის, გადასახადი 333 520 ლარი, ჯარიმა 522 384 ლარი, საურავი 95 436 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2 (2); 158; 159; 174; 175; 176; 43 (4); 270; 280; 282; 136 (3); 49 (1); 61 (3); 73 (4, 5, 9); 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161; 175; 173; 174.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.