გადაწყვეტილება №20968/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20968/2/2023
05 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ----- (ს/ნ -----)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------ს 3.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20968/2/2023).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №CB1496441 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22778 ბრძანება.
დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №CB1496441 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი -----), გადამოწმების დროს (20.07.2023 წ. 18:52 სთ) გამოვლინდა 1 424 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის (ფიცარი 0.71 მ 3 X 800 ლარი) და წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალის (ძელაკი 1.07 მ 3 X 800 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.09.2023 წლის №22778 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ არის ინდ. მეწარმე და ოჯახის წევრებთან ერთად ეწევა ხის ნაკეთობების (სამზარეულო, მაგიდა, კარადა, ფანჯარა) დამზადებასა და რეალიზაციას. 2023 წლის 20 ივლისს ახდენდა ხის მასალის გადაადგილებას: ------, -----ს №---დან -----ს რ-ნი, სოფ. -----ს მიმართულებით. მანქანაზე განთავსებული იყო წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა: ფიცარი 0,71 მ 3 და წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალა ძელაკი 1,07 მ 3 . შესაბამისი სამსახურების მიერ გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ გაწერილი იყო კაკლისა და წაბლის ჯიშის მასალა. აღნიშნული გამოწვეული იყო მისი დაუდევრობით, ამასთან ხე-ტყის აღრიცხვის არსებული სისტემა იყო ახალი დანერგილი და შეტყობინების გაწერის დროს ყურადღება არ მიაქცია ხე-მასალის ჯიშზე, რამაც გამოიწვია აღნიშნული შეცდომა.
ითხოვს, დარიცხული ჯარიმის 5 000 ლარის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.
შემოსავლების სამსახურის 11.01.2023 წლის №102202-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------, რა დროსაც დადგინდა, რომ მომჩივანი ახდენდა საკუთარი სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1 424 ლარის საბაზრო ღირებულების: ფიცარი 0.71 მ 3 და ძელაკი 1.07 მ 3 ) დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს 2023 წლის 25 ივლისის №DES 4 23 00054686 წერილიდან ირკვევა, რომ სამმართველოს თამამშრომლების მიერ გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სახელმწიფო ნომრით -----, რომელიც დატვირთული იყო წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის-მასალით. ავტომობილზე გააქტიურებული იყო ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ელ-ზედნადები №0754753354 კაკლისა და წაბლის სახეობის ფიცარზე.
მომჩივანი განმარტავს, რომ დაუშვა შეცდომა, რაც გამოწვეული იყო მისი დაუდევრობით, ამასთან ხე-ტყის აღრიცხვის არსებული სისტემა იყო ახალი დანერგილი და ზედნადების გაწერის დროს ყურადღება არ მიაქცია ხე-მასალის ჯიშზე, რამაც გამოიწვია აღნიშნული შეცდომა. ითხოვს, დარიცხული ჯარიმის 5 000 ლარის მოხსნას.
მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.08.2023 წლის №CB1496441 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს გამოვლინდა 1 424 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - წიწვოვანი ჯიშის ხის მასალის (ფიცარი 0.71 მ 3 X 800 ლარი) და წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხის მასალის (ძელაკი 1.07 მ 3 X 800 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მომჩივნის სანქციისგან გათავისუფლების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(12).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N994 და N 996 ბრძანებები.