ბრძანება N 7048

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2023
№ დოკუმენტი 7048
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 7048

03.04.2023

ი/მ ,,------’’ (ს/ნ ------)

(მის: -------------------)

2022 წლის 16 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტის სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა ი/მ ,,------’’ (ს/ნ ------) 2022 წლის 16 ნოემბრის №76474/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 ოქტომბრის №035-12 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას;

2. არ ეთანხმება შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ოდენობას და აცახდებს, რომ შემოსავალი უნდა განსაზღვრულიყო ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით, შესაბამისი სახეობის საქონლის მიხედვით ყოველთვიური სარეალიზაციო ფასის გამოყენებით;

3. არ ეთანხმება გამოვლენილი დანაკლისის მიწოდებად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმება არ იყო უფლებამოსილი, არაპირდაპირი მეთოდით გაეანგარიშებინა დანაკლისი. ამასთან, დანაკლისის დაბეგვრა უნდა განეხორციელებინა მეწარმეს შესაბამისი დეკლარაციით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3228 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ,,----“(ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 21 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 18 ოქტომბრის №26393 ბრძანება და ამავე თარიღის №035-12 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 152 116 ლარი, მათ შორის, გადასახადი 86 308 ლარი, ჯარიმა 41 315 ლარი, საურავი 24 493 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს „------“ ტერიტორიაზე იჯარით აღებულ ფართში ქალისა და ბავშვის ტანსაცმლით, სპორტული ფეხსაცმლითა და აქსესუარებით საცალო ვაჭრობა. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მეწარმე პროგრამულად ახორციელებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერას ინდივიდუალურად შესაბამის პერიოდში თვითღირებულებით, თუმცა ვერ ხდება აღნიშნული ჩამოწერის დაკავშირება შესაბამის რეალიზაციასთან. საქონლის მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს მეწარმე პროგრამაში აღრიცხავს ჯამურად ყოველი თვის ბოლოს, ამდენად, ვერ ხერხდება რეალიზაციის გაშიფვრა საქონლის ჭრილში, ასევე, ფასნამატის და შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10586 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგინდა სხვაობა სმფ-ების ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 131 507 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (28 ჯგუფი), რომელზეც გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი (მათ შორის, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე. მეწარმეს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაციაა პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა, ხოლო 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი აღრიცხვას ახორციელებს ბუღალტრულ პროგრამაში „ინფო ბუღალტერი“. წარმოდგენილი სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, ვინაიდან, მეწარმე პროგრამულად ახორციელებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერას ინდივიდუალურად შესაბამის პერიოდში, შესაბამისი თვითღირებულებით, თუმცა არ ხდება აღნიშნული ჩამოწერის დაკავშირება შესაბამის რეალიზაციასთან. ამასთან, საქონლის მიწოდებიდან მიღებულ შემოსავალს გადამხდელი პროგრამაში აღრიცხავს ჯამურად, ყოველი თვის ბოლოს, შესაბამისად, რეალიზაციის გაშიფვრა საქონლის ჭრილში და ფასნამატის დადგენა ვერ ხერხდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს და ინვენტარიზაციით დადგენილი სმფ-ების ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობის მიწოდებად განხილვას, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით 28 ჯგუფად, რომლებზეც გავრცელდა შესაბამისი სახეობის ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი, მათ შორის, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 27 აპრილის №10586 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობა ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის 101 785 ლარის თვითღირებულებით. შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა შესამოწმებელ პერიოდში შესაბამისი პროპორციების მიხედვით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----“ (ს/ნ ------ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას, შემოწმების მიერ გამოყენებული ფასნამატის ოდენობას, არაპირდაპირი მეთოდით დანაკლისის გაანგარიშების საკითხს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და დადგინდა სხვაობა სმფ-ების ფაქტობრივ და ბუღალტრულ ნაშთს შორის. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, მეწარმის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით (28 ჯგუფი), რომელზეც გავრცელდა შესაბამისი ჯგუფის დოკუმენტური ფასნამატი (მათ შორის, ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე. მეწარმეს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1); 49 1(ე); 8(22); 61 (3); 73 5 (ა); 100 3 (ბ); 102 1 (ა); 102 1 (ა); 2 (2); 160; 161 1 (ა.ა); 171 (1); 159 1 (ა,ბ); 163 (1); 164 (1); 168 (1); 43 (4).