ბრძანება N 33864

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 33864
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33864

29 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "------"-ის (ს/ნ "------")

(მის.: "------")

2023 წლის 10 და 24 ნოემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №134) განიხილა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") 2023 წლის 10 ნოემბრის №190784/21-11 და 24 ნოემბრის №199364/21-11 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №081-251 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მასსა და "-----"-ს შორის 2021 წლის 20 ივლისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით ჰქონდა 2022 წლის 20 იანვრის ჩათვლით და ამ თარიღის მდგომარეობით მას 43 600 დოლარიდან 35 000 დოლარი გადახდილი ჰქონდა. აღნიშნავს, რომ შემოწმებამ ბინის რეალიზაციად ჩათვალა ხელშეკრულების გაფორმების მომენტი და არა ბინის ფაქტობრივად გადაცემის მომენტი, შესაბამისად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა არასწორად.

ასევე, გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ შემოსავლები არაპირდაპირი მეთოდით არასწორად განსაზღვრა. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა კალკულაციები და მზა პროდუქციის ფასები, რომელიც იცვლებოდა და იზრდებოდა მუდმივად. საჩივრის დანართად წარმოდგენილია რეალიზებული პროდუქციის გაანგარიშების ცხრილები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №19200 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 11 ოქტომბრის №25185 ბრძანება და ამავე თარიღის №081-251 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 251 791 ლარი, მათ შორის, გადასახადი 161 747 ლარი, ჯარიმა 53 969 ლარი, საურავი 36 075 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენდა სარესტორნო მომსახურება. გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მის მიერ რესტორანში წარმოებული კერძების კალკულაციები, სადაც დაფიქსირებული ჰქონდა აგრეთვე მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, გარდა ამისა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იყო შესყიდვის აქტები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს, გარდა სარესტორნო მომსახურებისა, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ბინების შეძენა-რეალიზაცია ყიდვა-გამოსყიდვის უფლებით. 2021 წლის ივლისის თვეში უფიქსირდებოდა ბინის (ს/კ "-------") რეალიზაცია გამოსყიდვის უფლებით საერთო თანხით 135 160 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ არ იყო გამოსყიდული და საკუთრების უფლება გადავიდა ახალ მესაკუთრეზე. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, მეწარმის მიერ სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლით, თავად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად, წარმოებულ იქნა მზა პროდუქცია (კერძები), რომელზეც სარეალიზაციო თანხად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული სარეალიზაციო ფასები. გარდა ზემოაღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შეძენილი ჰქონდა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, რომლებიც შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით (გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციები).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმების მიერ მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგინდა 2021 წლის 20 ივლისი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად:

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.

2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.

3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში. ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით აღწერილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მის მიერ რესტორანში წარმოებული კერძების კალკულაციები, სადაც დაფიქსირებული ჰქონდა აგრეთვე მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, გარდა ამისა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იყო შესყიდვის აქტები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი. ამასთან, გარდა სარესტორნო მომსახურებისა, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის ივლისის თვეში უფიქსირდებოდა ბინის რეალიზაცია გამოსყიდვის უფლებით საერთო თანხით 135 160 ლარი, რომელიც მის მიერ არ იყო გამოსყიდული და საკუთრების უფლება გადავიდა ახალ მესაკუთრეზე. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და პირის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. შესაბამისად, დადგინდა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი 2021 წლის 20 ივლისი, მეწარმეს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მეწარმის მიერ რეალიზებული ბინის დღგ-ით დაბეგვრა ხელშეკრულების გაფორმების მომენტში და შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა მართლზომიერია.

მეწარმის მიერ გაწეულ სარესტორნო მომსახურებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, რომლის თანახმად, მომჩივანმა შემოწმებას წარუდგინა კალკულაციები და მზა პროდუქციის ფასები, რომელიც იცვლებოდა და იზრდებოდა მუდმივად. გადასახადის გადამხდელმა საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებად წარმოადგინა რეალიზებული პროდუქციის გაანგარიშების ცხრილები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სარესტორნო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, სარესტორნო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ასევე, გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმებამ შემოსავლები არაპირდაპირი მეთოდით არასწორად განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის საქმიანობის ძირითად სახეს წარმოადგენდა სარესტორნო მომსახურება.გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა.

მეწარმის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა მის მიერ რესტორანში წარმოებული კერძების კალკულაციები, სადაც დაფიქსირებული ჰქონდა აგრეთვე მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები, გარდა ამისა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილი იყო შესყიდვის აქტები და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი.

გადამხდელს, გარდა სარესტორნო მომსახურებისა, შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ბინების შეძენა-რეალიზაცია ყიდვა-გამოსყიდვის უფლებით. 2021 წლის ივლისის თვეში უფიქსირდებოდა ბინის რეალიზაცია გამოსყიდვის უფლებით საერთო თანხით,რომელიც მის მიერ არ იყო გამოსყიდული და საკუთრების უფლება გადავიდა ახალ მესაკუთრეზე.

მეწარმის მიერ სასაქონლო ზედნადებებითა და შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონლით, თავად გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციების შესაბამისად, წარმოებულ იქნა მზა პროდუქცია,რომელზეც სარეალიზაციო თანხად ჩაითვალა გადამხდელის მიერ მოწოდებული სარეალიზაციო ფასები. გარდა ზემოაღნიშნულისა, გადამხდელს შეძენილი ჰქონდა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, რომლებიც შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა რეალიზებულად აუდირებული ფასნამატით.

შემოწმების მიერ მეწარმის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის სავალდებულო თარიღად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგინდა 2021 წლის 20 ივლისი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლები დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, მეწარმეს დაერიცხა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სარესტორნო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),92,158,159,163,164,168,282.